Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-180-173-2013 3 ივნისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ზ., მ., ა. ფ-ი, ნ. ნ-ი, რ. ხ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ბ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ., მ., ა. ფ-ის, ნ. ნ-სა და რ. ხ-ის მიმართ და მოითხოვა ქ.ფოთში, ს-ას ქ.№51-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მოპასუხეთა გამოსახლება იმ მოტივით, რომ წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს, მოპასუხეები კი ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მას.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელემ სადავო საცხოვრებელი სახლზე საკუთრება თაღლითური გზით მოიპოვა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ქ.ფოთში, ს-ას ქ.№51-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა მფლობელობიდან, რაც მათ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები, კერძოდ:

ქ. ფოთში, ს-ას ქ.№51-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი აუქციონის წესით შეიძინა მოსარჩელე ლ. ბ-ემ, რაც საჯარო რეესტრში მის საკუთრებაში იქნა რეგისტრირებული.

მოპასუხეები ცხოვრობენ ქ. ფოთში, ს-ას ქ. №51-ში მდებარე ლ. ბ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლში.

პალატამ მიიჩნია, რომ სადავო საცხოვრებელი ბინის მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხეებს სასამართლოსათვის არ წარუდგენია, ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, სავსებით კანონიერად დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ მსჯელობას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უსწორობაზე, რაც გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ზ., მ., ა. ფ-მა, ნ. ნ-მა და რ. ხ-მა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოპასუხეები სადავო სახლში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ცხოვრობდნენ. მოსარჩელე წარმოადგენს იმ თაღლითური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრს, რომელთაც კასატორთა ქონება უკანონოდ, მოტყუებით მიიღეს. მითითებულ ფაქტზე აღძრულ. სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. აღსანიშნავია, რომ საქალაქო სასამართლოში მორიგების საკითხის განხილვისას მოსარჩელემ აღიარა, რომ სადავო ქონების ბედს წყვეტდა ნანა ძიმისტარაშვილი, რაც ადასტურებს მოსარჩელის კავშირს დანაშაულებრივ ჯგუფთან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 მარტის განჩინებით ზ., მ., ა. ფ-ის, ნ. ნ-სა და რ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ზ., მ., ა. ფ-ის, ნ. ნ-სა და რ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულ. მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულ. სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს – ზ., მ., ა. ფ-ს, ნ. ნ-სა და რ. ხ-ს უნდა დაუბრუნდეს 2013 წლის 5 მარტს №3 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით ზ. ფ-ას მიერ გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ., მ., ა. ფ-ის, ნ. ნ-სა და რ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ზ. ფ-ას (პირადი №...), მ. ფ-ას, ა. ფ-ას (პირადი №...), ნ. ნ-სა (პირადი №...) და რ. ხ-ს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ 2013 წლის 5 მარტს №... საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით ზ. ფ-ას მიერ გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე