№ ას-1-453-06 24 მაისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და
გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. ე-ე
წარმომადგენელი – ლ. ო-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ს-ე, ნ. ნ-ე, ქუთაისის №2 სანოტარო ბიუროს ნოტარიუსი ე. გ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2003 წლის 25 ივნისს ნ. ე-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ნ. ნ-ის, ი. და მ. ს-ის, ქუთაისის №2 სანოტარო ბიუროს წინააღმდეგ და მოითხოვა ნ. ნ-სა და ი. ს-ეს შორის დადებული მოჩვენებითი გარიგების ბათილად ცნობა, ქუთაისის მერიის ტექაღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის, ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს საჯარო რეესტრისა და ქუთაისის №2 სანოტარო ბიუროს მიერ ქ.ქუთაისში, თ-ის ქ. №91-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ი. ს-სა და ნ. ნ-ის სახელზე გადაფორმების შესახებ შესრულებული ჩანაწერის ბათილად ცნობა. მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 1998 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი ი. და მ. ს-ის ბინიდან გამოსახლების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით ი. ს-ის შეგებებული სარჩელი, ნ. ე-ის მიერ 1996 წლის 26 იანვარს შეძენილ სახლზე ქუთაისის №1 სანოტარო ბიუროს მიერ გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, დაკმაყოფილდა და აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა, კერძოდ, სადავო სახლი ქუთაისის ტექაღრიცხვის ბიუროში უნდა აღრიცხულიყო ი. ს-ის სახელზე და მასვე დაეკისრა ნ. ე-ს სასარგებლოდ ბინის საფასურის _ 11000 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 24 დეკემბრის განჩინებით დარჩა უცვლელად და შევიდა კანონიერ ძალაში. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1998 წლიდან 2003 წლის 23 მაისამდე სახლი კვლავ მის სახელზე ირიცხებოდა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება ფაქტობრივად აღუსრულებელი იყო და მისთვის ს-ს არ დაუბრუნებიათ სასამართლოს მიერ მათზე დაკისრებული თანხა 11000 ლარის ოდენობით.
ნ. ე-ს განმარტებით, მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ აღნიშნული სახლი 2003 წლის 23 მაისს გადაფორმდა ი. ს-ს სახელზე, რასაც საფუძვლად დაედო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება. მოსარჩელის აზრით, სასამართლომ, გადაწყვეტილებაში აღნიშნული გარემოების _ 11000 ლარის დაბრუნების გაუთვალისწინებლად გასცა სააღსრულებო ფურცელი, ქუთაისის ტექსამსახურმა სახლი გადააფორმა სააღსრულებო ფურცლის გარეშე და მეტიც, სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2003 წლის 29 მაისს, ხოლო გადაფორმდა 2003 წლის 23 მაისს, რაც ამ სამსახურის უკანონო ქმედებაზე მიუთითებს. სააღსრულებო ფურცლის გარეშე, ქუთაისის №2 სანოტარო ბიუროს არ ჰქონდა უფლება სახლი ახალ მყიდველზე _ ნ. ნ-ის სახელზე გადაეფორმებინა, რადგანაც საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში პირდაპირ იყო მითითებული მისთვის ი. ს-ან ვალის 11000 ლარის დაბრუნების შესახებ.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება თვალთმაქცურად დადებული გარიგებაა, რათა მოპასუხეს მისთვის არ გადაეხადა სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა, შესაბამისად, მოსარჩელე თვლის, რომ აღნიშნული ქმედება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის საფუძველზე გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის პირველი დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ი. ს-სა და ნ. ნ-ეს შორის 2003 წლის 29 მაისს დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, ასევე გაუქმდა ქუთაისის მერიის ტექაღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის, ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს საჯარო რეესტრისა და ქუთაისის №2 სანოტარო ბიუროს მიერ შესრულებული ჩანაწერები სახლის, მდებარე ქ.ქუთაისში, თ-ის ქ. №91-ში მდებარე სახლის ი. ს-სა და ნ. ნ-ის სახელზე გადაფორმების შესახებ. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხეებს შორის დადებული ყიდვა-გაყიდვის გარიგება თვალთმაქცური და მოჩვენებითია და იგი დაიდო მხოლოდ კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად და დასაფარავად, რაც, სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლად მიიჩნია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის პირველი დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხებმა ი. და მ. ს-მა და ნ. ნ-ემ და მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება.
ნ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი, ხოლო ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 4 მაისის განჩინებით ი. და მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და დარჩა განუხილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოსაზრებებს სასამართლო თავისი შინაგანი რწმენით არ გამორიცხავს, მაგრამ მან ვერ შეძლო წარმოედგინა მითითებული გარემოებების დასადასტურებლად რაიმე სახის მტკიცებულები, რაც სასამართლოს შინაგან რწმენას საფუძვლად დაედებოდა. გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლები.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ე-მ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიიღო, რითაც მოესპო შესაძლებლობა სარჩელის საფუძვლიანობის დამტკიცებისა. ასევე სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების დასაბუთების გარეშე გამოიტანა გადაწყვეტილება. ს-სა და ნ-ეს შორის დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების მოჩვენებითობა დასტურდება იმით, რომ მას რაიმე იურიდიული შედეგი არ მოჰყოლია, ნ. ნ-ე დღემდე არ შედგომია შეძენილი ქონების ფლობას, სარგებლობასა და მართვას. აღნიშნულ ბინაში ცხოვრობენ ს-ი, ხოლო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ემსახურება არა იურიდიული შედეგების დადგომას, არამედ ვალდებულების შესრულების თავის არიდებას. რაც დასტურდება იმით, რომ გადაწყვეტილება 1998 წლიდან კანონიერ ძალაშია შესული, ხოლო ს-ეს მისთვის დღემდე არ გადაუხდია მითითებული თანხა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ი.ს-სა და ნ.ე-ეს შორის დადებული საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება და აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა. ი. ს-ეს დაეკისრა ნ.ე-ის სასარგებლოდ 11 000 ლარის გადახდა, ხოლო სადავო სახლი საკუთრებაში დაუბრუნდა ი. ს-ეს. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. 2003 წლამდე გადაწყვეტილება არ აღსრულებულა და სადავო სახლი ირიცხებოდა ისევ ნ.ე-ის სახელზე. 2003 წლის 23 მაისს ი.ს-ემ სადავო სახლი აღრიცხა თავის სახელზე. 29 მაისს კი ი.ს-სა და ნ.ნ-ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და სადავო სახლი აღირიცხა ნ.ნ-ის სახელზე. დადგენილია, რომ ი.ს-ე და ნ.ნ-ე არიან ბიძაშვილ-მამიდაშვილები. ნ.ნ-ეს ნასყიდობის საგანი ფაქტობრივად არ გადასცემია და სადავო სახლში დღემდე ცხოვრობს ი.ს-ე. ნ.ნ-ე სტუდენტია, მას არა აქვს არანაირი შემოსავალი, და მის მიერ სადავო ბინის ღირებულების გადახდის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება. ასევე დადგენილია, რომ ი.ს-ეს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა მოსარჩელისათვის არ გადაუხდია.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და მოცემულ საქმეზე მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
მოჩვენებითი გარიგების დროს მხარეთა შეთანხმება მოკლებულია ნამდვილობას და იგი კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარავად გამოიყენება იმ მიზნით, რომ კრედიტორების დაკმაყოფილებას გაექცეს, მოვალე ვითომ ყიდის ან ჩუქნის ქონებას. სინამდვილეში არავითარი ნასყიდობა ან ჩუქება არ არის. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში შეიძლება დაისვას მესამე პირთა ინტერესების დაცვის საკითხი. მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი.
მოცემულ შემთხვევაში სადავო გარიგების მონაწილე სუბიექტების ნების გამოვლენის მოჩვენებით ხასიათზე მიუთითებს ის გარემოება, რომ გაყიდულ სახლს ფაქტობრივად ფლობს გამყიდველი, იგი მყიდველს არ გადასცემია. ასევე საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო ბინის ღირებულების გადახდის ფაქტი. დადგენილია, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას ნოტარიუსთან ნ.ნ-ეს თანხა არ გადაუხდია. ნ.ნ-ის განმარტებით, მას დედის გარდაცვალების შემდეგ დარჩა ბინა, რომელიც გაყიდა 3000 აშშ დოლარად,გაისტუმრა ვალები, გადაიხადა სწავლის ქირა და დარჩენილი თანხით შეიძინა ი.ს-ან სადავო ბინა (ს.ფ.204). სადავო ბინა, ხელშეკრულების თანახმად, შეიძინა 14 000 ლარად. საქმის მასალებში, ნ.ნ-ის მიერ ბინის გასხვისების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ მოიპოვება. ამასთან, აღნიშნულის გაზიარების შემთხვევაშიც, მითითებული თანხით, მითუმეტეს, ვალების გასტუმრების შემდეგ, სადავო ბინის ღირებულებას იგი ვერ გადაიხდიდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ 2003 წლის 29 მაისის სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. იგი დადებულია იმ მიზნით, რომ მოვალე ი. ს-ემ თავი აარიდოს კრედიტორის დაკმაყოფილებას, რის გამოც იგი ბათილ გარიგებად უნდა ჩაითვალოს. რაც შეეხება ი.ს-ის სახელზე სადავო სახლის აღრიცხვის შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმებას, ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არ არსებობს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. კანონიერ ძალაში შესული 1998 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სადავო სახლი უნდა აღრიცხულიყო ი.ს-ის სახელზე. მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით შეუძლია მოითხოვოს ამ გადაწყვეტილების აღსრულება თანხის გადახდევინების ნაწილში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
ნ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
ბათილად იქნას ცნობილი ი. ს-სა და ნ. ნ-ს შორის დადებული 2003 წლის 29 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულება;
გაუქმდეს ქუთაისის მერიის ტექაღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის, ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს საჯარო რეესტრის ჩანაწერები, ქ.ქუთაისში, თ-ის ქ. №91-ში მდებარე სახლის ნ. ნ-ის სახელზე აღრიცხვის თაობაზე და სადავო სახლი აღირიცხოს ი. ს-ის სახელზე;
ნ. ნ-სა და ი. ს-ეს სოლიდარულად დაეკისროთ ნ. ე-ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 37 ლარის გადახდა.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი
მოსამართლეები: რ. ნადირიანი
თ. თოდრია