Facebook Twitter

№ას-31-29-2013 3 ივნისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ნ-ე, რ. ლ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქონების ყადაღისგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ნ-ემ და რ. ლ-ამ სარჩელი აღძრეს სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და შპს „ლ-ოს“ წინააღმდეგ და მოითხოვეს: გათავისუფლდეს ყადაღისაგან შემოსავლების სამსახურის საგადასახადო საქმეთა ოფიცრების მიერ 2011 წლის 9 სექტემბერს ქ.თბილისში, ც-ის ქუჩა #15-ში მდებარე ბინა #22-ში აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი დასახელების ნივთები: 1) პიან. ,,პეტროფ“; 2) სამეული; 3) ტელევიზორი ,,ჯვს“; 4) გამათბობელი ,,კარმა“; 5) წყლის გამაცხელებელი (გაზის); 6) სარეცხი მანქანა ,,ბეკო“; 7) გაზქურა ,,ბეკო“; 8) მაცივარი ,,ბეკო”. მოსარჩელეთა მითითებით, აღნიშნული ნივთები მათი საკუთრებაა, რომელიც დაყადაღდა შ.პ.ს. ,,ლ-ო“-ს საგადასახადო დავალიანების გამო.

მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ქონებაზე ყადაღის დადება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო ნივთები არის მისი საკუთრება და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

მოპასუხე შ.პ.ს. ,,ლ-ო“-მ სარჩელი ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 მაისის გადაწყვტეილებით ნ. ნ-სა და რ. ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ნ-ემ და რ. ლ-ამ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახლი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ნ-სა და რ. ლ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ნ-სა და რ. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ყადაღისაგან გათავისუფლდა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო საქმეთა ოფიცრების მიერ შპს ,,ლ-ოს” საგადასახადო დავალიანების გამო თბილისში, დიდუბის რაიონი, ც-ის ქუჩა N15, ბინა N22-ში აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი დასახელების ნივთები: 1) პიან. ,,პეტროფი“; 2) სამეული; 3) ტელევიზორი ,,ჯვს“; 4) გამათბობელი ,,კარმა“; 5) წყლის გამაცხელებელი (გაზის); 6) სარეცხი მანქანა ,,ბეკო“; 7) გაზქურა ,,ბეკო“; 8) მაცივარი ,,ბეკო”.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო საქმეთა ოფიცრების მიერ შპს ,,ლ-ოს“ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე ყადაღა დაედო შპს ,,ლ-ოს“ (ს/ნ ..., იურიდიული მისამართი: თბილისი, დიდუბის რაიონი, ც-ის ქუჩა N15, ბინა N22-ში მდებარე) ქონებას (მატერიალურ ამ/და არამატერიალურ აქტივებს (ტ.1. ს.ფ. 48).

აღსრულების ეროვნული ბიუროს საგადასახადო საქმეთა ოფიცრების მიერ 2011 წლის 23 სექტემბერს ქ. თბილისში, ც-ის ქუჩა #15-ში მდებარე ბინა #22-ში აღწერილი და დაყადაღებულია შემდეგი დასახელების ნივთები: 1) პიან. ,,პეტროფ“; 2) სამეული; 3) ტელევიზორი ,,ჯვს“; 4) გამათბობელი ,,კარმა“; 5) წყლის გამაცხელებელი (გაზის); 6) სარეცხი მანქანა ,,ბეკო“; 7) გაზქურა ,,ბეკო“; 8) მაცივარი ,,ბეკო”. დაყადაღებას ესწრებოდა თ. ნ-ე, რომელმაც დაყადაღების აქტზე გააკეთა შენიშვნა იმის თაობაზე, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები არ წარმოადგენდა შპს ,,ლ-ოს“ საკუთრებას (ტ.1. ს.ფ. 40-42).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგინდა, რომ თბილისში, დიდუბის რაიონი, ც-ის ქუჩა N15, ბინა N22 რეგისტრირებულია თ. ნ-ის საკუთრების უფლებით (საკადასტრო კოდი: ...) (ტ.1. ს.ფ. 130).

დადგენილია, რომ შპს ,,ლ-ოს”, დირექტორი თ. ნ-ე რეგისტრირებულია მისამართზე: თბილისი, დიდუბის რაიონი, ც-ის ქუჩა N15, ბინა N22. ასევე დადგენილია, რომ თბილისში, დიდუბის რაიონი, ც-ის ქუჩა N15, ბინა N22-ში თ. ნ-ან ერთად ცხოვრობენ მოსარჩელეები, მისი აწ გარდაცვლილი ძმის ცოლი და ძმის შვილი.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები წარმოადგენდა მოსარჩელეთა საკუთრებას, და შეუძლებელი იყო მათზე აღსრულების მიქცევა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ისინი განთავსებულია მოვალის - შპს ,,ლ-ოს“ რეგისტრაციის მისამართზე მდებარე თბილისი, დიდუბის რაიონი, ც-ის ქუჩა N15, ბინა N22-ში.

პალატამ იხელმძღვანელა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 44.1-ე, 45-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158.1-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს საოჯახო მოხმარების საყოფაცხოვრებო საგნებს. უძრავი ქონება სადაც განლაგებულია მოძრავი ნივთები, არ წარმოადგენს შპს „ლ-ოს“ საკუთრებას. იგი თ. ნ-ის საკუთრებაა. მესაკუთრესთან ერთად, საცხოვრებელ სახლში ცხოვრობენ მოსარჩელეები (მესაკუთრის ძმიშვილი და რძალი). მფლობელად ყოფნის პრეზუმფციიდან გამომდინარე, იგულისხმება, რომ მესაკუთრის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ ბინაში განთავსებული მოძრავი ნივთები, უძრავი ნივთის მესაკუთრის საკუთრებაა. მოპასუხე თ. ნ-ე სარჩელს სრულად ცნობს, შესაბამისად, აღიარებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელეები არიან დაყადაღებული ნივთების მესაკუთრეები. ამდენად, სავარუდო მფლობელსა (უძრავი ნიბთის მესაკუთრე) და მოსარჩელეთა შორის სადავო არ არის ამ ნივთებზე საკუთრების უფლება.

პალატამ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ, მართალია, აღნიშნული ნორმის თანახმად, მესამე პირის ვალდებულებას წარმოადგენს ამტკიცოს, რომ გააჩნია აღსრულების საგანზე უფლება, მაგრამ, კონკრეტულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ დაყადაღებული ნივთები იმყოფება არა მოვალის საკუთრებაში არსებულ სადგომში, არამედ მოსარჩელეთა საცხოვრებელ ადგილზე, უძრავი ქონების მესაკუთრე კი, სადავოდ არ ხდის მათ უფლებას მოძრავ ნივთებზე, ეჭვქვეშ არ დგება თავად დაყადაღებული ქონების დანიშნულება - მისი გამოყენება ოჯახის ყოველდღიური ყოფაცხოვრების მიზნით, მოვალის მესაკუთრედ ყოფნის მტკიცების ტვირთი ეკისრება კრედიტორს.

პალატას მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ დასტურდებოდა იურიდიული პირის რეგისტრაციის მისამართზე განთავსებული ქონების იურიდიული პირის ქონებად მიჩნევის ვარაუდის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ მიუხედავად იმისა რომ მოწინააღმდეგე მხარემ ვერ წარმოადგინა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებითაც შესაძლებელი იქნებოდა მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, სააპელაციო სასამართლომ მაინც მიიჩნია, რომ დაყადაღებული ნივთები შპს „ლ-ოს“ საკუთრებას არ წარმოადგენდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 იანვრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

„სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე