Facebook Twitter

№ას-242-232-2013 3 ივნისი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „ი. 98-ის“ დირექტორი მ. ვ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

წარმომადგენელი - მ. ბ-ი

მესამე პირი - ი. კ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - სამეწარმეო რეესტრში ცვლილებები რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „ი. 98-ის“ დირექტორმა მ. ვ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 04 ივნისის ცვლილების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 17 ივლისის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

მოსარჩელის მითითებით, იგი არის შპს „ი.-98-ის“ დირექტორი და კაპიტალის 52% წილის მფლობელი. მისი ინფორმირების გარეშე, საჯარო რეესტრმა შეცვალა დამფუძნებელი პარტნიორის გვარი, დაბადების წელი და მოახდინა პირადი ნომრის იდენტიფიცირება. აღნიშნული პარტნიორი - ზ. კ-ა იყო გარდაცვლილი და მისი მემკვიდრის ინტერესებისათვის საჯარო რეესტრი სხვადასხვა მოქმედებებს ახორციელებდა. საზოგადოების პარტნიორად ზ. კ-ას ნაცვლად მისი შვილი ი. კ-ა დარეგისტრირდა, მაშინ, როდესაც მოსარჩელე ამის წინააღმდეგი იყო და პრეტენზია დაფიქსირებული იყო სამეწარმეო რეესტრში. ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა პარტნიორის ცვლილების რეგისტრაცია, მაგრამ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას მესამე პირად ი. კ-ა ჩაერთო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ი.-98-ის“ დირექტორ მ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განჩინებით მ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმება აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან დავის საგანია ი. კ-ას შპს ,,ი. 98-ის“ პარტნიორად რეგისტრაციის კანონიერების საკითხი, ამიტომ საქმის განმხილველ სასამართლოს უდავო ფაქტობრივ გარემოებათა ჩამონათვალში არ უნდა მიეთითებინა ი. კ-ას წილობრივი მონაწილეობისა და მისი საზოგადოების პარტნიორად ყოფნის შესახებ ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნულის პასუხად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-51 პუნქტზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-201 მუხლის პირველი პუნქტზე და განმარტა, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმცია თავისი ბუნებით წარმოადგენს რა იურიდიულ ფიქციას, ივარაუდება, რომ რეესტრში უფლების რეგისტრაციის ფაქტი სრულად და სწორად არის განხორციელებული. ამიტომ ობიექტურად არსებული ნებისმიერი ფაქტი, რომელიც მიუთითებს რეგისტრაციის ხარვეზზე, ვერ გამორიცხავს განსახილველი ნორმით დაცულ ვარაუდს რეესტრში რეგისტრირებული უფლების მართებულობასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია 2012 წლის 4 ივნისს მომზადებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის მიხედვით დგინდება, რომ შპს „ი.-98-ის“ დამფუძნებელ პარტნიორებს წარმოადგენენ: ლ. მ-ე - 2%, მ. ვ-ე - 52% და ი. კ-ა - 46%. (ტ. I. ს.ფ. 18). ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს რეგისტრაციის ჩანაწერს, რომელიც არ არის გაუქმებული, ამიტომ თბილისის საქალაქო სასამართლო სწორად დაეყრდნო აღნიშნულ ამონაწერს, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ შპს ,,ი. 98-ის“ დირექტორმა და საზოგადოების 50% წილის მქონე დამფუძნებელმა პარტნიორმა ნ. გ-ემ ერთპიროვნულად გაასწორა საზოგადოების სადამფუძნებლო დოკუმენტში დაშვებული შეცდომა და ცვლილებები შეეტანა წესდებაში, რისი უფლებამოსილებაც მას არ გააჩნდა.

სასამართლოს მითითებით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პარტნიორთა საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას საწარმოს წესდებაში ცვლილებების მიღების შესახებ. იმავე კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან წესდებით. შპს ,,ი. 98“-ის წესდების 4.8. პუნქტის თანახმად, თითოეულ პარტნიორს უფლება აქვს გადასცეს თავისი წილი (ან მისი ნაწილი) საზოგადოებას, გაყიდოს საზოგადოების წევრებზე (მემკვიდრეობით ან ანდერძით დაუტოვოს იგი მესამე პირს) საზოგადოების თანხმობით. წესდების 7.3. პუნქტის შესაბამისად, საზოგადოების წესდების შეცვლა შეიძლება მხოლოდ პარტნიორთა გადაწყვეტილებით. ასეთ გადაწყვეტილებას სჭირდება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უბრალო უმრავლესობა და სანოტარო წესით დამოწმება. 7.4. პუნქტის მიხედვით პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს ყველა საკითხზე ხმების უმრავლესობით, მათ შორის, წილთა შეძენაზე და გასხვისებაზე. 7.9. პუნქტის თანახმად, საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დგება ოქმი, რომელზედაც აუცილებელია თავჯდომარის ხელმოწერა.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ შპს ,,ი.-98-ის“ 2008 წლის 24 ივლისის №1 პარტნიორთა საერთო კრების ოქმზე, რომლითაც გასწორდა საზოგადოების წესდებაში დაშვებული მექანიკური შეცდომა და დამფუძნებელი „ზ. კ-ა, დაბადებული ... წელს“, ნაცვლად ჩაიწერა „ზ. კ-ა, დაბადებული ... წელს“; ამასთან, საზოგადოებაში პარტნიორად აწ გარდაცვლილი ზ. კ-ას ნაცვლად მიღებული იქნა მისი მემკვიდრე ი. კ-ა. აღნიშნულ ოქმში მითითებულია, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ყველა დამფუძნებელი თანახმაა საზოგადოებაში ზ. კ-ას ნაცვლად პარტნიორად მიღებულ იქნას ი. კ-ა. კრების ოქმს ხელს აწერს კრების თავჯდომარე ნ. გ-ე. ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ (ტ. I, ს.ფ. 41-42).

აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საზოგადოების წესდებაში ცვლილების შეტანა და გარდაცვლილი პარტნიორის ნაცვლად მის მემკვიდრის მიღება განახორციელა არა ნ. გ-ემ ერთპიროვნულად, არამედ საზოგადოებამ პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, რომელიც გაფორმდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის და საზოგადოების წესდების მოთხოვნათა სრული დაცვით, კერძოდ, აღნიშნულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა საზოგადოების ყველა პარტნიორმა და კრების გადაწყვეტილება გაფორმდა კრების ოქმით, რომელსაც ხელი მოაწერა კრების თავჯდომარემ. მისი ხელმოწერა კი, დადასტურდა ნოტარიუსის მიერ.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ პარტნიორთა კრება არ მოწვეულა და სადავო გადაწყვეტილება მიღებულია ნ. გ-ის მიერ ერთპიროვნულად, აპელანტს ეკისრებოდა, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება.

სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს აპელანტის მსჯელობას, რომ საზოგადოების წესდებაში დაშვებული მექანიკური შეცდომის გასწორების საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამეწარმეო სუბიექტის წესდება, თავისი არსით, სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებაა, რომელშიც მხარეები (პარტნიორები) სახელშეკრულებო თავისუფლების პირობებში თავად განსაზღვრავენ თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებს. შესაბამისად, წესდებაში ცვლილების შეტანაც პარტნიორთა პრეროგატივას წარმოადგენს. რაც შეეხება სასამართლოს მიერ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენისათვის აუცილებელ პირობებს და ამ კატეგორიის დავებზე სასამართლოს კომპეტენციას აწესებს მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში კი, დგინდება, რომ სადამფუძნებლო დოკუმენტებში დაშვებული მექანიკური შეცდომა თავად ამავე საწარმოს მიერ გასწორდა, რის გამოც არ არსებობდა სასამართლოსადმი მიმართვის საჭიროება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მ. ვ-ის პოზიცია, რომ სამეწარმეო რეესტრში შპს ,,ი.-98-ის“ პარტნიორად ზ. კ-ას ნაცვლად არასწორად დარეგისტრირდა ი. კ-ა.

სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის პირველი პუნქტზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურს 2012 წლის 21 მაისს სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა დაინტერესებულმა პირმა ი. კ-ამ, რომელმაც მოითხოვა საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. შესაბამისად, 2012 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,ი. 98-ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, საზოგადოების პარტნიორად 46%-იანი წილის მფლობელად მიეთითა ი. კ-ა (ტ. I. ს.ფ. 50). ცვლილების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო შემდეგი დოკუმენტები: ა) 21.05.2012 წლის სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც დასტურდება, რომ ი. კ-ამ მიიღო აწ გარდაცვლილი მამის ზ. კ-ას სამკვიდრო ქონება, მათ შორის შპს ,,ი.-98-ის“ წილი, რომელსაც შეადგენდა მთლიანი საწესდებო კაპიტალის 46%-ს; ბ) 24.07.2012 წლის შპს ,,ი. 98-ის“ კრების ოქმი სადამფუძნებლო დოკუმენტებში დამფუძნებლის ზვიად კედიას გვარში ცვლილებების რეგისტრაციისა და ახალი დამფუძნებლის მიღების თაობაზე. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პარტნიორის გარდაცვალებისას ყოველ მემკვიდრეს შეუძლია გახდეს საზოგადოების პარტნიორი, თუ ეს გათვალისწინებულია საზოგადოების წესდებით, ან თუ ყველა პარტნიორი თანახმაა. შპს ,,ი. 98“-ის წესდების 4.8. პუნქტის თანახმად, თითოეულ პარტნიორს უფლება აქვს გადასცეს თავისი წილი (ან მისი ნაწილი) საზოგადოებას, გაყიდოს საზოგადოების წევრებზე (მემკვიდრეობით ან ანდერძით დაუტოვოს იგი მესამე პირს) საზოგადოების თანხმობით. 7.4. პუნქტის მიხედვით პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს ყველა საკითხზე ხმების უმრავლესობით, მათ შორის, წილთა შეძენაზე და გასხვისებაზე.

სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ შპს ,,ი. 98-ის“ პარტნიორი ზ. კ-ა გარდაიცვალა 2007 წლის 10 ნოემბერს. 2012 წლის 21 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის მიხედვით (№120522472) ი. კ-ამ მიიღო მამის - ზ. კ-ას სამკვიდრო ქონება, კერძოდ: 46% შპს ,,ი.-98-ის“ კაპიტალში, შპს ,,ი.-98-ის” 2008 წლის 24 ივლისის №1 კრების ოქმის მიხედვით კრებამ მიიღო გადაწყვეტილება მექანიკური შეცდომის გასწორების, შპს ,,ი.-98-ის“ წესდებაში „ზ. კ-ას“ ნაცვლად „ზ. კ-ას“ ჩაწერის, დაბადების თარიღად ... წლის მითითების და გარდაცვლილ ზ. კ-ას ნაცვლად პარტნიორად ი. კ-ას მიღების შესახებ. ი. კ-ას მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი იქნა შპს ,,ი.-98-ის“ 2008 წლის 24 ივლისის №1 კრების ოქმი, რომლის მიხედვით პარტნიორები თანხმობას აცხადებდნენ ზ. კ-ას სამკვიდრო ქონება - 46% წილი კაპიტალში მიეღო ი. კ-ას, ასევე წარდგენილი იქნა სამკვიდრო მოწმობა და საჯარო რეესტრის 2012 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილებით საზოგადოების პარტნიორად ზ. კ-ას ნაცვლად რეგისტრირებული იქნა ი. კ-ა. საქმეში წარმოდგენილი სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მ. ვ-ე შპს ,,ი.-98-ის“ პარტნიორი და დირექტორი გახდა 2012 წლის 2 თებერვალს, გადაწყვეტილება პარტნიორად ზ. კ-ას ნაცვლად ი. კ-ას მიღების შესახებ კი მიღებულია 2008 წლის 24 ივლისს. შპს ,,ი.-98-ის“ პარტნიორებს ზ. კ-ას გარდაცვალების შემდეგ უარი არ განუცხადებიათ წილის მემკვიდრეობით გადაცემასთან დაკავშირებით და არ გადაუწყვეტიათ გარდაცვლილი პარტნიორის მემკვიდრისათვის 46% წილის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მიცემა, არც აღნიშნული კრების ოქმი გაუხდიათ მხარეებს სასამართლოში სადავოდ.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, 2012 წლის 2 აპრილს, შპს ,,ი. 98-ის“ ახალი პარტნიორ მ. ვ-ის მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება 2008 წლის 24 ივლისის კრების გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, არ შეიძლება გამხდარიყო პარტნიორის ცვლილების შესახებ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, პარტნიორის გარდაცვალების შემდეგ საზოგადოებამ თანხმობა განაცხადა წილის მემკვიდრეობით გადაცემასთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „ი. 98-ის“ დირექტორმა მ. ვ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მირების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: ის გარემოება, რომ საზოგადოების პარტნიორმა ნ. გ-ემ ერთპიროვნულად გაასწორა საზოგადოების სადამფუძნებლო დოკუმენტებში დაშვებული შეცდომა, დასტურდება ი. ჩ-ას სანოტარო წესით დადასტურებული განმარტებით, რომელიც სასამართლოს არ შეუფასებია, გარდა ამისა, მოსარჩელე ი. ჩ-ას მოწმის სახით დაკითხვას ითხოვდა რაზეც სასამართლომ უარი უთხრა. 2008 წლის 24 ივლისის კრებაზე განხილული საკითხები ყველა პარტნიორის მონაწილეობით უნდა გადაწყვეტილიყო. იმ დროისათვის, საზოგადოების პარტნიორები იყვნენ ნ. გ-ე და ი. ჩ-ა, ეს უკანასკნელი კი, კრებაზე მიწვეული არ ყოფილა. სადამფუძნებლო დოკუმენტებში შეცდომა დაშვებული არ ყოფილა: ყველგან მითითებული იყო ზ. კ-ა და არც ამ უკანასკნელს გაუხდია სადავოდ ჩანაწერის სისწორე. სადამფუძნებლო დოკუმენტების გასწორება პარტნიორთა კრებაზე დაუშვებელია. მარეგისტრირებელმა ორგანომ ი. კ-ა დაინტერესებულ პირად 2012 წლის 13 მარტს ცნო, მამამისის საბუთების საფუძველზე, რაც უკანონოა. 2008 წლის 24 ივლისის კრების ოქმი რეესტრს არ უნდა დაერეგისტრირებინა, რადგანაც მისი მიღებიდან 4 წელი იყო გასული. ოქმის რეგისტრაციის ვადა კი, 1 წელია. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 33-ე მუხლი. მარეგისტრირებელმა ორგანომ არ გაითვალისწინა, რომ უნდა მომხდარიყო ზ. კ-ას წილის ლიკვიდაცია, ვინაიდან 2011 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრმა უარი თქვა ზ. კ-ას შპს „ი. 98-ის“ 46%-იანი წილის მფლობელ პარტნიორად რეგისტრაციაზე. ლიკვიდაციის ნაცვლად, რეესტრმა უკანონოდ შეცვალა პარტნიორის მონაცემები. მ. ვ-ეს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის და ახალი პარტნიორის რეგისტრაციაზე თანხმობა არ მიუცია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ი. 98-ის“ დირექტორ მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ი. 98-ის“ დირექტორ მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს 26.02.2013 წლის N... საგადახდო დავალებით გადახდილის სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

თ. თოდრია