Facebook Twitter

№ას-1536-1439-2012 2 მაისი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ი-ო“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ყადაღისაგან გათავისუფლდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ დ.ნ-ის მიერ 2011 წლის 13 ოქტომბერს შედგენილი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული, მოსარჩელე ე. ა-ის კუთვნილი ნივთები: ა. ყავისფერი კუთხის სავარძელი; ბ. 2 ცალი საძინებლის მოკლე ტუმბო; გ. გრძელი ტუმბო; დ. სარკიანი „ტრილიაჟი“; ე. ღია ყავისფერი ნაჭრის სამეული; ვ. გასაშლელი მაგიდა; ზ. 6 ცალი სკამი; თ. კედლის სურათი ბუნების და ჩანჩქერის გამოსახულებით; ი. გასაშლელი მაგიდა; კ. სამზარეულოს გარნიტური.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ი-ომ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ი-ოს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის – ე. ა-ის მიერ სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობის გამო. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ე. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება ე. ა-მა საჩივრით გაასაჩივრა და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ე. ა-ის საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

მითითებულ განჩინებაზე ე. ა-მა შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო საჩივარზე მის მიერ შესაგებლის დროულად წარუდგენლობა გამოწვეული იყო მისი ავადმყოფობითა და სხვა რიგი მიზეზებით, მან გადაიტანა მსუბუქი სახის ინსულტი, ამას დაერთო მისი ორი შვილის ავადმყოფობაც. დასახელებულ გარემოებებზე მიეთითა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარში, რაც ასაბუთებს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან საპროცესო ვადების გაშვების საპატიოობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 236-ე თანახმად, მხარეს, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, აგრეთვე მოპასუხეს ამ კოდექსის 2321 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეუძლიათ ასეთი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში შეიტანონ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ. ამავე კოდექსის 237-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი 2012 წლის 16 ოქტომბერს ჩაბარდა ე. ა-ის ოჯახის წევრს, დედამთილს მზია ასათიანს (იხ. ტომი 2, ს.ფ. 34-35), შესაბამისად, სასამართლო გზავნილი ე.ა-ისათვის ჩაბარებულად ითვლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, საჩივრის შეტანის 10-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2012 წლის 17 ოქტომბრიდან და დასრულდა 2012 წლის 26 ოქტომბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე – პარასკევი. დროის აღნიშნულ მონაკვეთში აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს საჩივარი არ წარუდგენია, მან თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა დაგვიანებით, 2012 წლის 29 ოქტომბერს (ტომი 2, ს.ფ. 38-42).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სწორად დატოვა განუხილველად ე. ა-ის საჩივარი, ვინაიდან ამ უკანასკნელმა საჩივარი წარადგინა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე, ვინაიდან საპროცესო კანონმდებლობა ასეთ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. მოცემულ შემთხვევაში, სჩივრის შეტანის ვადა კანონითაა განსაზღვრული, ამიტომ ამ ვადის აღდგენა დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე