№ას-283-269-2013 7 ივნისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ს. კ. ვ-ი“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - კ. ვ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ს. კ. ვ-ის“ (შპს „ვ-ი“) წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის 28 337 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა შპს „მ-მა“, რომელმაც აიღო ვალდებულება, 2011 წლის 20 ივნისს გაფორმებული N134 და N135 ხელშეკრულებების საფუძველზე, გაერემონტებინა დაბა ხელვაჩაურის მუსიკალური სკოლის შენობა და კეთილმოეწყო დაბა ხელვაჩაურის ჩაის ფაბრიკის დასახლების ეზოები. შპს „მ-ს“ სამუშაოების შესრულების მიზნით ავანსად საერთო ჯამში 76 530 ლარი გადაეცა, საიდანაც მხოლოდ 48 193 ლარის ღირებულების სამუშაო შეასრულა. შპს ს. კ. ვ-ის მიერ შპს „მ-ე“ გაცემული N1302 და N1303 საბანკო გარანტიების საფუძველზე, ეს უკანასკნელი ვალდებულია, აუნაზღაუროს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას 28 337 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. მხარეთა შორის არსებობდა N1302 და N1303 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებები, რომლითაც უზრუნველყოფილი იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „მ-ს“ შორის 2011 წლის 20 ივნისს დადებული N134 და N135 ნარდობის ხელშეკრულებები, კერძოდ, შპს „ს. კ. ვ-მა“ (გარანტმა) N1302 ხელშეკრულებით იკისრა ვალდებულება, გადაეხადა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული 23 970 ლარი, შპს „მ-ის“ მიერ N134 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობისთვის. ამასთან, გარანტიის მაქსიმალური თანხა მცირდებოდა პრინციპალის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების ოდენობით. N1303 ხელშეკრულებით კი, შპს „ს. კ. ვ-მა“ იკისრა ვალდებულება, გადაეხადა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული 52 560 ლარი, შპს „მ-ის“ მიერ N135 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობისთვის. ამასთან, გარანტიის მაქსიმალური თანხა მცირდებოდა პრინციპალის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების ოდენობით;
2. 2011 წლის 20 ივნისს მოპასუხის მიერ გაცემული N1302 საბანკო გარანტიის მოქმედების ვადად განსაზღვრული იყო 2011 წლის 16 ნოემბერი, ხოლო N1303 საბანკო გარანტიის მოქმედების ვადად - 2011 წლის 1 დეკემბერი;
3. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 14 სექტემბრის N688 განკარგულების საფუძველზე, გაუქმდა შპს „ს. კ. ვ-ის“ დაზღვევის საქმიანობის ლიცენზია და დაიწყო კომპანიის გაკოტრების საქმის წარმოება. ამასთან დაკავშირებით, შპს „ს. კ. ვ-ის“ გაკოტრების მმართველმა 2011 წლის 23 სექტემბრის წერილით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას აცნობა, რომ 2011 წლის 14 სექტემბრიდან შეწყვეტილია შპს „ს. კ. ვ-ის“ მხრიდან გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებების მოქმედება (მათ შორის, შპს „ს. კ. ვ-ის“ მიერ გაცემული საბანკო გარანტიებისა), რის გამოც 2011 წლის 27 ოქტომბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შპს „ს. კ. ვ-ს“ გაუგზავნა წერილობითი მოთხოვნა 2011 წლის 20 ივნისს მოპასუხის მიერ გაცემული N1302 და N1303 საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის - 76530 ლარის გადახდაზე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა წარედგინოს გარანტს გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა. ამდენად, მითითებულ ნორმათა ანალიზის შედეგად ერთმნიშვნელოვნად შეიძლება დავასკვნათ შემდეგი: თუ ბენეფიციარის მოთხოვნა აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, წარდგენილია გარანტიაში მითითებული დოკუმენტები, მითითებულია, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია და დაცულია მოთხოვნის წარდგენის ვადა - მოთხოვნა წარდგენილია გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა, გარანტს წარმოეშობა ვალდებულება, პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) თანხა გადაუხადოს.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 271-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ეროვნული ბანკის მიერ სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ ან ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალის (წარმომადგენლობის) საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან მზღვეველს არა აქვს უფლება, განახორციელოს შესაბამისი ლიცენზიით განსაზღვრული სადაზღვევო საქმიანობა, გარდა იმ ვალდებულებების შესრულებისა, რომლებიც მას ადრე ჰქონდა აღებული დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, მისი მოქმედების ვადის გასვლამდე. დასახელებული ნორმის სიტყვა-სიტყვითი და ლოგიკური განმარტებიდან ნათლად ჩანს, რომ სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში, მზღვეველს ეკრძალება ლიცენზიით განსაზღვრული სადაზღვევო საქმიანობის განხორციელება, ამასთან, კანონმდებელმა მზღვეველი ლიცენზიის მოქმედების პერიოდში აღებული ვალდებულებების მიმართ კვლავ უფლებამოსილ პირად დაადგინა, იმ ვადით, რა ვადითაც ლიცენზიის გაუქმებამდე დადებული ხელშეკრულებები მოქმედებდა. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონთან მიმართებით მნიშვნელოვანია, განიმარტოს ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ მე-20 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, მზღვეველის ლიკვიდაციისა და/ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებისას, სადაზღვევო ხელშეკრულებების მოქმედება წყდება ლიკვიდაციის/გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე ეროვნული ბანკის მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა და/ან ისეთი შემთხვევისა, როდესაც მოქმედი ხელშეკრულების შეწყვეტა უფრო დიდი საფრთხის მატარებელია ვიდრე მისი მოქმედების გაგრძელება.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მე-20 მუხლის პირველი პუნქტი არ უნდა იქნეს განმარტებული იმგვარად, რომ მზღვეველის ლიკვიდაციის და/ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას ყველა შემთხვევაში მოყვება სადაზღვევო ხელშეკრულებების მოქმედების შეწყვეტა, ვინაიდან აღნიშნული ნორმა ადგენს საგამონაკლისო შემთხვევებსაც, რა დროსაც გრძელდება ხელშეკრულების მოქმედება, ასეთია, კანონით გათვალისწინებული შემთხვევები და/ან ისეთი შემთხვევა, როდესაც მოქმედი ხელშეკრულების შეწყვეტა უფრო დიდი საფრთხის მატარებელია ვიდრე მისი მოქმედების გაგრძელება.
სასამართლომ, ასევე, აღნიშნა, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ეროვნული ბანკის მიერ შპს „ს.კ. ვ-ის“ ლიცენზიის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ასევე დადგენილია, რომ წერილობითი მოთხოვნა გარანტს გაეგზავნა 2011 წლის 27 ოქტომბერს (ტ. I. ს.ფ. 25), თუმცა, ჩაბარდა თუ არა იგი ადრესატს, საქმის მასალებიდან არ ირკვევა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასრულად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებანი და, შესაბამისად, სამართლებრივად არასწორად შეაფასა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია. საქმის ხელახლა განხილვისას საქალაქო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს თუ როდის ჩაბარდა და საერთოდ თუ ჩაბარდა გარანტს 2011 წლის 27 ოქტომბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაგზავნილი წერილობითი მოთხოვნა 2011 წლის 20 ივნისს მოპასუხის მიერ გაცემული N1302 და N1303 საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის - 76530 ლარის გადახდაზე და ზემოთ მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, დაადგინოს მოპასუხეს წარმოეშვა თუ არა ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ.
აღნიშნული განჩინება შპს „ვ-მა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: იმისათვის, რომ სადაზვევო კომპანიამ გარანტის ვალდებულებები იკისროს, მას აუცილებლად უნდა გააჩნდეს სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ლიცენზია, შპს „ვ-ს“ კი, ამგვარი ლიცენზია გაუქმებული აქვს, შესაბამისად, იმ დროისათვის, როდესაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა საბანკო გარანტიის გადახდის თაობაზე მოთხოვნით მიმართა, შპს „ვ-ი“, როგორც გარანტი, ვერ უზრუნველყოფდა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ მე-20 მუხლი, რადგანაც ამ ნორმის საფუძველზე, ლიცენზიის გაუქმების მომენტიდან ავტომატურად უქმდება ყველა საბანკო გარანტია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს. კ. ვ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევითაა განხილული, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი აქვს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ზემომითითებული ნორმა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლი არ გულისხმობს, რომ სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნოს ყოველთვის, როდესაც აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება რაციონალური მართლმსაჯულებისა და პროცესუალური ეკონომიის პრინციპებს.
საკასაციო სასამართლომ არაერთგზის განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მას თავად რეალურად გაუჭირდება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე შესრულებული წარმოების გაგრძელება, ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე ისეთი პროცესუალური დარღვევებით განიხილა, რისი გამოსწორებაც სააპელაციო ინსტანციაში შეუძლებელია ან კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით მართლაც მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება (იხ. მაგ. სუსგ №ას-657-618-2012, №ას-497-470-2012, ას-683-1013-07)
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივ-სამართლებრივი დაუსაბუთებლობის საფუძვლით გააუქმა. სასამართლოს მოსაზრებით, საქმის ხელახლა განხილვისას საქალაქო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, თუ როდის ჩაბარდა გარანტს 2011 წლის 27 ოქტომბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაგზავნილი წერილობითი მოთხოვნა 2011 წლის 20 ივნისს მოპასუხის მიერ გაცემული N1302 და N1303 საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის - 76530 ლარის გადახდაზე და დაადგინოს მოპასუხეს წარმოეშვა თუ არა ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენა სააპელაციო სასამართლოს თავადაც შეუძლია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. მითითებული ნორმით განსაზღვრულია რა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის ზუსტი ფარგლები, კანონმდებელი ამ ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივი გარემოების დადგენისა და მტკიცებულებათა შეფასების მიზნით, რაიმე შეზღუდვას არ უწესებს, უფრო მეტიც, ამ ინსტანციის სასამართლოში, გარკვეული გამონაკლისების გათვალისწინებით (სსსკ 380-ე მუხლი) დასაშვებია ახალი მტკიცებულების მიღება; ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, გარემოებები, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ საქმის უკან დაბრუნების საფუძვლად დაუდო, არ განეკუთვნება იმგვარ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს, რაც სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას ართმევდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თავად გადაეწყვიტა საქმე და არ დაებრუნებინა პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს. კ. ვ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე