Facebook Twitter

საქმე №ას-334-318-2013 25 ივნისი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - მ. გ-ე, ს. დ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ „სახელმწიფო ქონების მართვის საანტომ“ (თავდაპირველი მოსარჩელე შპს „ს. რ-ა“, რომელიც შეიცვალა ჯერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროთი, ხოლო მოგვიანებით სსიპ „სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოთი“ იხ. თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების 15.01.29 და 4.10.12 საოქმო განჩინებები) სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. გ-ის, მ. გ-სა და ს. დ-ის მიმართ 2005 წლის 13 ოქტომბერს შ. გ-ს, ს. დ-სა და მ. გ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შ. გ-ის სარჩელი და იგი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, მ-ის პროსპექტზე „...“ მიმდებარედ არსებული სასადილო „ო-სა“ და ადმინისტრაციულ შენობას შორის მდებარე 300 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. ამავე სასამართლოს 2007 წლის 24 აპრილის განჩინებით შპს „ს. რ-ის“ განცხადების საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი 2004 წლის 20 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 იანვრის განჩინებით კი, შ. გ-ის სარჩელი სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის შესახებ დარჩა განუხილველად. შ.გ-მა ისარგებლა 2004 წლის 20 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, რკინიგზის გასხვისების ზოლში არსებული მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში, ხოლო 2005 წლის 13 სექტემბერს 5000 ლარად მიჰყიდა იგი მ. გ-სა და ს. დ-ს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, სადავო ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სწორედ ამ უკანასკნელებზე.

მოპასუხეებმა: ს. დ-მა და მ. გ-ემ სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს შემდეგი საფუძვლებით:

მოპასუხეები წარმოადგენენ უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენებს და სარჩელში მითითებული გარემოებების თაობაზე მათთვის ცნობილი არ ყოფილა, ის გარემოება, რომ იყიდებოდა სადავო მიწა, მათთვის ცნობილი გახდა პრესის მეშვეობით და გამსხვისებელთან დაკავშირება მოხერხდა შუამავლის მეშვეობით. სამუშაოების წარმოებისას, 2003 წლის 17 ივლისს მოპასუხეებს ეცნობათ, რომ სამუშაოების წარმოება შეთანხმებული უნდა ყოფილიყო რკინიგზის კავშირგაბმულობის დისტანციასთან, 2006 წლის 14 მაისს, რკინიგზის კუთვნილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი დაზიანების გამო დაჯარიმდნენ მ.გ-ე და ს.დ-ი. მოპასუხეების მითითებით, გარდა მათი კუთვნილი უძრავი ქონებისა, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე არის არაერთი სავაჭრო და სხვა დანიშნულების ობიექტი, ამასთანავე, ხელშეკრულების დადებიდან სარჩელის აღძვრამდე გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაც.

სასამართლო სხდომაზე სარჩელი ასევე არ ცნო შ. გ-მა იმ საფუძვლით, რომ მისთვის უცნობი იყო გასხვისების უფლების არარსებობის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შ. გ-ის, ს.ი დ-სა და მ. გ-ეს შორის 2005 წლის 13 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ქ.თბილისში, მ-ის გამზირზე, „...“ მიმდებარედ, სასადილო ,,ო-სა“ და ადმინისტრაციულ შენობას შორის არსებულ უძრავ ქონებაზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. გ-მა.

ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს ს. დ-მა და მ. გ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით ს. დ-ის, მ. გ-სა და შ.გ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შ. გ-ის სარჩელი და იგი ცნობილი იქნა ქ.თბილისში, მ-ის პროსპექტზე „...“ მიმდებარედ სასადილო „ო-სა“ და ადმინისტრაციულ შენობას შორის მდებარე 300 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. მოპასუხე შ. გ-მა სადავო უძრავი ქონება დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში. 2005 წლის 13 ოქტომბერს შ.გ-სა და ს.დ-ს, მ.გ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ზემოაღნიშნული უძრავი ქონება - 290 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 33,734 კვ.მ შენობა-ნაგებობა დარეგისტრირდა ს.დ-სა და მ.გ-ის საკუთრებად. 2007 წლის 24 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „ს. რ-ის“ განცხადება და ბათილად იქნა ცნობილი 2004 წლის 20 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 იანვრის განჩინებით, სარჩელის გახმობის გამო, შ. გ-ის სარჩელი სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ დარჩა განუხილველად. 2012 წლის 27 ოქტომბრის საოქმო განჩინებით შპს „ს. რ-ა“ შეიცვალა სანათადო მოსარჩელე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროთი, ხოლო სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 4 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ 2005 წლის 13 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებებთან მიმართებაში მოპასუხეები: ს. დ-ი და მ. გ-ე წარმოადგენენ არაკეთილსინდისიერ შემძენებს. სასამართლოს განმარტებით, კეთილსინდისიერი შემძენის უფლებების დაცვის საკითხს სამოქალაქო კოდექსი წყვეტს სამოქალაქო ბრუნვის სიმყარისა და სტაბილურობის ინტერესების გათვალისწინებით. სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლზე მითითებით პალატამ განმარტა, რომ კეთილსინდისიერი შემძენის უფლებრივი მდგომარეობა, გამოწვეულია ამავე კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის სპეციფიკური დანიშნულებით სამოქალაქო ბრუნვის მექანიზმში. ბრუნვის კეთილსინდისიერება ამ ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერებაა, რაც გულისხმობს ბრუნვის მონაწილეების სანდოობას. ასეთი ურთიერთდამოკიდებულება გამარტივებული და ცოცხალი სამოქალაქო ბრუნვის აუცილებელი წინაპირობაა, თუმცა, ეს არ ნიშნავს ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ერთმანეთის მიმართ თვალდახუჭულ ნდობას. იგი აუცილებლად გულისხმობს წინდახედულობის გონივრულ მასშტაბს, რომლის იგნორირებამაც შეიძლება ბრუნვის მონაწილე არაკეთილსინდისიერ მონაწილედ აქციოს და დაცვის მიღმა დატოვოს. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ზემოთ დასახელებული ნორმები შეიცავს კეთილსინდისიერების იურიდიულ განმსაზღვრელ ელემენტს: შემძენმა არ იცის, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. თუმცა, კეთილსინდისიერების განსაზღვრება მხოლოდ ამით არ შეიძლება დასრულდეს. ყოველი კონკრეტული შემთხვევა გამოირჩევა თავისებურებით და იგი უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, გონიერი ადამიანის შეხედულებიდან და საქციელიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ სადავო ქონება საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო შ.გ-ის სახელზე, შემძენს უნდა გამოეჩინა სათანადო წინდახედულება და მიწის ნაკვეთის განსაკუთრებული ადგილმდებარეობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადაემოწმებინა მისი, როგორც კანონმდებლობით განსხვავებული სამართლებრივი რეგულაციის ქვეშ მყოფი ობიექტის სამართლებრივი სტატუსი, რაც მოპასუხეებს არ განუხორციელებიათ.

დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით, სარკინიგზო კოდექსის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით, რომლითაც განსაზღვრულია „გასხვისების ზოლის“ ცნება, ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) სადაც განმარტებულია რკინიგზის გასხვისების ზოლის გაბარიტული მონაცემები და აღნიშნა, რომ სადავო უძრავი ქონება განლაგებული იყო ლიანდაგის უშუალო სიახლოვეს და მანძილი უძრავი ნივთიდან ლიანდაგამდე ბევრად ნაკლები იყო ვიდრე სარკინიგზო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი 20 მეტრია, რაც, პალატის შეფასებით, ცალსახად ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსს. ამ გარემოების გათვალისწინებით კი, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნია ბათილად.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. გ-ემ და ს. დ-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება კანონის მნიშვნელოვანი დარღვევით მიიღო და იგი ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. სააპელაციო პალატამ დაარღვია უძრავი ქონების შემძენის კეთილსინდისიერების განსაზღვრის კანონმდებლობით დადგენილი პრინციპები, კასატორებს დააკისრა მტკიცების იმგვარი სტანდარტი, რაც კანონმდებლობით არ ევალებოდათ. მიწის ნაკვეთისათვის განსაკუთრებული ადგილმდებარეობის მინიჭებით უძრავი ქონება მიჩნეულ იქნა სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებულად, თუმცა, ეს არგუმენტი კანონის ნორმით არ არის დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია იყო თუ არა კეთილსინდისიერი შემძენი და ქონების მესაკუთრე შ.გ-ი და იცოდნენ თუ არა კასატორებმა, რომ შ.გ-ი არ იყო ქონების მესაკუთრე. სააპელაციო პალატამ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით მაშინ, როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2013 წლის 4 მარტის განჩინებით შპს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი საჯარო რეესტრის მიერ შ.გ-ის სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის კანონიერებასთან დაკავშირებით დაუშვებლად ცნო, შესაბამისად, დადასტურებულია, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა მიწის ნაკვეთი შ.გ-ის საკუთრებად კანონიერად დაარეგისტრირა. გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ არასწორად არ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით, რომლითაც დადგენილი რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფცია, ამასთანავე, არ იქნა გაზიარებული ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია ქონების თავდაპირველი გამსხვისებლის მიერ უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის მართლზომიერება, აღნიშნულით სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი. სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სარკინიგზო კოდექსის მე-2 და მე-5 მუხლებით, რადგანაც ამ ნორმებით უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის საკითხი არ რეგულირდება, კოდექსი ადგენს ერთადერთ შეზღუდვას - გასხვისების ზოლში აკრძალულია მშენებლობა რკინიგზის თანხმობის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილია რკინიგზის მიერ გაცემული თანხმობა სამუშაოების წარმოებაზე. შ.გ-ის საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრში წარმოიშვა სოხუმის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, სავალდებულო ძალის მატარებელია და არ არსებობდა იმ გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანის საფუძველი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება აღსრულებული იყო საჯარო რეესტრისა და ქ.თბილისის მერიის მიერ, ნაკვეთზე აღირიცხა საკუთრების უფლება და მესაკუთრეზე გაიცა მშენებლობისათვის საჭირო ყველა ნებართვა. საყურადღებოა, რომ კასატორების მიერ სადავო ნაკვეთზე აშენებული ნაგებობა მიღებულია ექსპლოატაციაში. სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა არა უკანონობის გამო, არამედ შპს „ს. რ-ის“ მოთხოვნით, ვინაიდან ის არ იყო მიწვეული მხარედ. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებულ საკუთრების უფლებას. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი, ეჭვქვეშ დააყენა სამოქალაქო ბრუნვის დადგენილი პრინციპები და სტაბილურობა და არ დასაშვებად მიიჩნია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი დოქტრინის პრინციპებიდან გადახვევა. პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა არანაირი სანდო ჩანაწერი ან დოკუმენტი და რომ ყველაფერი უნდა გადამოწმებულიყო ტოტალურად. სასამართლოს მსჯელობის საპირისპიროდ კი, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო ყველა მნიშვნელოვანი წინაპირობა: მესაკუთრე რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში და ეს რეგისტრაცია სასამართლოს მიერ მიჩნეულია კანონიერად; საჯარო რეესტრში საკუთრების უფლება აღრიცხული იყო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე; გარიგებაში მონაწილეობდა ნოტარიუსი, რომელიც დარწმუნდა გარიგების კანონიერებაში; კასატორებმა საკუთრების უფლების რეგისტრაცია განახორციელეს საჯარო რეესტრში. აღნიშნულისა და სამოქალაქო კოდექსის 185-ე, ასევე 312-ე მუხლის საპირისპიროდ, სასამართლოს სარკინიგზო კოდექსზე დაყრდნობით სამოქალაქო ბრუნვისათვის დააწესა შეზღუდვა, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული.

სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობდა რკინიგზის ლიანდაგის უშუალო სიახლოვეს, 3-4 მეტრში, საქმეში არსებული ნახაზით დასტურდება, რომ მანძილი რკინიგზის ლიანდაგსა და მიწის ნაკვეთს შორის 7 მეტრია, აღნიშნული შეცდომა განპირობებული საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას მოსამართლის მიერ დაშვებულმა შეცდომამ, ამასთანავე, რკინიგზის საქმიანობის ხელშეშლის არარსებობა დადასტურებულია იმითაც, რომ მიწა მდებარეობს სადგურ „ნავთლუღის“ მიმდებარედ.

წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს მისმა ავტორებმა დაურთეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 1 თებერვლის განჩინების ასლი სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში მიღების შესახებ 1 (ერთი) ფურცლად, ხოლო 2013 წლის 23 მაისის განცხადებას ასევე დაურთეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 მარტის Nბს-108-101(კ-13) და ამავე პალატის 2013 წლის 20 მარტის Nბს-55-50(კ-13)განჩინებების ასლები 4 (ოთხი) ფურცლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 მაისის განჩინებით მ. გ-სა და ს. დ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. გ-სა და ს. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მყარი ერთგვაროვანი პრაქტიკა, რაც ასახული სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში (იხ. სუსგ Nას-1235-1370-04, 23 ივნისი, 2005 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მ. გ-ისა და ს. დ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ნ. მ-ის მიერ 2013 წლის 19 მარტს N316016 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის, მის მიერვე 2013 წლის 15 აპრილს N54 საგადახდო დავალებით გადახდილი 451 ლარისა და ნ.მ-ის მიერვე 2013 წლის 2 მაისს N404820 საგადახდო დავალებით გადახდილი 274 ლარის, სულ 1025 ლარის 70% – 717,5 ლარი.

რაც შეეხება კასატორების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებების საქმეზე დართვას, პალატა თვლის, რომ აღნიშნული უსაფუძვლოა, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება საკასაციო პალატის მიერ მტკიცებულებათა საქმისათვის დართვაზე უარის თქმის საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. გ-სა და ს. დ-ს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ საკასაციო საჩივარსა და 2013 წლის 23 მაისის განცხადებაზე დართული მტკიცებულებები: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 1 თებერვლის Nბს-55-50(კ-13), 2013 წლის 4 მარტის Nბს-108-101(კ-13) და 2013 წლის 20 მარტის Nბს-55-50(კ-13) განჩინებების ასლები 5 (ხუთი) ფურცლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით, 407-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. გ-სა და ს. დ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორებს: მ. გ-სა (პ/N...) და ს. დ-ს (პ/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ნ. მ-ის მიერ 2013 წლის 19 მარტს N... საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის, მის მიერვე 2013 წლის 15 აპრილს N... საგადახდო დავალებით გადახდილი 451 ლარისა და ნ.მ-ის მიერვე 2013 წლის 2 მაისს N... საგადახდო დავალებით გადახდილი 274 ლარის, სულ 1025 ლარის 70% – 717,5 ლარი.

3. კასატორებს დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარსა და 2013 წლის 23 მაისის განცხადებაზე დართული მტკიცებულებები: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 1 თებერვლის Nბს-55-50(კ-13), 2013 წლის 4 მარტის Nბს-108-101(კ-13) და 2013 წლის 20 მარტის Nბს-55-50(კ-13) განჩინებების ასლები 5 (ხუთი) ფურცლად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

თ. თოდრია