№ას-1455-1373-2012 2 მაისი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ვ. დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ. ო. ა. ჯ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების: ე. დ-ის, ვ. დ-სა და ი. ვ-ის სარჩელი მოპასუხე შპს „მ. ო. ა. ჯ-ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ვ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ:
ამავე სასამართლოს 2012 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ვ. დ-ს, მისი განცხადების საფუძველზე, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით, კერძოდ, მას დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1014 ლარის ოდენობით და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა;
2012 წლის 15 ოქტომბერს, ვ. დ-მა კვლავ მიმართა განცხადებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება კიდევ 5 დღით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. აქვე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოხმობილი ნორმის დანაწესი იმპერატიული არ არის და არ ავალდებულებს სასამართლოს ყველა შემთხვევაში გააგრძელოს მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის მოთხოვნაზე, სასამართლოს შეხედულებასა და საქმეში მითითებულ გარემოებებზე, თუ რამდენად წარმოადგენენ ისინი საპროცესო ვადის გაგრძელების საფუძველს.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ვ. დ-ის ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება, ვინაიდან აპელანტს ერთხელ უკვე გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა მისივე მოთხოვნის საფუძველზე და მისი მხრიდან არ ყოფილა მცდელობა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟის ნაწილი მაინც, რაც ამ ეტაპზე შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, ემსჯელა საპროცესო ვადის დადებითად გადაწყვეტაზე. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ზემოხსენებული შუამდგომლობა დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან აპელანტს არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამდენად, საქმის მასალებით დადასტურდა, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი – არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, რაც სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას განაპირობებდა.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. დ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
კერძო საჩივრის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით ვ. დ-მა ორჯერ მიმართა განცხადებით სასამართლოს. ორივე შემთხვევაში განცხადება ერთნაირად იქნა დასაბუთებული, კერძოდ, მათში მიეთითა იმაზე, რომ აპელანტს რეალურად არ გააჩნდა ბაჟის სახით გადასახდელი თანხა და მათ მოძიებამდე იგი შუამდგომლობდა ამ ვადის გაგრძელებაზე. კერძო საჩივრის ავტორისათვის გაუგებარია, სხვაგვარად როგორ უნდა დაესაბუთებინა თანხის უქონლობა. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება გაუქმებას ექვემდებარება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. დ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ვ. დ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოსათვის წარედგინა 1014 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. მასვე განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუსვებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (ტომი 2, ს.ფ. 2-3).
2012 წლის 24 სექტემბერს, ვ. დ-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს. განმცხადებელმა ითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის 5 დღით გაგრძელება, რადგან მოცემულ ეტაპზე იგი ვერ ახერხებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდას (ტომი 2, ს.ფ. 14).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ვ. დ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად – სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდა 5 დღით (ტომი 2, ს.ფ. 18-19).
2012 წლის 15 ოქტომბერს, ვ. დ-მა ახალი განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება კიდევ 5 დღით. აქვე, განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მითითებულ პერიოდში ელოდებოდა თანხების აღებას და შესაბამისად, ხარვეზს სრულად შეავსებდა (ტომი 2, ს.ფ. 22).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ვ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო (ს.ფ. 208-211).
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა განცხადებაში მის მიერ მითითებული გარემოებები და გაეგრძელებინა ხარვეზის შევსების ვადა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, რომ მხარეთა თხოვნის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გააგრძელოს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად მის მიერ დანიშნული ვადა. კანონის აღნიშნული დანაწესი არ არის იმპერატიული, რაც იმას ნიშნავს, რომ მოცემული საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება რიგი ფაქტორები, მათ შორის, მხარის თხოვნის დასაბუთებულობა, საქმის ცალკეული გარემოებები და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც სასამართლოს შეუქმნის საფუძვლიან რწმენას, რომ მიზანშეწონილია სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გარკვეული დროით გაგრძელება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად მის მიერ დანიშნული ვადის გაგრძელების საფუძველი. ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის მიმართ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების საფუძვლის არსებობას დაასაბუთებს. მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა (კერძო საჩივრის ავტორმა) ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოებების დასაბუთება შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მას სასამართლოსათვის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია შუამდგომლობაში მითითებული გარემოების დასადასტურებლად და მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლა, რაც არ არის საკმარისი აღნიშნული გარემოების დადასტურებულად მიჩნევისათვის. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სააპელაციო სასამართლომ აპელანტს მისი თხოვნის საფუძველზე ერთხელ უკვე გაუგრძელა ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისად უთხრა უარი აპელანტს საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე და მართებულად დატოვა განუხილველად მისი სააპელაციო საჩივარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე