Facebook Twitter

საქმე №ას-234-226-2013 1 მაისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. ო-ა (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორები – ა. ო-ა, ნ. და მ. ნ-ები (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 თებერვლის განჩინება

მოწინააღმდეგე მხარე – შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „თბილმიკროკრედიტი“ (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში – მოპასუხე)

კერძო საჩივრების ავტორთა მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „თ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ო-ას, მ., ნ. და ნ. ნ-ებისა და ბ. ჟ-ის მიმართ ბ. ჟ-ისათვის 58951.2 აშშ დოლარის (სესხის ძირითადი თანხის – 33000 აშშ დოლარის, ხოლო სარგებლის – 6600 აშშ დოლარის), პირგასამტეხლოს – ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილებიდან, 2009 წლის 30 აპრილიდან სარჩელის აღძვრის დღემდე, 2011 წლის 13 მაისამდე – 19351.20 აშშ დოლარისა და სარჩელის აღძვრის დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 39600 აშშ დოლარის წლიური 24 %-ის ანაზღაურების, ასევე იპოთეკით დატვირთული მოპასუხეების უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის შესახებ.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, ხოლო ა. ო-ამ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „თ-სა“ და ბ. ჟ-ის მიმართ იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბ. ჟ-ს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „თ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 58 951.2 აშშ დოლარის გადახდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციაზე, ა. ო-ას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2008 წლის 30 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება იმ ნაწილში, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ა. ო-ას, მ., ნ. და ნ. ნ-ების კუთვნილი ქ.თბილისში, ბ-ის ქუჩა №25-ში მდებარე 79.22 კვ.მ უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №....

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „თ-მა“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა ა. ო-ას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისა და შპს მ. „თ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, შპს მ. „თ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბ. ჟ-ისათვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით, დადგინდა ა. ო-ას, მ., ნ. და ნ. ნ-ების კუთვნილი ქ.თბილისში, ბ-ის ქუჩა N25-ში მდებარე 79,22 კვ.მ-ის რეალიზაცია საკადასტრო კოდით ..., ასევე გაუქმდა გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივლისის განჩინებით სააპელაციო პალატის ზემოხსენებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, ხოლო ა. ო-ას უარი ეთქვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „თ-მა“ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტებსა და მის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებლო ფურცელში უსწორობის გასწორება – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების ნაცვლად, 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების მითითება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „თ-ის“ განცხადება დაკმაყოფილდა, შესწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტებსა და მის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული შეცდომა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „დაკმაყოფილდეს შპს მ. „თ-ის“ სარჩელი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით ბ. ჟ-ისათვის დაკისრებული თანხების გადახდევინების მიზნით დადგინდა ა. ო-ას, მ. ნ-ის, ნ. ნ-ისა და ნ. ნ-ის კუთვნილი შემდეგი უძრავი ქონების რეალიზაცია: 79,22 კვ.მ ფართი მდებარე თბილისში, ბ-ის ქუჩა N25–ში, საკადასტრო კოდი ...; გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტი, რომლითაც გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.“

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და გაიზიარა განმცხადებლის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო განჩინებასა და სააღსრულებო ფურცელში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების ნაცვლად, არასწორად მიეთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება, რაც უნდა გასწორდეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ა. ო-ამ, ნ., ნ. და მ. ნ-ებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტების შეცვლით უსწორობა ან არითმეტიკული კი არ შეასწორა, არამედ დაინტერესებულ პირთა დასწრების გარეშე იმსჯელა საქმისათვის მეტად მნიშვნელოვან გარემოებაზე და მიიღო ახალი შინაარსის გადაწყვეტილება, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე და 372-ე მუხლები. სასამართლო ვალდებული იყო, მოცემული საკითხი გადაეწყვიტა სხდომაზე და მოეწვია მხარეები.

სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ ა. ო-ამ, ნ., ნ. და მ. ნ-ები წარმოადგენენ დაზარალებულებს. სისხლის სამართლის წესით მიმდინარე საქმეზე დადგენიდა, რომ ბ. ჟ-მა თაღლითურად მოატყუა ისინი და სადავო უძრავი ნივთი იპოთეკით მათ ნებართვის გარეშე დატვირთა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებით გასწორდა ამავე სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტები და ჩანაწერი – „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება“ შეიცვალა „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით“ შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2013 წლის 31 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, რის შედეგადაც 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების ნაცვლად, მითითებულ იქნა 2011 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით და საკუთარი ინიციატივით გაასწორა ზემოხსენებული შეცდომა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებულ განჩინებაზეც ა. ო-ამ, ნ., მ. და ნ. ნ-ებმა კვლავ შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება იმავე საფუძვლებით. მათ განმარტეს, რომ სასამართლომ განმეორებით განიხილა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებანი მხარეთა მიწვევის გარეშე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 მარტის განჩინებით ნ., ნ. და მ. ნ-ების კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად. ამავე პალატის 2013 წლის 24 აპრილის განჩინებით კი, ნ. ნ-ის კერძო საჩივარი სააპელაციო პალატის 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებაზე დარჩა განუხილველად ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ო-ას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაზე, ასევე ა. ო-ას, ნ. და მ. ნ-ების კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტებში, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ამოწერილ სააღსრულებო ფურცელში, ასევე ამავე სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაში დაშვებულ იქნა უსწორობა, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების ნაცვლად, არასწორად მიეთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზემოხსენებული საკითხი და გაასწორა უსწორობა.

საკასაციო სასამართლო სრულიად ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებებს და მიიჩნევს, რომ მათი მეშვეობით სააპელაციო პალატამ დასახელებულ გადაწყვეტილებაში, სააღსრულებო ფურცელსა და განჩინებაში დაშვებული უსწორობა სავსებით კანონიერად გაასწორა შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი ითვალისწინებს სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების შედგენისას გარკვეული არითმეტიკული ან ტექნიკური ხასიათის შეცდომის დაშვების შესაძლებლობას და უფლებას აძლევს სასამართლოს, საკუთარი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოასწოროს ასეთი უზუსტობები.

ამასთან, სასამართლო თავად წყვეტს, შეცდომის გასწორების საკითხი განიხილოს მხარეთა დასწრებით, სასამართლო სხდომაზე თუ მათ დაუსწრებლად, ზეპირი მოსმენის გარეშე.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების განსახილველად სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიწვევის საჭიროება არ არსებობდა, რის გამოც, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, აღნიშნული საკითხი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ამდენად, გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორთა მითითება, რომ სადავო უსწორობის გასწორების განხილვის შესახებ სასამართლოს დაინტერესებული პირებისათვის არ შეუტყობინებია და ისინი პროცესზე არ მიუწვევია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს იმასთან დაკავშირებითაც, რომ გასაჩივრებული განჩინებებით სააპელაციო პალატამ არითმეტიკული ან ტექნიკური სახის შეცდომა კი არ გაასწორა, არამედ მიიღო შინაარსობრივად ახალი გადაწყვეტილება.

სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული არგუმენტის დასასაბუთებლად მხარეს არ მიუთითებია, თუ რაში მდგომარეობს არსებითი ხასიათი განსხვავება შესასწორებელ და უკვე შესწორებულ გადაწყვეტილებებს შორის.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ცვლილება შეეხო მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს თარიღს და, ნაცვლად „მაისისა“, სავსებით მართებულად მიეთითა „ივნისი“, რაც ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს აღსასრულებელი გადაწყვეტილების შინაარსზე და მის საფუძველზე წარმოშობილ ვალდებულებებზე.

რაც შეეხება კერძო საჩივრების მითითებას დავის არსებით საკითხებზე, როგორიცაა ის ფაქტი, რომ ა. ო-ა, მ., ნ. და ნ. ნ-ები არიან დაზარალებულები, სადავო იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო მათი ნებართვის გარეშე და სხვა, საკასაციო სასამართლო აღნიშნულზე ვერ იმსჯელებს, რადგან მოცემულ საქმეზე წარმოება დასრულებულია და სასამართლო გადაწყვეტილებები შესულია კანონიერ ძალაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივრები დაუსაბუთებელია და სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ო-ას, ნ. და მ. ნ-ების კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრისა და 19 თებერვლის განჩინებები დარჩეს უცვლელად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე