Facebook Twitter

საქმე №ას-376-357-2015 27 აპრილი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – კ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ნ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2014 წლის 11 დეკემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით კ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი მ. ნ-სა და ვ. ნ-ს შორის 2004 წლის 4 მარტს დადებული ჩუქების ხელშეკრულება 1/2 ნაწილში; დადგინდა კ. გ-ის სახელზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ.თბილისში, ა-ის ქ. №14-ში მდებარე მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №........ 6/72 ნაწილი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაივრა ვ. ნ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით ვ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

2014 წლის 10 დეკემბერს კ. გ-ის წარმომადგენელმა ც. ც-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა სააღსრულებო წარმოების შეჩერება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 დეკემბრის განჩინებით კ. გ-ის განცხადება დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი შეიტანა კ. გ-ის წარმომადგენელმა ც. ც-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 თებერვლის განჩინებით კ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

2015 წლის 21 აპრილს კ. გ-ის წარმომადგენელმა ც. ც-მა განცხადებით მომართ საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საჩივრის განუხილველად დატოვება, ხოლო 2015 წლის 27 აპრილს საჩივროს ავტორის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ უარს ამბობს საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კ. გ-ის წარმომადგენელ ც. ც-ის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ მოცემულ საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197¹-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო საჩივარს დასაბუთებულად და დასაშვებად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197¹-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე, რომლითაც განმარტებულია საქმის წარმოების მნიშვნელოვანი პრინციპი – დისპოზიციურობა. ამ ნორმის მოქმედება თავისთავად ვრცელდება საქმის განხილვის თითოეული ეტაპისა და საპროცესო მოქმედების მიმართ. აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

მოცემულ შემთხვევაში კ. გ-ის წარმომადგენელმა ც. ც-მა საჩივარზე უარი თქვა მისი დასაშვებობის საკითხის შემოწმების ეტაპზე, რის გამოც აღნიშნულ საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე, 419-ე, 420-ე, 272-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ. გ-ის წარმომადგენელ ც. ც-ის განცხადება დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმის წარმოება კ. გ-ის საჩივარზე თბილისის სააპელციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2014 წლის 11 დეკემბრის განჩინებაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

3. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე