¹ბს-593-179(კ-05) 8 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),
ჯ. გახოკიძე
დავის საგანი: ერთდროული დახმარების ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ჯ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შს სამინისტროს სამეურნეო და ფინანსური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მიმართ და მოითხოვა ერთდროული დახმარების ანაზღაურება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1998წ. 1 თებერვლიდან გავიდა პენსიაზე აფხაზეთის ა/რ შს სამინისტროს რიგებიდან. “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” მე-60 მუხლის “გ” ქვეპუნქტის (ნამსახურობის გამო) და 67-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის (პირადი პატაკით) თანახმად, “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე დაენიშნა წელთა ნამსახურობის პენსია.
თადარიგში გასვლამდე მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 117 ლარს. “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 75-ე მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, სამსახურიდან დათხოვნისას ერთდროული დახმარების სახით ეკუთვნოდა უკანასკნელი 10 თვის ხელფასი, სრული 1170 ლარი, მაგრამ აფხაზეთის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო განყოფილებამ აუნაზღაურა 10 თვის ხელფასი, მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდების განაკვეთის ოდენობით 480 ლარი. ხელფასის სხვა შემცველობა, წელთა ნამსახურობის დანამატი არ აუნაზღაურა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ, ვინაიდან მან არ იცოდა ზემოაღნიშნული დებულების 75-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათები, პრეტენზია არ გამოუთქვამს ამასთან დაკავშირებით. გასული წლის ბოლოს მისთვის ცნობილი გახდა რა მითითებული შეღავათების თაობაზე, განცხადებით მიმართა აფხაზეთის ა/რ შს სამინისტროს საფინანსო განყოფილებას ერთდროული დახმარების მისაღებად, სადაც განუმარტეს, რომ ნამსახურობის განაკვეთისა და სასურსათო ულუფის ღირებულების ერთდროული დახმარებისათვის იმ დროს არ აფინანსებდა სამინისტრო დებულების 75-ე მუხლში შესული ცვლილებების გამო. მისთვის ცნობილი გახდა, რომ ამ ცვლილებების შესახებ დირექტიული მითითება დეპარტამენტის თავმჯდომარის _ ვ. დ-ას ხელმოწერით, აფხაზეთის შს სამინისტროში გაიგზავნა 1998წ. 15 აპრილის 9/5-592 წერილით მას შემდეგ, რაც იგი უკვე თადარიგში იყო გასული და არ შეიძლებოდა გავრცელებულიყო მასზე.
მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ მისი კუთვნილი ერთდროული დახმარების შემცირება მოპასუხის მხრიდან დირექტიული მითითების მიღებამდეც და შემდგომშიც მოკლებული იყო კანონიერ საფუძველს და ითხოვდა მოპასუხისათვის ერთდროული დახმარების დაკისრებას 690 ლარის ოდენობით.
შს სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ, ვინაიდან მოთხოვნა წარმოიშვა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, იგი უნდა განხილულიყო, როგორც ადმინისტრაციული გარიგება. ზაკ-ის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამოქალაქო გარიგების დადებისას გამოიყენება სკ-ის შესაბამისი ნორმები. სკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენდა 3 წელს. ამასთან, არ არსებობდა ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ან შეწყვეტის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რის გამოც მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, სარჩელს დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. ჯ-ის სარჩელი და შს სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ერთდროული დახმარების _ 690 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შს სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 ნოემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა სოხუმის რაიონულ და საქალაქო სასამართლოს.
სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2004წ. 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. ჯ-ის სარჩელი, აფხაზეთის შს სამინისტროს დაეკისრა 790 ლარის ანაზღაურება. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შს სამინისტრომ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ვ. ჯ-ის სარჩელი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოსა და ფიზიკურ პირს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავის გადაწყვეტისას, რასაც ადგილი ჰქონდა მოცემულ შემთხვევაში, ზაკ-ის 65-ე მუხლის მიხედვით გამოიყენებოდა სკ-ის შესაბამისი ნორმები. სკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ვადა შეადგენდა სამ წელს და მიიჩნია, რომ ვ. ჯ-ის მოთხოვნა ხანდაზმული იყო. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ჯ-მა, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ვ. ჯ-ი მუშაობდა აფხაზეთის ა/რ შსს სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის ..... უფროსად, რომელიც 1998წ. 1 თებერვლიდან გავიდა პენსიაზე “საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების მე-60 მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე. ნამსახურობის გამო ვ. ჯ-ის ყოველთვიური ხელფასი თადარიგში გასვლამდე შეადგენდა 117 ლარს. საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების 75-ე მუხლის შესაბამისად, შს ორგანოს თანამშრომელს, რომელიც სამსახურიდან დათხოვნილია პენსიის მიღების უფლებით, ეძლევა ერთდროული დახმარების სახით უკანასკნელი 10 თვის ხელფასი. ასევე დადგენილია და მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ ვ. ჯ-ს თადარიგში გასვლისას აუნაზღაურდა 480 ლარი, რომელიც შეადგენს თანამდებობრივ სარგოსა და სპეციალური წოდების ათი თვის ოდენობას, ხოლო წელთა ნამსახურობის დანამატი და სასურსათო ულუფის ღირებულება არ ანაზღაურებია, რომლის მოთხოვნით ამ უკანასკნელმა სარჩელი აღძრა 2003წ. 15 ივლისს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევებით. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, გადაწყვეტილება იურიდიულად იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია გადაწყვეტილების საფუძვლიანობის შემოწმება.
სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა, როგორც მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, ისე უსაფუძვლობაზე, რასაც ვერ გაიზიარებს საკასაციო პალატა, ვინაიდან ვ. ჯ-მა სარჩელი აღძრა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად ქმედების განხორციელების მოთხოვნით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას სარჩელის საგანზე და არასწორად მიუთითებს გარიგებიდან გამომდინარე ვალდებულებების მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, რადგან სარჩელის საგანს არ წარმოადგენდა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება. მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 75-ე მუხლით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარების გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განხორციელება. სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლოს არ გამოუკვლევია, როდის გასცა მოპასუხემ დახმარება ვ. ჯ-ზე და საიდან უნდა აითვალოს ხანდაზმულობის ვადა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე, ვინაიდან “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 75-ე მუხლში 2000წ. 28 ივნისს შესული ცვლილებები გავლენას ვერ მოახდენს კასატორისათვის ასანაზღაურებელი ერთჯერადი დახმარების ოდენობაზე, რამდენადაც ვ. ჯ-ი პენსიაზე გავიდა 1998წ. 1 თებერვლიდან და იმ დროისათვის მოქმედი ნორმის (75-ე მუხლი) შესაბამისად, შს ორგანოს თანამშრომელს, რომელიც სამსახურიდან დათხოვნილია პენსიის მიღების უფლებით, ეძლევა ერთდროული დახმარების სახით უკანასკნელი 10 თვის ხელფასი. ამავე დებულების 55-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ შს თანამშრომლის ხელფასი შეადგენდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთის, ნამსახურობის დანამატისა და სასურსათო ულუფის ღირებულებისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს ვ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი და განჩინებაში მითითებული გარემოებების გამოსაკვლევად, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.