№ას-149-142-2013 10 ივნისი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს. ბ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ა-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 20 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს „ს. ბ-მა“ მოპასუხეების: ინდმეწარმე დ. ნ-ის, მ. ჩ-სა და ზ. ა-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:
1. მოპასუხეებისათვის – ინდმეწარმე დ. ნ-სა და მ. ჩ-ის სს „ს.ბ-ის“ სასარგებლოდ 122069.79 აშშ დოლარის (მათ შორის, სესხის ძირითადი თანხა – 92089.77 აშშ დოლარი, პროცენტი – 21483.16 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო – 8496.86 აშშ დოლარის) დაკისრება;
2. გადაწყვეტილების აღსასრულებლად სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების – ბორჯომში, ... ა-ის №2-ში მდებარე ზ. ა-ის კუთვნილი უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა, ხოლო ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დავალიანების დაფარვის მიზნით დ. ნ-სა და მ. ჩ-ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
მოპასუხეებს – ინდმეწარმე დ. ნ-სა და მ. ჩ-ეს სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 114422.61 აშშ დოლარის (მათ შორის: სესხის ძირითადი თანხა – 92089.77 აშშ დოლარი; პროცენტი – 21483.16 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო – 849.68 აშშ დოლარის) გადახდა;
დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა ზ. ა-ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება – ქ.ბორჯომში, ... ა-ის №2-ში მდებარე ქონება;
დადგინდა, რომ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიქცეულიყო დ. ნ-სა და მ. ჩ-ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება;
სამივე მოპასუხეს სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 5000 ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ა-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის იმ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა, რომელიც შეეხება მისი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ის ნაწილი, რომლითაც სარეალიზაციოდ მიექცა ზ. ა-ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება – ქ.ბორჯომში, ... ა-ის ქ.№2-ში მდებარე უძრავი ქონება:
სს „ს. ბ-ის“ სარჩელი ზ. ა-ის საკუთრებაში არსებული ზემოთ დასახელებული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;
სს „ს. ბ-ს“ ზ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სს „ს. ბ-სა'' და ინდმეწარმე დ. ნ-ს შორის 2006 წლის 5 დეკემბერს გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ №512886 ხელშეკრულება, რომლითაც ინდმეწარმე დ. ნ-ზე გაიხსნა საკრედიტო ხაზი – 100000 აშშ დოლარის ეკვივალენტური ზღვრული მოცულობით ლარში/ევროში, 120 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 10%-დან 42%-მდე.
2006 წლის 5 დეკემბერს სს „ს. ბ-სა'' და ზ. ა-ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №512886-ა, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ზ. ა-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება – ქ.ბორჯომში, ... ა-ის ქ.№2-ში მდებარე უძრავი ქონება.
ხელშეკრულების 4.2 პუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფილი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა სს „ს. ბ-სა'' და ინდმეწარმე დ. ნ-ს შორის 2006 წლის 5 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება საბანკო მომსახურების შესახებ №512886, მოქმედების ვადა განისაზღვრა 120 თვით, საკრედიტო ხაზის ლიმიტი 100000 აშშ დოლარის ეკვივალენტური ზღვრული მოცულობით ლარებში, წლიური საპროცენტო განაკვეთი 10%-42%.
2006 წლის 5 დეკემბერს სს „ს. ბ-სა'' და ინდმეწარმე დ. ნ-ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების №512886 ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი მიკროკრედიტის ხელშეკრულება N117763, რომლითაც ინდმეწარმე დ. ნ-ზე გაიცა კრედიტი 100000 აშშ დოლარის ოდენობით. კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 36 თვით, წლიური საპროცენტო სარგებელი – 19%-ით.
მხარეთა შორის უდავო იყო და საქმის მასალებითაც დასტურდებოდა, რომ სს „ს. ბ-სა'' და ინდმეწარმე დ. ნ-ს შორის 2006 წლის 5 დეკემბერს გაფორმებული საბანკო მომსახურების №512886 ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი მიკროკრედიტის N117763 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება 100000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ოდენობით მსესხებელმა ინდმეწარმე დ. ნ-მა სრულად დაფარა.
2009 წლის 11 აგვისტოს სს „ს. ბ-სა'' და ინდმეწარმე დ. ნ-ს შორის დაიდო შეთანხმება №512886, რომლითაც ცვლილება შევიდა 2006 წლის 5 დეკემბრის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში. ცვლილების თანახმად, საკრედიტო ხაზის მოცულობა გაიზარდა 150000 აშშ დოლარის ეკვივალენტურ ოდენობამდე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად არ ჩათვალა 2009 წლის 12 აგვისტოს სს „ს. ბ-სა'' და ზ. ა-ს შორის 2006 წლის 5 დეკემბერს გაფორმებულ №512886-ა იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების ფაქტი. საქმეში წარდგენილი იყო 2009 წლის 12 აგვისტოს სანოტარო აქტი, რომლითაც ირკვეოდა, რომ ნოტარიუსს მიმართეს სს „ს. ბ-ის“ წარმომადგენელმა და მოქალაქე ზ. ა-ის მინდობილმა პირმა, დ. ნ-მა, ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.ალმაატის ნოტარიუს უ. რ. ასული ბ-ას მიერ 2009 წლის 27 ივლისს დადებული და 2009 წლის 7 აგვისტოს დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე. მხარეებმა ნოტარიუსს წარუდგინეს ხელშეკრულება მხარეთა შორის 2006 წლის 5 დეკემბერს დადებულ იპოთეკის ხელშეკრულებაში №№512886-ა ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, რომლითაც ცვლილებები განხორციელდა 2006 წლის 5 დეკემბრის №№512886-ა იპოთეკის ხელშეკრულებაში და საკრედიტო ხაზის ლიმიტი განისაზღვრა 150000 აშშ დოლარის ეკვივალენტური ზღვრული მოცულობით ლარებში/ევროში. ხელშეკრულება დამოწმდა ნოტარიულად.
2009 წლის 12 აგვისტოს სანოტარო აქტის საფუძველზე, ზ. ა-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – ქ.ბორჯომში, ... ა-ის ქ.№2-ში მდებარე უძრავ ქონებაზე – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა ს. ბ-ის იპოთეკის უფლება.
აპელანტმა ზ. ა-მა სადავოდ გახადა მის მიერ 2009 წლის 12 აგვისტოს 2006 წლის 5 დეკემბერს დადებულ იპოთეკის ხელშეკრულებაში №512886-ა ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ნების გამოხატვის ფაქტი და განმარტა, რომ მას ასეთი უფლებამოსილება ნოტარიუს უ. რ. ასული ბ-ას მიერ დამოწმებული მინდობილობით დ. ნ-ის არ გადაუცია.
საქმეში წარდგენილ იქნა 2009 წლის 12 აგვისტოს სანოტარო აქტის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებული რეგისტრაციის მასალები, მათ შორის, მინდობილობის ქსეროასლი, რომლის შესაბამისადაც, დ. ნ-ს ზ. ა-მა მიანიჭა უფლებამოსილება, წარმოედგინა მისი ინტერესები ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებასა და ორგანიზაციაში ყველა საკითხზე დაკავშირებული დოკუმენტების გაფორმებასთან (უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ.ბორჯომი, ... ა-ის ქ.№6), რისთვისაც რწმუნებული უფლებამოსილი იყო გაეყიდა, იპოთეკით დაეტვირთა ქონება ზ. ა-ის სახელით (ტომი 1, ს.ფ. 222-232). აღნიშნული მინდობილობის ტიტულიდან ირკვეოდა, რომ 2009 წლის 27 ივლისს ზ. ა-მა მინდობილობის დასამოწმებლად მიმართა ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.ალმაატის ნოტარიუს უ. რ. ასულ ბ-ას, თუმცა, მინდობილობა და ზ. ა-ის ხელმოწერა დამოწმებულია ვინმე ნოტარიუს გ. ა-ას ბეჭდით და სანოტარო აქტსაც ხელს აწერს ნოტარიუსი ა-ა. საყურადღებოა ის გარემოება, რომ აღნიშნულ მინდობილობაში მისი დამოწმების თარიღად მითითებულია 2009 წლის 7 აგვისტო, ხოლო რეესტრის რეგისტრაციის ნომრად 1-7006 (ტომი 1, ს.ფ. 222). გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ საქმეში მოიპოვებოდა მინდობილობის აპოსტილით დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დგინდებოდა, რომ აპოსტილით დადასტურდა ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.ალმაატის ნოტარიუს უ. რ. ასული ბ-ას მიერ გაცემული მინდობილობა (ტომი 1, ს.ფ. 223,224, 228,229).
ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ აპელანტმა წარადგინა ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.ალმაატის ნოტარიუს უ. რ. ასული ბ-ას 2009 წლის 27 ივლისით დათარიღებული მინდობილობის ქსეროასლი, რეესტრის რეგისტრაციის ნომერი 1-7006, რომლითაც ზ. ა-მა დ. ნ-ს მიანიჭა უფლებამოსილება წარმოედგინა მისი ინტერესები ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებასა და ორგანიზაციაში ყველა საკითხზე დაკავშირებული დოკუმენტების გაფორმებასთან (უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ.ბორჯომი, ... ა-ის ქუჩა №6), რისთვისაც რწმუნებული უფლებამოსილი იყო წარედგინა განცხადებები, ჩაებარებინა და მიეღო აუცილებელი ცნობები და დოკუმენტები ზ. ა-ის სახელით. მინდობილობა არ შეიცავდა მითითებას იმის თაობაზე, რომ ზ. ა-მა რწმუნებულს მიანიჭა უძრავი ქონების გაყიდვის ან იპოთეკით დატვირთვის უფლებამოსილება (ტომი 1, ს.ფ. 207-213). სააპელაციო სასამართლომ ყურადღებას გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტმა წარმოადგინა ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.ალმაატის ნოტარიუს უ. რ. ასული ბ-ას მომართვა თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მინდობილობის გადაგზავნის თაობაზე და ზ. ა-ის სახელზე გაცემული მინდობილობის დამოწმებული ასლი, რომლის ქსეროასლიც პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი ჰქონდა მოპასუხეს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო ორი ურთიერთსაპირისპირო დოკუმენტი, რომლითაც რწმუნებულს მინიჭებული ჰქონდა სხვადასხვა უფლებამოსილებები.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შემოწმების და გამოკვლევის შემდგომ სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გამორკვევისას სასამართლო ვერ დაეყრდნობოდა იმ მინდობილობას, რომლის ერთი ნაწილი ეწინააღმდეგება მეორე ნაწილს (მინდობილობის ტიტულში აღნიშნულია, რომ მინდობილობა გაცემულია ნოტარიუს ბ-ას მიერ, ხოლო მინდობილობა დამოწმებულია ნოტარიუს ა-ას მიერ) და სასამართლომ მისი დასკვენები უნდა დააფუძნოს იმ დოკუმენტს, რომელიც არ შეიცავს ასეთ ურთიერთგამომრიცხველ რეკვიზიტებს. როგორც უკვე აღინიშნა, აპელანტის მიერ წარდგენილი იყო ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.ალმაატის ნოტარიუს უ. რ. ასული ბ-ას 2009 წლის 27 ივლისით დათარიღებული მინდობილობის დამოწმებული ასლი, რეესტრის რეგისტრაციის ნომერი 1-7006, რომელიც არ შეიცავდა მითითებას იმის შესახებ, რომ ზ. ა-მა დ. ნ-ს მიანიჭა უძრავი ქონების გაყიდვის ან იპოთეკით დატვირთვის უფლებამოსილება (ტომი 1, ს.ფ. 207-213).
ზემომითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ვერ მიიჩნია 2009 წლის 12 აგვისტოს 2006 წლის 5 დეკემბერს სს „ს. ბ-სა'' და ზ. ა-ს შორის გაფორმებულ №512886-ა იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით ზ. ა-ის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობის ფაქტი.
2009 წლის 17 დეკემბერს ბ-ს და ინდმეწარმე დ. ნ-ს შორის დაიდო №512886 ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №705266, რომლითაც ინდმეწარმე დ. ნ-ზე გაიცა 100000 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი - 23%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჩამორჩენილი თანხის – 0.5%-ის ოდენობით, მიზნობრიობა: რეფინანსირება.
საქმეში წარდგენილი იყო ამონაწერი ინდმეწარმე „დ. ნ-ის“ ანგარიშიდან, რომლითაც დგინდებოდა, რომ 2009 წლის 17 დეკემბერს ინდმეწარმე დ. ნ-ზე კრედიტის – 100000 აშშ დოლარის გაცემისას, მოპასუხეს დავალიანება ბ-ის მიმართ არ ერიცხებოდა, ვინაიდან №705266 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა მანამდე არსებული დავალიანების რეფინანსირება, მხოლოდ დავალიანების განულების შემდგომ გაიცა ახალი კრედიტი 100000 აშშ დოლარის ოდენობით.
2010 წლის 30 ივლისს, სს „ს. ბ-ს'' და ინდმეწარმე დ. ნ-ს შორის დადებული შეთანხმებით ცვლილება შევიდა №705266 საკრედიტო ხელშეკრულებაში, კრედიტის დაფარვის ვადა განისაზღვრა 60 თვით, შედგა ახალი გადახდის გრაფიკი (ტომი 1, ს.ფ. 33-36). ამავე დღეს, სს „ს. ბ-ს'' და მ. ჩ-ეს შორის საკრედიტო ხელშეკრულების №705266 უზრუნველსაყოფად გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება №705266-ა, რომლის საფუძველზეც მ. ჩ-ემ სს „ს. ბ-ის'' წინაშე სრული პასუხისმგებლობა აიღო ინდმეწარმე დ. ნ-ის მიერ ბ-ის მიმართ ვალდებულების შესრულებაზე (ტომი 1, ს.ფ. 37-38).
2010 წლის 30 ივლისს, სს „ს. ბ-ს'' და დ. ნ-ს შორის საკრედიტო ხელშეკრულების №705266 უზრუნველსაყოფად გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება №705266-ბ, რომლის საფუძველზეც დ. ნ-მა სს „ს. ბ-ის'' წინაშე სრული პასუხისმგებლობა აიღო ინდმეწარმე დ. ნ-ის მიერ ბ-ის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე (ტომი 1, ს.ფ. 64-65).
სს „ს. ბ-ის'' მიერ 2011 წლის 16 დეკემბერს გაცემული ცნობის მიხედვით, ინდმეწარმე დ. ნ-ის დავალიანება სს „ს. ბ-ის'' წინაშე შეადგენდა 122069.79 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხა იყო – 92089.77 აშშ დოლარი, პროცენტი – 21483.16 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო – 8496.86 აშშ დოლარი (ტომი 1, ს.ფ. 47).
სააპელაციო სასამართლომ, დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 153-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 295-ე მუხლით, 289-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 3111 მუხლით.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებიტ, იპოთეკარი დაცულია საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერით მოვალის საკუთრებასთან დაკავშირებით, თუნდაც აღნიშნული ჩანაწერი შემდგომში არასწორი აღმოჩნდეს. მეორე მხრივ კი, მოვალე დაცულია იპოთეკის საგნის იმ ვალდებულების ფარგლებით, რომელი ვალდებულებისთვისაც მან ქონება იპოთეკით დატვირთა. ამდენად, უმთავრესია იპოთეკით მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის, როგორც იპოთეკის საგნის, ისე იმ ვალდებულების განსაზღვრულობა, რომლის უზრუნველსაყოფადაც ხორციელდება სანივთო უფლების რეალიზაცია. ამ შემთხვევაში წინდაწინაა სავარაუდო, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციაა სწორედ მოთხოვნის დაკმაყოფილების – ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. იგი ხელს უწყობს კრედიტორს, წინასწარ შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს იპოთეკის საგანი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას იმთავითვე ნათელი უნდა იყოს, თუ სად გადის იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრის პასუხისმგებლობის ზღვარი, რომელიც მოიცავს ძირითადი ვალდებულების ფარგლებს (ღირებულებას) ან იპოთეკის გარიგებით მხარეთა შეთანხმებულ უზრუნველყოფილ მოთხოვნის ოდენობას.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სს „ს. ბ-სა'' და ინდმეწარმე დ. ნ-ს შორის 2006 წლის 5 დეკემბერს გაფორმებული საბანკო მომსახურების შესახებ №512886 ხელშეკრულებით ინდმეწარმე დ. ნ-ზე გაიხსნა საკრედიტო ხაზი – 100000 აშშ დოლარის ეკვივალენტური ზღვრული მოცულობით ლარში/ევროში, 120 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 10%-დან 42%-მდე (ტომი 1, ს.ფ. 14-20). 2006 წლის 5 დეკემბერს, სს „ს. ბ-სა'' და ზ. ა-ს შორის გაფორმებული №512886-ა იპოთეკის ხელშეკრულების 4.2 პუნქტით განსაზღვრულია იპოთეკის ფარგლები – კერძოდ, უზრუნველყოფილი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა სს „ს. ბ-სა'' და ინდმეწარმე დ. ნ-ს შორის 2006 წლის 5 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება საბანკო მომსახურების შესახებ №512886, მოქმედების ვადა 120 თვე, საკრედიტო ხაზის ლიმიტი 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტური ზღვრული მოცულობით ლარებში, წლიური საპროცენტო განაკვეთი 10%-42% (ტომი1, ს.ფ. 21-25).
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სს „ს. ბ-ის“ მოსაზრება, რომ საკრედიტო ლიმიტი შეადგენდა რა 100000 დოლარს, აღნიშნულში იგულისხმებოდა 100000 აშშ დოლარის გაცემა მრავალჯერ, შეუზღუდავად, ხელშეკრულების მთელი 10 წლიანი (120-თვიანი) მოქმედების პერიოდში. უდავო იყო, რომ ლიმიტის ამგვარ განმარტებას მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ მოიცავდა. სიტყვა „ლიმიტი“ ლათინური წარმოშობისაა და ნიშნავს ნორმის დაწესებას, რომლის ფარგლებშიც შეიძლება რისამე ხარჯვა, რამეთი სარგებლობა, ზღვრული ნორმა. ამ განმარტებიდან და მხარეთა შორის შეთანხმებული პირობიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ 100000 აშშ დოლარი წარმოადგენდა საკრედიტო თანხას, რომლის კრედიტად მიღების უფლებაც გააჩნდა მოვალეს ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში. ამავდროულად მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაც კონკრეტულად ამ ვალდებულების – 100000 აშშ დოლარის ფარგლებში იქნა განსაზღვრული და მისი სხვა ვალდებულებაზე გავრცელება მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულების ფარგლებს სცილდებოდა.
რაც შეეხებოდა სხვა ხელშეკრულებაზე იპოთეკის გავრცელებას, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნულს სამოქალაქო კოდექსი გარკვეული წინაპირობების არსებობისას უშვებს, კერძოდ, 286-ე მუხლის მ-3 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფილია იპოთეკით, შეიძლება შეიცვალოს სხვა მოთხოვნით. ამისათვის საჭიროა მესაკუთრისა და კრედიტორის (იპოთეკარის) შეთანხმება და ამ შეთანხმების რეგისტრაცია რეესტრში. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობისათვის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება მისი მესაკუთრის ნებას საჭიროებს.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაუსაბუთებელი იყო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საბანკო ინსტიტუტები ყოველდღიურად მიმართავენ ასეთ „საბანკო პრაქტიკას“, რომელიც ეფუძნება ბანკსა და კლიენტს შორის გრძელვადიან ურთიერთობას და რომლის მიზანიცაა, თავიდან ააცილოს კლიენტს სხვადასხვა იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტაციის მრავალჯერადი მომზადება, მასთან დაკავშირებული ზედმეტი ხარჯების გაღება, ყოველი ცალკეული საბანკო პროდუქტით მომსახურებისას ფორმდება გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს და არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი კონკრეტული საბანკო პროდუქტით. სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლებრივ ურთიერთობებს მხარეთა თანასწორობისა და თავისუფალი სახელშეკრულებო პრინციპით აწესრიგებს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას ხელშეკრულების შინაარსში, ფორმაში და კონტრაჰენტის არჩევანში კანონისმიერი შეზღუდვის გათვალისწინებით (იხ. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსის ნორმათა, ძირითადად, დისპოზიციური ხასიათი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, კანონით დადგენილი წესისაგან განსხვავებულ წესზე შეთანხმდნენ. ამავდროულად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობებისათვის გადამწყვეტია ორივე მხარის ნება. მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მოთხოვნის უზრუნველყოფის ფარგლები განსაზღვრეს. ამ ფარგლების შეცვლას კანონი არ კრძალავს, თუმცა სავალდებულოა მხარეთა ხელახალი შეთანხმება და ფორმის დაცვა (286-ე მუხლის მე-3 ნაწილი). კერძო სამართლის სუბიექტის მიერ კანონის ინტერპრეტაცია და თავის სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში საბანკო პრაქტიკაში თუნდაც წარმატებული დანერგვა კანონის იმპერატიულ დანაწესს და სამართლის სუბიექტთა თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს ვერ შეცვლის.
დადგინდა, რომ ინდმეწარმე დ. ნ-მა სრულად აითვისა საკრედიტო ლიმიტი – 100000 აშშ დოლარი, რაც შემდგომ სრულად დაფარა. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზ. ა-ის იპოთეკური ვალდებულება გრძელდებოდა სწორედ ამ ლიმიტის ფარგლებში მის სრულ დაფარვამდე. საკრედიტო ლიმიტის დავალიანების სრულად გასტუმრებით, ძირითადი ვალდებულების შესრულებით შეწყვეტასთან ერთად შეწყდა მოთხოვნის უზრუნველყოფისათვის ზ. ა-ი ქონებით განსაზღვრული სანივთოსამართლებრივი ვალდებულებაც. ამასთან, საგულისხმო იყო ის ფაქტი, რომ ბ-მა სალიმიტო თანხის დაფარვის შემდეგ გამოათავისუფლა ზ. ა-ის ქონება სანივთო ვალდებულებისაგან, იპოთეკისაგან. რაც შეეხებოდა 2009 წლის 12 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულებაში განხორციელებულ ცვლილებებს, როგორც უკვე აღინიშნა, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ვერ ჩათვალა 2009 წლის 12 აგვისტოს სს „ს. ბ-სა'' და ზ. ა-ს შორის 2006 წლის 5 დეკემბერს გაფორმებულ №512886-ა იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით ზ. ა-ის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობის ფაქტი.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მოთხოვნა არ ჰქონდა უზრუნველყოფილი ზ. ა-ის ქონებით, ამ უკანასკნელის იპოთეკური ვალდებულება შეწყდა სს „ს. ბ-სა'' და ინდმეწარმე დ. ნ-ს შორის 2006 წლის 5 დეკემბერს სს „ს. ბ-ს'' და ინდმეწარმე დ. ნ-ს შორის გაფორმებული საბანკო მომსახურების №512886 ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი მიკროკრედიტის ხელშეკრულების N117763, განსაზღვრული ვალდებულების შესრულებით შეწყვეტასთან ერთად. შესაბამისად, სარჩელი იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. ბ-მა“. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, კერძოდ:
1. ზ. ა-ის კუთვნილი უძრავი ქონების – ქ.ბორჯომში, ... ა-ის №2-ში მდებარე უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევას;
2. ზ. ა-ის სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის – 5000 ლარის დაკისრებას.
საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საბანკო მომსახურების სფეროში არსებული საკრედიტო ლიმიტის არსი. სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა სს „ს. ბ-ის“ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საკრედიტო ლიმიტის ზღვრული ოდენობის ფარგლებში ბანკი უფლებამოსილი იყო მრავალჯერადად გაეცა კრედიტი გენერალური საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას სასამართლომ მიუთითა, რომ კერძო სამართლის სუბიექტის მიერ კანონის ინტერპრეტაცია ვერ შეცვლის კანონის იმპერატიული დანაწესს და სამართლის სუბიექტთა თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს, თუმცა კანონის არც ერთ ნორმაში არ არსებობს საკრედიტო ლიმიტის სააპელაციო სასამართლოს მიერ ინტერპრეტირებული არსი. უფრო მეტიც, საკრედიტო ლიმიტის კანონით დადგენილი არსი, რომლითაც საბანკო სექტორი მოქმედებს თავისი საქმიანობის სფეროში, სწორედ კანონიერების, ჰუმანურობის და თანასწორუფლებიანობის პრინციპს ეფუძნება და მოქმედებს მხარეთა შეთანხმების საფუძველზე;
ზემოხსენებულ საკითხში ბანკის პოზიციის სამართლიანობას, კანონიერებას და მხარეთა შორის საკრედიტო ლიმიტთან დაკავშირებული შეთანხმების არსებობას ადასტურებს მხარეთა შორის 2006 წლის 5 დეკემბერს გაფორმებული საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაც, რომელიც დადებულია 10 წლის ვადით. ამდენად, მისი მოქმედების ვადა შეადგენს 10 წელს, ამავეს ადასტურებს №512886-ა იპოთეკის ხელშეკრულებაც;
თუკი სააპელაციო სასამართლოს პოზიციას გავიზიარებთ და მივიჩნევთ, რომ საკრედიტო ლიმიტის არსი კრძალავს საბანკო კრედიტის მრავალჯერადად გაცემას, მაშინ გამოდის, რომ საერთოდ აზრს კარგავს ზემომითითებული საბანკო გენერალური ხელშეკრულების დადება და მით უმეტეს მისი 10 წლის ვადით გაფორმება. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს ლოგიკით გამოდის, რომ საკრედიტო ურთიერთობებისას იპოთეკით უზრუნველყოფის შემთხვევაში მხოლოდ ერთჯერადი საკრედიტო ხელშეკრულებები უნდა იქნეს დადებული, რაც არასწორია;
2006 წლის 6 დეკემბერს სს „ს. ბ-სა“ და ზ. ა-ს შორის დადებულ იპოთეკის №512886-ა ხელშეკრულებაში გარკვევით არის მითითებული, რომ იგი უზრუნველყოფს არა რომელიმე მიკროკრედიტის ხელშეკრულებას, არამედ დადებულია 2006 წლის 5 დეკემბრის №512886 საბანკო მომსახურების და მის ფარგლებში მოქმედ ხელშეკრულებათა უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ზ. ა-ის ცნობილი იყო, რომ მისი კუთვნილი ქონება იდებოდა საბანკო მომსახურების ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული ქონების უზრუნველყოფით სს „ს. ბ-ი“ უფლებამოსილი იყო არაერთჯერადად გაეცა საბანკო კრედიტი 10 წლის განმავლობაში. მითითებული გარემოება იმპერატიულად ეწინააღმდეგება მოწინააღმდეგე მხარის და სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, იპოთეკის მოქმედების ქვეშ მხოლოდ 100000 აშშ დოლარის კრედიტის გაცემის შესაძლებლობის თაობაზე;
რაც შეეხება ბ-სა და ზ. ა-ის მინდობილ პირს შორის იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე გაფორმებულ შეთანხმებას, აღნიშნული დადებულია კანონის შესაბამისად, ნოტარიული დამოწმების და საჯარო რეესტრის შესაბამისი მოხელეების კონტროლის გავლის შედეგად, მისი ნამდვილობის ეჭვქვეშ დაყენება და ბათილად ცნობა შესაძლებელია მხოლოდ საგამოძიებო ორგანოების და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილებების არსებობის შემთხვევაში. იპოთეკის ხელშეკრულებაში შეტანილ ცვლილებაზე მესაკუთრის მიერ ნების გამოხატვის ნამდვილობის ფაქტს ადასტურებს ზ. ა-ის მიერ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გამართულ სხდომებზე გაკეთებული განმარტებები, რა დროსაც მან დაადასტურა მის მიერ ნების გამოვლენის ფაქტი;
იმ შემთხვევაშიც, თუკი მივიჩნევთ, რომ ზემოთ დასახელებული შეთანხმება არ გამოხატავს მხარეთა ნების ნამდვილობას ან ცნობილ უნდა იქნეს ბათილად, აღნიშნული საქმის არსს და ბანკის სამართლიან მოთხოვნას ვერ შეცვლის, რადგან არც ერთი დოკუმენტით არ მომხდარა 2006 წლის 5 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება, ის ძალაშია და უზრუნველყოფს ბანკის მოთხოვნას დ. ნ-ის მიმართ, კერძოდ, 114422.61 აშშ დოლარის და სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის (სახელმწიფო ბაჟის) სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ ამოღებას;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ს. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (7700 ლარი) 70% – 5390 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სს „ს. ბ-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (7700 ლარი, გადახდის თარიღი – 2013 წლის 21 თებერვალი, საგადახდო დავალება № ...) 70% – 5390 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე