Facebook Twitter

№ ას-25-23-2013 3 ივნისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – რ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – თ. კ-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ჭ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგბლოდ, საცხოვრებელ ბინაში ჩამოღვრილი წყლის შედეგად მიყენებული ზიანის – 4000 ლარის დაკისრება და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა ბინაში.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. კ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 ნოემბრის განჩინებით რ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. კ-ის სარჩელი თ. კ-ას მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 14 დეკემბრის განჩინებით და შევიდა კანონიერ ძალაში. ამ გადაწყვეტილებებით ირკვევა, რომ რ. კ-ე თ. კ-ან ითხოვდა 2003 წლიდან-2011 წლამდე პერიოდში, საცხოვრებელ სახლში წყლის ჩამოსვლით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ზიანის ფაქტის დასადასტურებლად, მოსარჩელეს წარდგენილი ჰქონდა ქ. ქუთაისის თვითმმართველობის ”გამარჯვების” ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2010 წლის 6 აგვისტოს წერილი, სადაც დაფიქსირებულია, რომ რ. კ-ის განცხადების შესაბამისად განხორციელდა თ. კ-ან გასაუბრება, რომელმაც ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტთან საუბარში თანხმობა განაცხადა რ. კ-ის დაზიანებული ჭერის იმ ნაწილის შეკეთებაში, რომელიც მისი ბინიდან წყლის ჩადინებით არის დაზიანებული, თუმცა კონკრეტული თარიღი თ. კ-ას არ დაუსახელებია. ამდენად, 2012 წლის 14 ივლისს წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით წარმოებულ მოცემულ დავაზე, თ. კ-ას მხრიდან წყლის ჩამოსვლის ფაქტისა და მისი ბრალეული მოქმედების დასადასტურებლად რ. კ-ის მიერ წარდგენილი იქნა იგივე მტკიცებულება, რაც იმავე მხარეთა შორის არსებულ დავაზე ერთხელ უკვე შეაფასა სასამართლომ და არ გაიზიარა.

შსს საპატრულო პოლიციის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მიერ 2012 წლის 10 ივნისს შედგენილ ოქმში და შეტყობინების ფურცელში დაფიქსირებულია, რომ მოქ. რ. კ-ის შეტყობინების საფუძველზე, საპატრულო პოლიციის ინსპექტორი გამოცხადდა ქ. ქუთაისში, გ-იას ქ. №9/1-ში; ადგილზე მისვლისას, რ. კ-ემ, განმარტა, რომ მის საცხოვრებელ ბინაში ზედა სართულიდან, სააბაზანოს ოთახში ჩამოვიდა წყალი. ანალოგიური ფაქტი განვლილი წლების განმავლობაში მეორდებოდა ხშირი ინტენსივობით. საპატრულო პოლიციის ინსპექტორის მიერ, რ. კ-ეს განემარტა, რომ მომხდარი ფაქტის გამო მიემართა სასამართლოსათვის. (ს.ფ.24-25)

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე მითითებით, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეში განთავსებული მტკიცებულებებით შსს საპატრულო პოლიციის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მიერ 2012 წლის 10 ივნისს შედგენილი ოქმითა და შეტყობინების ფურცელით დასტურდება 2011 წლის შემდეგი პერიოდისათვის, მათ შორის 2012 წლის ივნისში თ. კ-ას საცხოვრებელი ბინიდან წყლის ჩამოშვებისა და რ. კ-ის სააბაზანო ოთახის დაზიანების ფაქტი. პალატის განმარტებით, ამ მტკიცებულებებში დაფიქსირებულია რ. კ-ის განმარტება ზეპირი გასაუბრების საფუძველზე და ამ მტკიცებულებათა შინაარსით არ დგინდება თ. კ-ას საცხოვრებელი სახლიდან წყლის ჩამოსვლის ფაქტი.

ვინაიდან, მოპასუხე თ. კ-ამ სადავო გახადა რ. კ-ის საცხოვრებელ ბინაზე მისი მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტი, ხოლო საქმეში სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა თ. კ-ას საცხოვრებელი სახლიდან წყლის ჩამოსვლას წარმოდგენილი არ ყოფილა, პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 14 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. კ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ მან სააპელაციო საჩივარს საფუძვლად დაურთო მხოლოდ ძველი მტკიცებულებები და ახალი არაფერი არ წარუდგენია. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ განიხილა მის მიერ დაყენებული შუამდგომლობები ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 იანვრის განჩინებით რ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას რ. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, რ. კ-ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე