№ ას-19-17-2013 3 ივნისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – დ. ნ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ნ-ე, მ. ა-ი, ე. ნ-ნ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – გარდაცვლილად გამოცხადება, სამკივდროს მიღების ვადის გაგრძელება, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, სამკვიდროდან წილის მიკუთვნება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ნ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: ვ. ნ-ის, მ. ა-ის, ე. ნ-მ-სა და ნოტარიუს მ. მ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა დ. ნ-ის მამის გ. ნ-ის გარდაცვლილად გამოცხადება, ა. ნ-ის დანაშთი სამკვიდრო ქონების მიღების ვადის გაგრძელება, დ. ნ-ის მემკვიდრედ ცნობა ქ. ბათუმში, პ-ის ქ. №10-ში მდებარე ა. ნ-ის დანაშთი ქონების სამკვიდრო წილზე და 2007 წლის 20 თებერვალს ვ. ნ-ის სახელზე ნოტარიუს მ. მ-ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და მოპსაუხეებისათვის, მის სასარგებლოდ, სადავო ღირებულების ½-ის – 100000 ლარის სოლიდარულად დაკისრება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით დ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ნ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება დ. ნ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ქ. ბათუმში, პ-ის ქ. №10-ში მდებარე სახლი ეკუთვნოდა ნ. ნ-ეს, რომელიც გარდაიცვალა ... წლის ... თებერვალს და მისი სამკვიდრო მიიღო შვილმა, ა. ნ-ემ.
ა. ნ-ე გარდაიცვალა ... წლის ... ივნისს. მისი მემკვიდრეები იყვნენ შვილები: ვ. ნ-ე, გ. ნ-ე და მეუღლე - ე. ნ-ე.
ა. ნ-ის სამკვიდრო მიიღო ვ. ნ-ემ.
2007 წლის 20 თებერვალს ვ. ნ-ემ აიღო სამკვიდრო მოწმობა და საკუთრებად დაირეგისტრირა სადავო სახლი და მიწის ნაკვეთი.
2008 წლის 16 ივნისს ვ. ნ-ემ ეს ქონება 200000 ლარად მიჰყიდა მ. ი-ეს. გარიგება, ვ. ნ-ის სახელით, დადო მისმა წარმომადგენელმა- მ. ა-მა.
ნაოსნობაში მყოფი გ. ნ-ე ხომალდთან და ეკიპაჟის წევრებთან ერთად დაიკარგა 1994 წლის 4 დეკემბერს. მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ნ-ე აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად.
დ. ნ-ე არის გ. ნ-ის შვილი. იგი დაიბადა ... წლის ... მაისს და, აქედან გამომდინარე, ა. ნ-ის გარდაცვალებისა და სარჩელის აღძვრის დროისათვის იყო არასრულწლოვანი. დ. ნ-ის უფლებებს იცავდა დედა – ე. ნ-ე.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 22.1-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლებით და ამ ნორმათა შესაბამისად, აღნიშნა, რომ დ. ნ-ეს ეკისრებოდა იმის მტკიცების ტვირთი, რომ გ. ნ-ის საცხოვრებელ ადგილას ხუთი წლის განმავლობაში არ მოიპოვებოდა ცნობები მისი ადგილსამყოფლის შესახებ, მოწინააღმდეგე მხარეს კი, უნდა დაემტკიცებინა, რომ მისთვის გ. ნ-ის ადგილსამყოფელი ცნობილი იყო.
პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს პროკურატურის ბათუმის ტრანსპორტის პროკურატურის ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს 2012 წლის 18 მაისის წერილით უთუოდ დასტურდება, რომ ნაოსნობაში მყოფი გ. ნ-ე, ხომალდ ”სპარტაკთან”, ეკიპაჟის წევრებთან და მგზავრებთან ერთად, დაიკარგა 1994 წლის 4 დეკემბერს და, ამის შემდეგ, როგორც გ. ნ-ის, ასევე ხომალდის, ეკიპაჟის დანარჩენი წევრებისა და მგზავრების ადგილსამყოფელი უცნობია. ეს ფაქტი დაადასტურეს საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმაც. ის, რომ, არა მარტო, გ. ნ-ის, არამედ თავად ხომალდისა და მასზე მყოფი სხვა პირების ადგილსამყოფელი საგამოძიებო ორგანოებმაც კი ვერ დაადგინეს, აპელანტის მოთხოვნას უდავოდ ამტკიცებდა. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს კი თავისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. მართალია, განმარტეს, რომ, მათი ინფორმაციით, გ. ნ-ე იმყოფებოდა საზღვარგარეთ, თუმცა არ მიუთითებიათ არც ინფორმაციის კონკრეტული წყარო და არც გ. ნ-ის ადგილსამყოფელი. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია არ დასტურდებოდა სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებითაც.
აღნიშნული ფაქტის შესახებ, მეტ-ნაკლებად, დაზუსტებული ჩვენება სასამართლოს მისცა მოწმემ, მ. ჩ-ემ. მან, მართალია, აღნიშნა, რომ მოპასუხეებთან ”მანქანით მივიდა ახალგაზრდა ბიჭი”, რომელმაც მათ გადასცა, რომ გ. ნ-ე ცოცხალი იყო და ”როგორმე შეეხმიანებოდათ”, თუმცა ”ახალგაზრდის” ვინაობა მოწმემ ვერ დაასახელა. გარდა ამისა, მისი თქმით, ეს მოხდა გ. ნ-ის დაკარგვიდან რამდენიმე წლის შემდეგ (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 ივლისის სხდომის ოქმი: 12:46:05-12:46:40).
ამ ჩვენებიდან გამომდინარე, თუ სად იყო გ. ნ-ე და, რატომ ვერ ახერხებდა იგი ოჯახის წევრებთან დაკავშირებას, მათთვის არც ავტომობილით მისულ ”ახალგაზრდა ბიჭს” უთქვამს. რაც პალატის აზრით, ცხადყოფდა, რომ ამით არ მტკიცდებოდა, რომ გ. ნ-ის ოჯახის წევრებისათვის მისი ადგილსამყოფელი ცნობილი იყო. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, ნათელია, რომ მოწმის მიერ დასახელებული ფაქტი მოხდა გ. ნ-ის დაკარგვიდან მცირე ხანში, ანუ 1994-1998 წლამდე პერიოდში. მას შემდეგ კი სარჩელის აღძვრამდე გავიდა თითქმის 20 წელი. მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულებით დგინდებოდა, რომ ამ ხნის განმავლობაში მათ მოიპოვეს რაიმე დამატებითი ინფორმაცია გ. ნ-ის შემდგომი ბედის შესახებ.
აქედან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა გ. ნ-ის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ, საფუძვლიანი იყო.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების შესახებ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ მიუთითა, რომ მამკვიდრებელი, ა. ნ-ე გარდაიცვალა 2000 წლის 15 ივნისს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, ამ დღეს გაიხსნა მისი სამკვიდრო. პალატის აზრით, მართალია, იმ დროისათვის, გ. ნ-ე აღიარებული იყო უგზო-უკვლოდ დაკარგულად, მაგრამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 21-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 1423-ე მუხლის თანახმად, მისი მემკვიდრეები, როგორც მინდობილი მესაკუთრეები, უფლებამოსილნი იყვნენ გ. ნ-ის სახელით მიეღოთ ა. ნ-ის სამკვიდრო.
აპელანტმა განმარტა, რომ დ. ნ-ე, ა. ნ-ის გარდაცვალების შემდეგ, ცხოვრობდა ა. ნ-ის სახლში, მაგრამ ამ ფაქტის დამადასტურებელი არც-ერთი მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია. სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და თავად მოსარჩელის მოთხოვნიდან კი საწინააღმდეგო დგინდება. ამიტომ, გ. ნ-ის მემკვიდრეებს ა. ნ-ის სამკვიდრო არ მიუღიათ. გარდა ამისა, პალატის მოსაზრებით, ა. ნ-ის გარდაცვალების მომენტისათვის დ. ნ-ე იყო მცირეწლოვანი, აქედან გამომდინარე, იგი თავის უფლებებს დამოუკიდებლად ვერ განახორციელებდა. თუმცა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1422-ე მუხლის თანახმად, აპელანტს შეეძლო თავისი სამემკვიდრეო უფლებები დაეცვა წარმომადგენლის, დედის მეშვეობით.
ა. ნ-ის გარდაცვალების დროისათვის გ. ნ-ე უკვე 6 წლის დაკარგული იყო. ე.ი. ამ დროს დ. ნ-ის კანონისმიერ წარმომადგენელს, უკვე შეეძლო მიემართა სასამართლოსათვის გ. ნ-ის გარდაცვლილად გამოცხადებისა და სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
დ. ნ-ის წარმომადგენელმა ამ მოთხოვნით სარჩელი აღძრა მხოლოდ 2012 წლის 15 მაისს. აპელანტს არ მიუთითებია და დაუსაბუთებია, თუ რატომ ვერ მოახერხა მან დარღვეული უფლების დასაცავად მიემართა სასამართლოსათვის მთელი ამ დროის განმავლობაში. ამიტომ, აპელანტის მოთხოვნა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების თაობაზე, პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია. შესაბამისად, აღნიშნა, რომ დ. ნ-ე ა. ნ-ის მემკვიდრე არ იყო. ამიტომ, მისი მოთხოვნა მემკვიდრედ ცნობასა და სამკვიდრო მოწმობის ბათილად აღიარების თაობაზე უსაფუძვლოდ ჩათვალა.
პალატამ მიუთითა, რომ ა.ნ-ის სამკვიდრო მიიღო მოწინააღმდეგე მხარემ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, გახდა სამკვიდროში შემავალი ნივთების, მათ შორის, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კი, ვ. ნ-ე, როგორც ქონების მესაკუთრე, უფლებამოსილი იყო იგი განეკარგა. ამიტომ, ვ. ნ-ის მოქმედება მართლზომიერი იყო.
პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტის მიმართ გადახდის ვალდებულება არ წარმოშობია ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული არც-ერთი საფუძვლიდან. ამიტომ, მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელი იყო.
პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, გ. ნ-ის გარდაცვლილად გამოცხადებაზე უარის თქმის ნაწილში, იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული არ იყო, რის გამოც, აღნიშნულ ნაწილში იგი გაუქმებას ექვემდებარებოდა.
სააპლაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ნ-ემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე, როგორც ა. ნ-ის გარდაცვალებამდე, ისე მისი გარდაცვალების შემდეგაც იზრდებოდა ბებიისა და ბაბუის ოჯახში, სასამართლომ მოსარჩელე ჯერ ა. ნ-ის მემკვიდრედ ჩათვალა, შემდეგ კი, დადგენილად მიიჩნია, რომ იგი მამკვიდრებლის მემკვიდრე არ არის, მაშინ, როცა იგი მართლაც მამის, გ.ნ-ის გარდაცვალებულად გამოცხადებამდე ა. ნ-ის მემკვიდრეთა არცერთი რიგის წევრად ვერ იქნებოდა მიჩნეული. სასამართლომ საქმეზე არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები და ფაქტები სამართლებრივად არასწორად შეაფასა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 23-ე, 1306-ე, 1336-ე მუხლები და არასწორად განმარტა ამავე კოდექსის 22-ე, 23-ე, 1319-ე, 1426-ე, 1422-ე, 1433-ე მუხლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით დ. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ. ნ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (5000 ლარი) 70% –3500 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ნ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ დ. ნ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 30 იანვარს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (5000 ლარი) 70% – 3500 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე