№ას-254-244-2013 3 ივნისი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქ. ყ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ბ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ბ-მა გორის რაიონულ სასამართლოში ქ. ყ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა ამ უკანნასკნელისათვის 8560 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: 2011 წლის 30 მარტს მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ლ. ბ-მა ქ. ყ-ს 4000 აშშ დოლარი ასესხა 6 თვის ვადით, ყოველთვიური 10%-იანი სარგებლით. მოპასუხეს პროცენტი არ გადაუხდია და არც თანხა დაუბრუნებია დათქმულ ვადაში. ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში გადაუხდელი თანხის 0,2%-ს ყოველდღიურად, შესაბამისად, განვლილი პერიოდისათვის მოპასუხეს აქვს დავალიანება 8560 აშშ დოლარი.
მ. ბ-მა ასევე აღძრა სარჩელი ქ. ყ-ის წინააღმდეგ მოპასუხისათვის 6000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: 2012 წლის 17 თებერვალს მ. ბ-მა მოპასუხეს 6000 აშშ დოლარი ასესხა 3 თვის ვადით. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ქ. ყ-ს თანხა არ დაუბრუნებია.
გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 ივლისის განჩინებით ზემოაღნიშნული ორი სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდა.
მოპასუხე ქ. ყ-მა ლ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ნაწილში ცნო, ხოლო პროცენტსა და პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით განმარტა, რომ ლ. ბ-მა საკუთარი უმოქმედობით თავად შეუწყო ხელი ზიანის დადგომას, პირგასამტეხლო კი, შეუსაბამოდ მაღალი იყო. მოპასუხემ მ. ბ-ის სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თანხა არ მიუღია.
გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქ. ყ-ს ლ. ბ-ის სასარგებლოდ 6 616 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა; ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. -ის სარჩელი, ქ. ყ-ს მ. ბ-ის სასარგებლოდ 6 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ მ. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით ქ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იმ გარემოებას, რომ მ. ბ-მა 2012 წლის 17 თებერვალს ქ. ყ-ს 6 000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით ასესხა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილია ქ. ყ-ის მიერ 2012 წლის 17 თებერვალს შედგენილი ხელწერილი, რომლის მიხედვით, ქ. ყ-მა ისესხა თანხა 6000 აშშ დოლარი მ. ბ-ან 3 თვის ვადით. ხელწერილში მითითებულია: ,,შეიძლება ნაწილ-ნაწილ დაფარვაც, სესხზე ორივე მხარე შევადგენთ მიღება-ჩაბარების აქტს“.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება სადავო ხელწერილთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ ხელწერილის დათქმა - „მე, ქ. ყ-მა, ვისესხე თანხა“, - ადასტურდებს ამ დროისათვის მ. ბ-ან თანხის სესხად მიღების ფაქტს. სესხის ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე, აღნიშნული ჩანაწერით დადასტურებულია, რომ ხელწერილის შედგენისას, სადაც მითითებულია, რომ მსესხებელმა თანხა ისესხა, საპირისპიროს დადასტურებამდე, სესხება, როგორც რეალური ქმედება, უკვე განხორციელდა, ამასთან, საპირისპირო მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ვალის აღიარება თავისი შინაარსითა და გამოხატვის ფორმით შეიძლება იყოს სხვადასხვა, კონსტიტუციური ან დეკლარაციული ხასიათის. კონსტიტუციური ხასიათის ვალის არსებობის აღიარებით ხდება ახალი ხელშეკრულების დადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი დამოუკიდებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ ნამდვილობისა. ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ძალა არ არის დამოკიდებული ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივ ძალასა თუ შინაარსზე. სწორედ აღნიშნული სახის ვალის არსებობის აღიარებას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლისთვისაც, სავალდებულოა მარტივი ან რთული წერილობითი ფორმის დაცვა. 2012 წლის 17 თებერვალს შედგენილი ხელწერილით მოვალე ქ. ყ-მა კრედიტორ მ. ბ-ის მიმართ 6 000 აშშ დოლარის მოცულობის ფულადი ვალდებულების არსებობა დაადასტურა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი ხელწერილი, თავისი სამართლებრივი შინაარსით, აკმაყოფილებს ვალის აღიარებისათვის დადგენილ კრიტერიუმებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხისათვის თანხის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ქ. ყ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა და საქმეში არსებული ხელწერილი არასწორად შეაფასა. განჩინებით არ ირკვევა, რის საფუძველზე ჩამოუყალიბდა სასამართლოს შინაგანი რწმენა, რომ ქ. ყ-მა თანხა მიიღო და რომ ვალდებულება არ შეუსრულებია. ხელწერილში მითითებულია, რომ ორივე მხარე მიღება-ჩაბარების აქტს შეადგენდა. 6000 აშშ დოლარის გადაცემის თაობაზე აქტი არ შემდგარა. როდესაც მოპასუხემ ლ. ბ-ან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, გაუგებარია, მ. ბ-ს მისთვის ფული რა მოსაზრებით უნდა ესესხებინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს 497,73 ლარის 70% - 347,9 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ყ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს 22.03.2013 წლის N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 497,73 ლარის 70% - 347,9 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
თ. თოდრია