Facebook Twitter

№ ას-109-104-2013 3 ივნისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შ. ნ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. გ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შ. ნ-ის დაკისრებული თანხის გადახდის განაწილვადება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. ნ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგელოდ, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2500 აშშ დოლარის, ოთხი თვის გადაუხდელი პროცენტის, სულ 3060 აშშ დოლარისა და საჯარო რეესტრის ამონაწერისათვის გადახდილი 15 ლარის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი ცნო და განმარტა, რომ ის მზადაა გადაიხადოს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა და მას სრულად დაფარავს მომავალი წლის ივლისში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შ. ნ-ს, ლ. გ-ის სასარგებლოდ, დაეკისრა 3060 აშშ დოლარისა და 15 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ნ-მა, მოითხოვა მისი შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შ. ნ-ის დაკისრებული თანხის განაწილვადება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის განჩინებით შ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2011 წლის 28 მარტს შ. ნ-სა და ლ. გ-ეს შორის გაფორმდა ,,იპოთეკის ხელშეკრულება”, რომლის თანახმად, შ. ნ-მა ,,გირავნობის თანხის” სახით მიიღო 2500 აშშ დოლარი 6 თვის ვადით; თავის მხრივ, მან ლ. გ-ეს სარგებლობაში გადასცა კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ქუთაისში, ქ. ჯ-ის №29-ში (იხ: ,,იპოთეკის ხელშეკრულება” - ს.ფ.12). იპოთეკის უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში 2011 წლის 1 აპრილს (იხ: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს.ფ.14).

2011 წლის 30 სექტემბერს შ. ნ-მა გასცა ხელწერილი, რომელშიც მიუთითებდა, რომ აქვს ვალი 2500 აშშ დოლარის ოდენობით. მის დაბრუნებამდე გადაიხდის პროცენტის სახით 140 აშშ დოლარს (იხ: ხელწერილი - ს.ფ.13). შ. ნ-მა 2012 წლის მაისიდან შეწყვიტა ლ. გ-ის პროცენტის გადახდა და არც ვალის ძირითადი თანხა დაუბრუნებია (იხ: 2012 წლის 12 ოქტომბრის შესაგებელი - ს.ფ.31-38, რომლითაც მოპასუხე დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას და ცნო სარჩელი; ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა მოპასუხემ საქმის განხილვისასაც ახსნა-განმარტების სახით - იხ: 2012 წლის 23 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი - ს.ფ.49-54).

ლ. გ-ემ სარჩელით მოითხოვა შემდეგი თანხების გადახდის დაკისრება შ. ნ-ის: ა) ვალის ძირითადი თანხა - 2500 აშშ დოლარი; ბ) 4 თვის პროცენტის თანხა - 560 აშშ დოლარი; გ) საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისათვის გაწეული ხარჯი - 15 ლარი (იხ: გადახდის ქვითარი - ს.ფ.17). 4.2.4. შ. ნ-ს მინიჭებული აქვს შესაძლებლობის ,,მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვის სტატუსი”, უვადოდ (იხ: საპენსიო მოწმობა - ს.ფ.39).

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს და აღნიშნა, რომ 2011 წლის 28 მარტს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, ლ. გ-ემ (გამსესხებელმა) შ. ნ-ს (მსესხებელს) საკუთრებაში გადასცა 2500 აშშ დოლარი, ხოლო ამ უკანასკნელმა იკისრა ვალდებულება, დაებრუნებინა სესხი 2011 წლის 28 სექტემბრამდე, რაც ცხადყოფს, რომ მოდავე მხარეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მსესხებელმა 2011 წლის 30 სექტემბერს ასევე იკისრა პროცენტის - ყოველთვიურად 140 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, რაც ასევე არ შეუსრულებია 2012 წლის მაისიდან.

სააპელაციო სასამართლოომ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები ვალდებულების ჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით.

პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტმა სადავოდ გახადა ერთადერთი საკითხი: რატომ არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა დაკისრებული თანხის განაწილვადების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მოთხოვნა ეფუძნებოდა მხოლოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, შესაძლებლობის შეზღუდვის გარემოებას, რაც არ იყო საკმარისი გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებისათვის. საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დასადასტურებლად, რის გამოც, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მისი მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების თაობაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 25 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. ნ-მა და მოითხოვა დასახელებული განჩინების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისთვის დაკისრებული თანხის განაწილვადება იმ საფუძვლით, რომ იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და მის ძირითად შემოსავალსა და საარსებო წყაროს წარმოადგენს მხოლოდ პენსია. კასატორის განმარტებით, მან ლ. გ-ეს შესთავაზა ძირი თანხის გადახდა და დარჩენილ 4 თვის პროცენტს კი შემდგომში გადაუხდიდა, თუმცა მოსარჩელემ უარი განაცხადა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს უნდა გაენაწილებინა შ. ნ-ის მიერ თანხის გადახდა რამდენიმე ეტაპად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით შ. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შ. ნ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, შ. ნატროშვილი, როგორც ინვალიდობის მქონე პირი, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. ნ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე