№ას-181-174-2013 7 მაისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. ბ-ის განცხადება საქმეზე მ. ბ-ის სარჩელის გამო მოპასუხე შპს „ზ. ს-ის“ მიმართ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი მოპასუხე შპს „ზ. ს-ის“ მიმართ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ბ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის განჩინებით მ. ბ-ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
2013 წლია 26 აპრილს მ. ბ-მა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი 50 ლარის ოდენობით და მოითხოვა მისი კერძო საჩივრის წარმოებაში მიღება.
საკასაციო პალატამ შეისწავლა მ. ბ-ის განცხადება და მიაჩნია, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგე გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
განსახილველ შემთხვევაში მ. ბ-მა სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარმოადგინა 2013 წლის 26 აპრილს, ე.ი. სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
განმცხადებელი უთითებს, რომ სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ მან შეცდომით გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ანგარიშზე, ვინაიდან განმცხადებელმა არ იცოდა ზუსტი ანგარიში.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მ. ბ-ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად არა იმ საფუძვლით, რომ მან შეცდომით შეიტანა სახელმწიფო ბაჟი სხვა ანგარიშზე არამედ იმიტომ, რომ მან არ წარმოადგინა უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითარი. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მ. ბ-მა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით სწორად გადაიხადა სახელმწიფო ხაზინის ზუგდიდის ანგარიშზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ, მ. ბ-ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად და განცხადების ავტორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ბ-ის განცხადება დარჩეს განუხილველად.
2. მ. ბ-ს (პირადი ნომერი №...) დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 9 მარტს №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.ზუგდიდი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300343150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეიმურაზ თოდრია