Facebook Twitter

№ას-276-263-2013 10 ივნისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ს. კ. ვ-ი“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - კ. ვ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „აკად. გ. ჩ. სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - რიგითობის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „აკად. გ. ჩ. სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრმა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ს. კ. ვ-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა შპს „აკად. გ. ჩ. სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ მიმართ შპს „ს. კ. ვ-ის“ დავალიანების დაფარვის მე-5 რიგის მოთხოვნათა შესაბამისად განხორციელება.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: წლების განმავლობაში შპს „აკად. გ. ჩ. სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი“ სამედიცინო მომსახურებას უწევდა შპს „ს. კ. ვ-ის“ დაზღვეულ პაციენტებს ხელშეკრულების, საგარანტიო წერილების/მომართვებისა და სატელეფონო შეთანმების საფუძველზე. ურთიერთობა ხორციელდებოდა 2009 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულების შესაბამისად. 2011 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით შპს „ს. კ. ვ-ს“ დაუგროვდა დავალიანება - 59 880 ლარი. 2011 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ შპს „ვ-ი“ გამოცხადდა გაკოტრებულად და დაინიშნა გაკოტრების მმართველი, რომელსაც 2011 წლის 2 ნოემბერს წარუდგინეს წერილობითი მოთხოვნა დავალიანების ანაზღაურების თაობაზე. წერილს ერთვოდა საგარანტიო წერილები, დაზღვეულთა პირადობის მოწმობები და სადაზღვევო პოლისების ასლები. აღნიშნული წერილის პასუხად, მოსარჩელემ მიიღო გაკოტრების მმართველის 2011 წლის 5 დეკემბრის N213-01/11 წერილობითი პასუხი, რომლითაც იგი დაეთანხმა მოთხოვნის ოდენობას და აცნობა, რომ მათი მოთხოვნა მიეკუთვნებოდა მე-7 რიგს. მოსარჩელე მხარე არ დაეთანხმა შპს „ვ-ის“ გაკოტრების მმართველის მოსაზრებას რიგითობის განსაზღვრის შესახებ და 2012 წლის 9 ივლისს წერილით მიმართა მას, სადაც განუმარტა, რომ, „დაზღვევის შესახებ“ კანონის 33-ე მუხლის თანახმად, მათი მოთხოვნა მე-5 რიგს მიეკუთვნებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „აკად. გ. ჩ. სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 თებერვლის გადაწყვეტილებით „გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა შპს „აკად. გ. ჩ. სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ მიმართ შპს „ს. კ. ვ-ის“ დავალიანების დაფარვის მე-5 რიგის მოთხოვნათა შესაბამისად განხორციელება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „აკად. გ. ჩ. სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი“ სამედიცინო მომსახურებას უწევდა შპს „ს. კ. ვ-ის“ დაზღვეულ მოქალაქეებს ხელშეკრულების, საგარანტიო წერილების/მიმართვების და ასევე სატელეფონო შეთანხმების საფუძველზე. 2011 წლის იანვრიდან იმავე წლის აგვისტოს ჩათვლით შპს „ს. კ. ვ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაუგროვდა დავალიანება - 59 880 ლარი. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 14 სექტემბრის №688 განკარგულების საფუძველზე, შპს „ს. კ. ვ-ს“ გაუუქმდა ს. საქმიანობის ლიცენზია და დაიწყო მისი გაკოტრების საქმის წარმოების პროცესი, დაინიშნა გაკოტრების მმართველი. 2011 წლის 2 ნოემბერს შპს „აკად. გ. ჩ. სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრმა“ მოპასუხეს წარუდგინა წერილობითი მოთხოვნა ზემოთ აღნიშნული დავალიანების ანაზღაურების თაობაზე. 2011 წლის 5 დეკემბერს შპს „ს. კ. ვ-ი“ №213-01/11 წერილობითი პასუხით დაეთანხმა მოთხოვნის ოდენობას და შპს „აკად. გ. ჩ. სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს” აცნობა, რომ მათი მოთხოვნა მიეკუთვნებოდა მე-7 რიგის მოთხოვნას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეებს შორის სადავოა მოთხოვნის რიგითობა, კერძოდ, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა მიეკუთვნება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 334-ე მუხლის მე-9 პუნქტის ”ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მე-5 რიგის მოთხოვნას. კანონის ამ ნორმის მიხედვით, მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დროს მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი თანმიმდევრობით: მეხუთე რიგი - ყველა სხვა კრედიტორის მოთხოვნები, რომლებიც გამომდინარეობს ყველა სხვა დაზღვევის ხელშეკრულებიდან. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, მოსარჩელე არ წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლით განსაზღვრული დაზღვევის ხელშეკრულების მხარეს ანუ „დამზღვევს“, რის გამოც მისი მოთხოვნა „მზღვეველის“ მიმართ არ გამომდინარეობდა დაზღვევის ხელშეკრულებიდან, რაც იმთავითვე გამორიცხავდა მოსარჩელის აღიარებას მეხუთე რიგის კრედიტორად.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა „დაზღვევის შესახებ“ კანონის 334-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის ამგვარი განმარტება და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა სადავო ნორმის სიტყვასიტყვით და არა მის შინაარსობრივ-ლოგიკურ განმარტებას.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეები არ დავობენ, რომ სადავო პერიოდში მათ შორის მოქმედებდა 2009 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული „სამედიცინო მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულება, რომლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „სამედიცინო დაწესებულება ვალდებულებას იღებს, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით უზრუნველყოს მზღვეველის მიერ დაზღვეული პირები სამედიცინო მომსახურებით, ხოლო მზღვეველი თავის მხრივ ვალდებულებას იღებს, დროულად და სრულყოფილად გადაუხადოს სამედიცინო დაწესებულებას გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება ამ ხელშეკრულების დანართებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ტარიფების მიხედვით“; ამდენად, უდავოა, რომ მითითებული ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა შპს „ს. კ. ვ-ის“ (მზღვეველის) მიერ ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების სრულფასოვნად შესრულება დამზღვევების მიმართ, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ს. შემთხვევის არსებობისას, მზღვეველ შპს „ს. კ. ვ-ის” საგარანტიო წერილების/მიმართვების და ასევე სატელეფონო შეთანხმების საფუძველზე, დამზღვევები, მზღვეველთან გაფორმებული ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, სამედიცინო მომსახურებას იღებდნენ შპს „აკად. გ. ჩ. სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში“, ხოლო მომსახურების საფასურს მოპასუხე იხდიდა მოსარჩელის მიერ სათანადო დოკუმენტების წარდგენის შემდეგ. მოდავე მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა, თავისი სამართლებრივი ბუნებით, წარმოადგენს მესამე პირთა - შპს „ს. კ. ვ-ში“ დაზღვეული პირების სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმდა მხოლოდ იმ მიზნით, რომ მზღვეველს შეესრულებინა ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები დამზღვევების მიმართ.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 349-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ არსებული ურთიერთობის ფარგლებში მოპასუხე კ-ი დაზღვეულებისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის შემდეგ, სწორედ, მოსარჩელეს წარმოეშობა იმ მოთხოვნების (მომსახურების საფასურის ანაზღაურება) უფლება მზღვეველის მიმართ, რა მოთხოვნებიც ექნებოდათ დამზღვევებს იმ შემთხვევაში, თუ ამ სამედიცინო მომსახურებას მიიღებდნენ საკუთარი ფინანსებით. სასამართლომ, ასევე, მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნები მოპასუხის მიმართ, სამართლებრივად უთანაბრდება დამზღვევის იმ მოთხოვნებს, რაც გამომდინარეობს ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „დაზღვევის შესახებ კანონის“ 334-ე მუხლის მე-9 პუნქტი და „მზღვეველს იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ მე-16 მუხლი. აღნიშნული ნორმებით განსაზღვრულია გაკოტრების საქმის წარმოების დროს მოთხოვნის დაკმაყოფილების რიგითობა. კანონმდებელი უპირატესობას ანიჭებს გარკვეული სადაზღვევო ურთიერთობის მონაწილე დაზღვეულ პირთა ინტერესების დაცვას. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის საფუძველზე, დაზღვევის ხელშეკრულების მხარეები არიან მზღვეველი (ს. კ.) და დამზღვევი/დაზღვეული. „გადაუდებელ კარდიოლოგიის ცენტრთან“ დადებული ხელშეკრულება, რომელიც, თავისი არსით, მომსახურების ხელშეკრულებაა, არ შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის დისპოზიციას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს. კ. ვ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს. კ. ვ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

თ. თოდრია