№ ას-28-26-2013 3 ივნისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი. კ-ე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელი მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შ. ბ-ე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა (ძირითად სარჩელში); საცხოვრებელი სადგომზე მფლობელობის შეწყვეტა დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ (შეგებებული სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. ბ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხე შ. ბ-ის საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის - 1025 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, თბილისში, ზემო დ-ის ქ. №47-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში (საკადასტრო კოდი ...) განთავსებული 20.57 მ2 საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ მოსარჩელე ი. კ-ის ცნობა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა ი. კ-ის საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის - 5092 ლარის გადახდის სანაცვლოდ, თბილისში, ზემო დ-ის ქ. №47-ში შენობა-ნაგებობაში (საკადასტრო კოდი ...) განთავსებული 20.57 მ2 საცხოვრებელ სადგომზე ი. კ-ის მფლობელობა-სარგებლობის უფლების შეწყვეტა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით ი. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შ. ბ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; შ. ბ-ეს, ი. კ-ის სასარგებლოდ, დაეკისრა 5092 ლარის გადახდა და ამ ვალდებულების დაკისრების სანაცვლოდ, ი. კ-ეს შეუწყდა თბილისში, ზემო დ-ის ქ. №47-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში (საკადასტრო კოდი ...) განთავსებული 20.57 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობა-სარგებლობის უფლება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ი. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა წარმოდგება „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარიგებიდან, რომელიც შეეხება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობას; მოსარჩელე ი. კ-ე არის ამ კანონით განსაზღვრული მოსარგებლე.
მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 01 ნოემბრის N021263-2011/03-10/1 ექსპერტის დასკვნის მონაცემებზე დაყრდნობით აღიარეს, რომ ი. კ-ე ფლობდა 20.57 კვ.მ საცხოვრებელ სადგომს, რომლის საბაზრო ღირებულება იყო 4100 აშშ დოლარი, რაც შესაბამისი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა 6786 ლარს.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადასტურდა, რომ თბილისში, ზემო დ-ის ქ. №47-ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი ...) მოპასუხე შ. ბ-ის საკუთრებას წარმოადგენდა.
დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ი. კ-ე წარმოადგენდა სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს, რომელსაც მფლობელობის უფლება მიღებული ჰქონდა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, შეგებებული სარჩელის ავტორი - შ. ბ-ე კი იყო სადავო სადგომის მესაკუთრე; საქმის მასალებით ასევე, დადასტურებულად იქნა მიჩნეული მესაკუთრის ნება „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებით ერთმნიშვნელოვნად სარგებლობის თაობაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრის მიერ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უფლების გამოყენების პირობებში, შ. ბ-ის მოთხოვნა, საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ, საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტის თაობაზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართლზომიერად დააკმაყოფილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.
სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ ვინაიდან შ. ბ-ე აღნიშნული დავის აღძვრამდე უარს ამბობდა კომპენსაციის გადახდაზე და სადავო ფართიდან გამოასახლა კიდეც იგი, ამიტომ ი. კ-ის სარჩელი სრულად ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 იანვრის განჩინებით ი. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ი. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ი. კ-ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე