Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-214-206-2013 3 ივნისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ე. კ-ის ურფლებამონაცვლე ლ. კ-ი (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელზე – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. და ნ. ა-ი (შეგებებული სარჩელის ავტორი, ძირითად სარჩელზე – მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა (ძირითად სარჩელში) საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ჩ-მა, ნ. ბ-მა და ე. კ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში თ. და ნ. ა-ის მიმართ და მოითხოვეს ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა №18-ში მდებარე ნ. და თ. ა-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ (ე. ჩ-ის 16750 ლარის სანაცვლოდ – 108,34 კვ.მ-ის, ნ.ბ-ის 9250 ლარის სანაცვლოდ – 59,85 კვ.მ-ის, ე. კ-ის 4850 ლარის სანაცვლოდ – 31,84 კვ.მ-ის) აღნიშნული უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა. მოსარჩელეთა მითითებით, ისინი წარმოადგენენ სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეებს და უფლება აქვთ, შესაბამისი კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში მიიღოს მათ სარგებლობაში არსებული ფართი.

მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ და მიუთითეს, რომ მოსარჩელები იყვნენ საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეები, მაგრამ მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომები სრულად არ წარმოადგენდა დათმობის საგანს.

თ. და ნ. ა-მა შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს: 1. ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა №18-ში მდებარე 17.57 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების – 6300 აშშ დოლარის 75%-ის გადახდის სანაცვლოდ შეუწყდეს ე. ჩ-ს მფლობელობა აღნიშნულ საცხოვრებელ სადგომზე, ვინაიდან თავდაპირველი უფლების დათმობის ობიექტს წარმოადგენდა 17,57 კვ.მ საცხოვრებელი სადგომი; 2. ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა №18-ში მდებარე 21,79 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების – 8700 აშშ დოლარის 75%-ის გადახდის სანაცვლოდ შეუწყდეს ნ. ბ-ს მფლობელობა აღნიშნულ საცხოვრებელ სადგომზე, ვინაიდან თავდაპირველი უფლების დათმობის ობიექტს წარმოადგენდა 21,79 კვ.მ საცხოვრებელი სადგომი; 3. ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა №18-ში მდებარე 27,94 საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების – 8700 ა.შ.შ დოლარის 75%-ის გადახდის სანაცვლოდ შეუწყდეს ე. კ-ს მფლობელობა აღნიშნულ საცხოვრებელ სადგომზე, ვინაიდან თავდაპირველი უფლების დათმობის ობიექტს წარმოადგენდა 27,94 კვ.მ საცხოვრებელი სადგომი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ე. ჩ-ის, ნ. ბ-სა და ე. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ე. ჩ-ს თ. ა-ის და ნ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 16750 ლარის გადახდა, ე. ჩ-ი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა №18-ში მდებარე ნ. და თ. ა-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონებიდან (საკადასტრო კოდი ...) 108,34 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ, ნ. ბ-ს თ. და ნ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 9250 ლარის გადახდა, ნ. ბ-ი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა №18-ში მდებარე ნ. და თ. ა-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონებიდან (საკადასტრო კოდი ...) 59,85 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ, ე. კ-ს თ. და ნ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4850 ლარის გადახდა, ე. კ-ი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა №18-ში მდებარე ნ. და თ. ა-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონებიდან (საკადასტრო კოდი ...) 31,84 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ, ამავე გადაწყვეტილებით ნ. და თ. ა-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. და თ. ა-მა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივნისის განჩინებით სამოქალაქო საქმის წარმოება შეჩერდა გარდაცვლილი ე. კ-ის ნაწილში 2012 წლის 1 დეკემბრამდე და განახლდა საქმეში მის უფლებამონაცვლედ ლ. კ-ის ჩაბმის შემდეგ. იმავე სასამართლოს 2012 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. და თ. ა-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა ე. ჩ-სა და ნ. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილებისა და მათ მიმართ ნ. და თ. ა-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ე. ჩ-სა და ნ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ნ. და თ. ა-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ. ა-სა და/ან თ. ა-ის მიერ ე. ჩ-ის სასარგებლოდ 50 250 ლარის გადახდის შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების დოკუმენტის ან ამ ვალდებულების სხვაგვარად შეწყვეტის დოკუმენტის წარდგენის შემდეგ ე. ჩ-ს შეუწყდა მფლობელობა ქ.თბილისში, ფ-ის ქ.№18-ში მდებარე მის მიერ დაკავებულ 108.34 კვ.მ საცხოვრებელ სადგომზე და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეებს – ნ. და თ. ა-ს, ნ. და/ან თ. ა-ის მიერ ნ. ბ-ის სასარგებლოდ 27 750 ლარის გადახდის შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების დოკუმენტის ან ამ ვალდებულების სხვაგვარად შეწყვეტის დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, ნ. ბ-ს შეუწყდა მფლობელობა მის მიერ დაკავებულ 59.85 კვ.მ საცხოვრებელ სადგომზე და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეებს – ნ. და თ. ა-ს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. და თ. ა-მა, ასევე ე. ჩ-მა და ნ. ბ-მა გაასაჩივრეს საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. და თ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა ე. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილებისა და მის მიმართ ნ. და თ. ა-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ე. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ნ. ა-სა და თ. ა-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ. და/ან თ. ა-ის მიერ ე. კ-ის უფლებამონაცვლე ლ. კ-ის სასარგებლოდ 14 550 ლარის გადახდის შემთხვევაში ვალდებულების შესრულების დოკუმენტის ან ამ ვალდებულების სხვაგვარად შეწყვეტის დოკუმენტის წარდგენის შემდეგ ლ. კ-ს შეუწყდა მფლობელობა მის მიერ დაკავებულ ქ.თბილისში, ფ-სის ქ.№18-ში მდებარე 31.84 კვ.მ საცხოვრებელ სადგომზე და ეს უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეებს – ნ. და თ. ა-ს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა №18-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და 218 კვ.მ №1, №2, №3, №4, №5 შენობა-ნაგებობები (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრირებულია ნ. და თ. ა-ის საკუთრებად. 2012 წლის 9 დეკემბერს დამოწმდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი – №090838029 სამკვიდრო მოწმობა. ნ. და თ. ა-ს აღნიშნული ქონება მემკვიდრეობით აქვთ მიღებული მ. ა-ან.

ნ. და თ. ა-ი სადავოდ არ ხდიან, რომ ე. კ-ი წარმოადგენდა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეს, რომელსაც ეს უფლება მოპოვებული ჰქონდა საცხოვრებელი სადგომის თავდაპირველ მესაკუთრესთან (მიხეილ აზატოვთან) საცხოვრებელი სადგომის დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე. ეს გარემოება ასევე დასტურდება საქმეში არსებული კომუნალური გადასახადების გადამხდელ აბონენტად რეგისტრაციის დამადასტურებელი მტკიცებულებებით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციით.

მესაკუთრეები სადავოდ ხდიან მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოსარგებლის მიერ დაკავებული ფართი არ შეესაბამება და აღემატება დათმობილი ფართის ოდენობას.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დასაბუთებულად არ გაიზიარა ა-ის ეს მოსაზრება. ე. კ-ის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა – ც. ღ-ის და ს. ტ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ქ.თბილისში ფ-ის ქუჩა №18-ში ც. ღ-ი საცხოვრებლად გადავიდა 1960 წელს, ხოლო ს. ტ-ი - 1966 წელს, ე. კ-ის ოჯახის მიერ დღევანდელი მდგომარეობით დაკავებული საცხოვრებელი სადგომი დაახლოებით 40 წელიწადია იყო მათ მფლობელობაში და რაიმე დავა აღნიშნულთან დაკავშირებით უძრავი ქონების მესაკუთრესთან ან სხვა პირთან არ ჰქონია.

შესაბამისად, პალატის განმარტებით, როგორც ამ მოწმეთა ჩვენებების, ისე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ ე. კ-ან მიმართებაში დათმობის საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ფ-ის ქუჩა №18-ში მდებარე მის მიერ დაკავებული 31,34 კვ.მ საცხოვრებელი სადგომი.

ამ დასკვნის გასაკეთებლად საქალაქო სასამართლო ასევე სწორად დაეყრდნო იმ გარემოებებს, რომ მოსარგებლე ე. კ-ი დაახლოებით ორმოცი წელიწადია ფლობდა მითითებული ოდენობით საცხოვრებელ ფართს და ამ ხნის განმავლობაში უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრე მიხეილ აზატოვს რაიმე პრეტენზია არ ჰქონია, ამასთან, არც ამჟამინდელი მესაკუთრეები – ნ. და თ. ა-ი აცხადებდნენ პრეტენზიას. მოსარგებლის მიერ დაკავებული ფართის ოდენობა სადავო გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრეებმა გადაწყვიტეს, მოეთხოვათ თანხის გადახდის სანაცვლოდ, მოსარგებლეთა მფლობელობის შეწყვეტა საცხოვრებელ სადგომზე.

ნ. და თ. ა-ის მიერ წარდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2011 წლის 28 დეკემბრის დასკვნის მიხედვით, თ. ა-ის მიერ აზომვით ნახაზზე მონიშნული ე. კ-ის მიერ დაკავებული 27,94 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულება შეადგენს 11500 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს.

ე. კ-ის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული კომპანია „კომპაუდის“ 2011 წლის 13 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა №18-ში მდებარე ე. კ-ის მიერ დაკავებულია 31,34 კვ.მ საცხოვრებელი სადგომი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 19400 ლარს.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება, რომ სასამართლოს მოსარგებლის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის ოდენობისა და საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას უნდა გამოეყენებინა მათ მიერ წარდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2011 წლის 28 დეკემბრის დასკვნა ან თავისი ინიციატივით დაენიშნა ახალი ექსპერტიზა, ნაცვლად მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი აუდიტორული კომპანია „კომპაუდის“ 2011 წლის 13 ოქტომბრის დასკვნისა.

პალატამ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, მოსარგებლის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის ფართისა და საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას მართებულად გამოიყენა აუდიტორული კომპანია „კომპაუდის“ 2011 წლის 13 ოქტომბრის დასკვნა, რადგან აღნიშნული დასკვნით სრულად იყო განსაზღვრული მოსარგებლის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის ფართი და საბაზრო ღირებულება, ხოლო სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ შეფასდა მხოლოდ თ. ა-ის მიერ მითითებული ფართი, რაც სრულად არ ასახავდა მოსარგებლის მიერ რეალურად დაკავებული საცხოვრებელი სადგომის ოდენობას და, შესაბამისად, მის საბაზრო ღირებულებას.

ამდენად, პალატამ დაადგინა, რომ ე. კ-ს ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა №18-ში დაკავებული ჰქონდა 31,34 კვ.მ, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 19400 ლარს.

სასამართლომ იხელმძღვანელა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით, 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში არც მესაკუთრეები (აპელანტები) ხდიან სადავოდ, რომ ე. კ-ი (უფლებამონაცვლე ლ. კ-ი) წარმოადგენდა ქ. თბილისში, ფ-ის ქუჩა №18-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს, რომელსაც ეს უფლება მიღებული ჰქონდა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებებით.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3, მე-6 პუნქტები. აღნიშნული კანონის სპეციფიკიდან გამომდინარე, მესაკუთრისა და მოსარგებლის ერთდროული მოთხოვნის არსებობისას უპირატესობა ენიჭება მესაკუთრის უფლების რეალიზაციას.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ. და თ. ა-ი სადავოდ არ ხდიდნენ ე. კ-ის სტატუსს. ისინი სადავოდ ხდიდნენ მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოსარგებლის მიერ დაკავებული ფართი არ შეესაბამებოდა და აღემატებოდა დათმობილი ფართის ოდენობას. ამასთან, ნ. და თ. ა-ს აღძრული ჰქონდათ შეგებებული სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში ზემოთ აღნიშნული კანონით მათთვის მინიჭებული უფლების რეალიზაციის მოთხოვნით, თანხმობას აცხადებდნენ მოსარგებლისათვის გადაეხადათ საკომპენსაციო თანხა იმ ოდენობის ფართზე, რაზეც სასამართლო მიიჩნევდა მოსარგებლედ ე. კ-ს. ასეთ პირობებში, უდავოა, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლიდან გამომდინარე, საკითხი უნდა გადაწყდეს მესაკუთრეების (შეგებებულ სარჩელში მოსარჩელეების) სასარგებლოდ.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. კ-ის (თავდაპირველი მოსარგებლე) უფლებამონაცვლე ლ. კ-ის მიერ ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა №18-ში დაკავებული 31,34 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულება შეადგენს 19 400 ლარს. ამდენად, ვინაიდან საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრეები – ნ. და თ. ა-ი თანხმობას აცხადებენ, მოსარგებლეს გადაუხადონ მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%, ე. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი აღარ არსებობს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ე. კ-ის ურფლებამონაცვლე ლ. კ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა ამ ნაწილში მისი გაუქმება და ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ დაადგინა, რომ ე. კ-ის უფლებამონაცვლე ლ. კ-ი არის 31,84 კვ.მ საცხოვრებელი ფართის კანონიერი მოსარგებლე. ნ. და თ. ა-ი აღიარებდნენ მოსარჩელეთა კანონიერი მოსარგებლეობის სტატუსს, თუმცა თავიდანვე წინააღმდეგი იყვნენ, აენაზღაურებინათ მოსარჩელეთა მიერ მთლიანად დაკავებული ზემოთ აღნიშნული საცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულების 75%, რაზედაც განაცხადეს კიდეც პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელსა და შეგებებულ სარჩელში. მოწინააღმდეგე მხარე კომპენსაციას იხდიდა მხოლოდ და მხოლოდ 27.94 კვ.მ-ს სანაცვლოდ, საბაზრო ღირებულების 75%-ს.

ამდენად, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარე თავიდანვე თანახმა იყო, კასატორის მიერ მთლიანად დაკავებული საცხოვრებელი ფართის კომპენსაციის გადახდაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარეს უნდა შეეტანა შეგებებული სარჩელი, რაც არ განუხორციელებია. აღნიშნულის გამო, პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად კანონიერად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნები.

სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კანონი, როდესაც დააკმაყოფილა ისეთი მოთხოვნა, რომელზეც შეგებებული სარჩელი შეტანილი არ ყოფილა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 მარტის განჩინებით ე. კ-ის უფლებამონაცვლე ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ე. კ-ის უფლებამონაცვლე ლ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. კ-ის უფლებამონაცვლე ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე