Facebook Twitter

საქმე №ას-399-378-2013 3 ივნისი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მ. ბ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „კ. ე-ა“ (შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე - ნ. ბ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - თავდაპირველ სარჩელში - ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაციის დაკისრება, შეგებებულ სარჩელში - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „კ. ე-ის“ მიმართ ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაციის - 2009 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 აგვისტომდე დაგროვებული დავალიანების - 64000 ლარის, ხოლო 2011 წლის 1 აგვისტოდან ყოველთვიურად - 2000 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:

მოსარჩელეს საკუთრების უფლებით გააჩნია სოფელ კ-ი მდებარე 1500,72 მეტრი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც, ექსპლოატაციაში მიღების აქტის საფუძველზე, რეგისტრირებული იყო ნ. ბ-ის სახელზე. მ. ბ-მა ეს ხაზი, როგორც აწ გარდაცვლილი გ. ბ-ის კანონისმიერმა მემკვიდრემ 2011 წლის 2 აგვისტოს შეიძინა, შესაბამისად, მას გადაეცა ყველა ის მოთხოვნა, რაც თავდაპირველ მესაკუთრეს გააჩნდა მესამე პირების მიმართ. 2011 წლის 17 მარტის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკური მდგომაროება აკმაყოფილებს ტექნიკურ მოთხოვნებს. თავად ელექტროგადამცემი ხაზი შეადგენს 10 კვტ-ს და მასზე დაფიქსირებულია 20-ზე მეტი სატრანსფორმატორო პუნქტი, რომლებზეც, თავის მხრივ, მიერთებულია სხვა მაღალი ძაბვის ხაზები და სამომხმარებლო ტრანსფორმატორები, რომელთა გამოყენებითაც ელექტროენერგიით მარაგდება სოფელ კ-ის მოსახლეობა და ცალკეული სატრანსფორმატორო პუნქტები. 1998 წელს ე.წ „ფიდერი მარანიდან“ ზემოხსენებული ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანის საფუძველი გახდა ხევის უბნის ბენზინგასამართი სადგურის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა, ხოლო, რადგანაც სს „კ. ე-ის“ კუთვნილი ხაზი მწყობრიდან იყო გამოსული, მოპასუხემ, დაარსებიდან, 2000 წლიდან მოყოლებული, მოსარჩელის ნებართვისა თუ მისთვის კომპენსაციის გადახდის გარეშე დაიწყო ამ ხაზის გამოყენება. მოსარჩელემ მიუთითა ქვესადგურ „ალაზანჰესიდან“ 10 კვტ-იანი ფიდერი „მარანის“ მიღებული ელექტროენერგიის მოცულობაზე, რომელიც 2009 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 30 აპრილის ჩათვლით შეადგენდა 6281880 კვტ.საათს, თვეში საშუალოდ - 224352 კვტ.საათს. მოსარჩელემ მიუთითა ასევე სს „კ. ე-ის“ 2011 წლის 2 ივნისის N1090 წერილზე, რომლითაც მოპასუხემ არა თუ კომპენსაციის გადახდაზე განაცხადა უარი, არამედ საერთოდ არ დაეთანხმა ნ.ბ-ის საკუთრების უფლებას, მიუხედავად საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერის წარდგენისა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

სადავო ელექტროგადამცემი ხაზი წარმოადგენს არა მოსარჩელის, არამედ სს „კ. ე-ის“ საკუთრებას, მოპასუხემ ქონება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამართულ აუქციონზე შეიძინა, ამასთან, სს „კ. ე-ამ“ შეგებებული სარჩელით მიმართ სასამართლოს მ. ბ-სა და ნ. ბ-ის მიმართ მხარეთა შორის 2011 წლის 2 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. შეგებებული სარჩელი მისმა ავტორმა დაამყარა შემდეგ საფუძვვლებს:

სადავო გარიგება დადებულია კანონდარღვევით, არაკეთილსინდისიერად, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა შეგებებული სარჩელის ავტორის ქონების მ. ბ-ის საკუთრებად თვალთმაქცურად აღრიცხვა. შემძენისათვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ ნასყიდობის საგანი წარმოადგენდა არა ნ.ბ-ის, არამედ სს „კ. ე-ის“ საკუთრებას და ნივთზე უფლება იყო სადავო, მიუხედავად აღნიშნულისა, მ.ბ-მა გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება.

თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი სს „კ. ე-ის“ მიმართ ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაციის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო სს „კ. ე-ის“ შეგებებული სარჩელი მ. ბ-ის და ნ. ბ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მ. ბ-სა და ნ. ბ-ს შორის ნოტარიუს ნ. თ-ის მიერ 2011 წლის 2 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება გურჯაანის რაიონის სოფ. კ-ი მდებარე 1500,72 მ. სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზ „მარანიზე“ (საკადასტრო კოდი №...).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 14 მარტის დადგენილებით განხორციელდა სს „ს-ეს“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში, რომელიც შეიქმნა კ. რეგიონში განლაგებული კომპანიებისა და მათ შორის სს „ე-ის“ ბაზაზე და წარმოადგენდა მათ სამართალმემკვიდრეს. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 15 აპრილის დადგენილებით განხორციელდა ცვლილების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში და სს „ს-ეს“ სამართალმემკვიდრე გახდა სს „კ. ე-ა“. 2008 წლის 19 დეკემბერს ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით სს „კ. ე-ამ“ გაყიდა, ხოლო დახურულმა სს კონცერნმა „...“ იყიდა სს „კ. ე-ის“ სამეურვეო ქონება ერთიანი ქონებრივი კომპლექსის სახით, რომელიც მოიცავდა ხელშეკრულების დანართში მითითებულ უძრავ-მოძრავ ქონებას, მათ შორის 10 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „მარანს“. სს „კ. ე-ის“ მიერ 2001 წლის 19 სექტემბერს გაცემული ცნობის თანახმად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 10 კილოვატიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი „მარანი“ ისევ სს „კ. ე-ის“ ბალანსზე ირიცხებოდა. 2011 წლის 3 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ნ. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა სოფელ კ-ი მდებარე 1500,72მ. ელექტროგადამცემი ხაზი (საკადასტრო კოდი N...). საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად საჯარო რეესტრის ამონაწერში მიეთითა ობიექტის ელექტრომეურნეობის ექსპლუატაციაში მიღების №100047 აქტი. 2011 წლის 2 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით ნ. ბ-მა საკუთრების უფლება სოფელ კ-ი მდებარე 1500,72 მ. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე (საკადასტრო კოდი N...) გადასცა მ. ბ-ს. თელავის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2011 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „კ. ე-ის“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გაუქმდა ნ. ბ-ის სახელზე გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრირებული საკუთრების უფლება გურჯაანის რაიონის სოფ. კ-ი მდებარე ხაზობრივ ნაგებობაზე ე.წ „მარანზე“, საკადასტრო კოდით N.... თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 იანვრის განჩინებით მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის 1999 წლის 20 სექტემბრის ობიექტის ელექტრომეურნეობის ექსპლოატაციაში მიღების №100047 აქტი წარმოადგენდა ობიექტის ვარგისად აღიარების დოკუმენტს და აღნიშნული აქტი ვერ გახდებოდა ხაზობრივი ნაგებობის ცალკე უფლების ობიექტად რეგისტრაციის საფუძველი. სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ხაზობრივი ნაგებობა - ელექტროგადამცემი ხაზი. იქიდან გამომდინარე, რომ საჯარო რეესტრი უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის და მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრების ერთობლიობას წარმოადგენდა, ხოლო ხაზობრივი ნაგებობა, კანონმდბლობით განმარტებული იყო, როგორც უძრავი ნივთი, მის ასაგებადაც უნდა არსებულიყო მშენებლობის ნებართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იქნებოდა არა უძრავი ნივთი (მისი არსებითი შემადგენელი ნაწილები), რეგისტრაციის მიზნებისათვის, როგორც ცალკე უფლების ობიექტი, არამედ ისეთი ხაზობრივი ნაგებობები/ობიექტები, რომლებზეც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაიცემოდა მშენებლობის ნებართვა, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სათბობ–ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის 1999 წლის 20 სექტემბრის „ობიექტის ელექტრომეურნეობის ექსპლოატაციაში მიღების აქტი“, რომელშიც ობიექტის სრულ დასახელებად მითითებული იყო ავტოგასამართი სადგური, არ შეიძლებოდა გამხდარიყო ხაზობრივი ნაგებობის ცალკე უფლების ობიექტად რეგისტრაციის საფუძველი და საქმის მასალებით ვერ დასტურდებოდა ნ. ბ-ის მიერ სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელობა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ივნისის განჩინებით. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ნ. ბ-ის საკუთრებაში ხაზობრივი ნაგებობის - ელექტროგადამცემი ხაზის არამართლზომიერად რეგისტრაციის ფაქტი. სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ მ. ბ-ი არ წარმოადგენდა სოფელ კ-ი მდებარე 1500,72 მ. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის კეთილსინდისიერ შემძენს. ამ თვალსაზრისით სასამართლომ ყურადღება გაამხილა შემდეგზე: 2011 წლის 25 მაისს ნ. ბ-მა განცხადებით მიმართა სს „კ. ე-ას“ და მოითხოვა მის სახელზე რიცხული ელ. გადამცემი ხაზის სს „კ. ე-ის“ მხრიდან ექსპლოატაციის გამო კომპენსაცია; სს „კ. ე-ამ“ 2011 წლის 13 ივნისს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრით და მოითხოვა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კ-ი მდებარე ხაზობრივ ნაგებობა ე.წ „მარანზე“ ნ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება; 2011 წლის 2 აგვისტოს, სს „კ. ე-ის“ მხრიდან შედავების შემდეგ, ნ. ბ-მა გაასხვისა სადავო ქონება მ. ბ-ზე; 2011 წლის 8 აგვისტოს სს „კ. ე-ამ“ უკვე სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს რეესტრის წინააღმდეგ ნ. ბ-ის სახელზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების გაუქმების მოთხოვნით, სადაც მესამე პირის სტატუსით მონაწილეობდა ასევე მ. ბ-ი; 2011 წლის 2 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ნ. ბ-მა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი გაასხვისა მ. ბ-ე, შეიცავდა პრეამბულას, რომელშიც ხელშემკვრელი მხარეები აღწერენ ნასყიდობის საგანთან მიმართებაში ხელშეკრულების დადებამდე განვითარებულ მოვლენებს, მხარეებმა აღნიშნეს რომ:

- ნ. ბ-ს გურჯაანის რაიონის სოფელ კ-ი, ხევის უბნის ტერიტორიაზე საკუთრებაში ჰქონდა ბენზინგასამართი სადგური. აღნიშნული ბენზინგასამართი სადგური ნ. ბ-მა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ა. ვ-ან;

- მანამ, სანამ ა. ვ-ი ნ. ბ-ზე გაასხვისებდა ხსენებულ ბენზინგასამართ სადგურს, ა. ვ-მა და მ. ბ-ის მეუღლე გ. ბ-მა ერთობლივად და საკუთარი ხარჯებით გაიყვანეს რამდენიმე კილომეტრის სიგრძის მაღალი ძაბვის სადენები კარდენახის ღვინის ქარხნიდან (ე.წ. ფიდერი „მარანი“) ხევის უბნის ბენზინგასამართ სადგურამდე.

- მ. ბ-ი წარმოადგენდა მისი გარდაცვლილი მეუღლის, გ. ბ-ის კანონიერ მემკვიდრესა და უფლებამონაცვლეს.

- გამყიდველი სარგებლობდა აღნიშნული მაღალი ძაბვის სადენებით, რომლითაც ელექტროენერგია მიეწოდებოდა ბენზინგასამართ სადგურს. ამის საფუძველზე 2009 წლის 20 სექტემბერს ნ. ბ-ის სახელზე გაიცა საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის N100047 „ობიექტის ელექტრომეურნეობის ექსპლოატაციაში მიღების აქტი“, რომლითაც ნ. ბ-მა 2010 წლის 21 დეკემბერს ა. ვ-ა და მ. ბ-ის წინასწარი თანხმობის საფუძველზე, საკუთრებაში დაირეგისტრირა 1500,72 მ. სიგრძის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი. „მოცემული ხელშეკრულებით“ მხარეებს სურდათ ელექტროგადამცემ ხაზზე მ. ბ-ის საკუთრების უფლების აღდგენა.

სააპელაციო პალატის შეფასებით, თავად ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდებოდა, რომ მ. ბ-ი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე სრულად იყო ინფორმირებული ელექტროგადამცემ ხაზთან მიმართებაში განვითარებულ პროცესებზე, უფრო მეტიც, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მ. ბ-ი ა. ვ-ან და ნ. ბ-თან ერთად ჯერ კიდევ 2010 წლის დეკემბერში აქტიურად აწარმოებდა მიმოწერას სს „კ. ე-ან“ სადავო ელექტროგადამცემი ხაზის თაობაზე. საქმეში წარმოდგენილ სს „კ. ე-ის“ სახელზე ა. ვ-ის, მ. ბ-სა და ნ. ბ-ის ერთობლივი განცხადებაში განმცხადებლები განმარტავდნენ, რომ მათთვის არაოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა ადრესატის მცდელობა, საკუთრების უფლება მოეპოვებინა ელექტროგადამცემ ხაზზე, რომელიც ეკუთვნოდათ განმცხადებლებს. ა. ვ-მა, მ. ბ-მა და ნ. ბ-მა მოითხოვეს, კომპანიას წერილობით დაედასტურებინა, ან უარეყო ინფორმაცია ელექტროგადამცემ ხაზზე საკუთრების უფლების მოპოვების მცდელობის ან სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მ. ბ-ი სრულად იყო ინფორმირებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით და მისთვის ცნობილი იყო ასევე ის გარემოებაც, რომ ელექტროგადამცემი ხაზის საკუთრების უფლებაზე პრეტენზიას აცხადებდა სს „კ. ე-ა“. მითითებული გარემოებები კი, გამორიცხავდა მ. ბ-ის კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის შესაძლებლობას.

დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლით, რომლითაც განსაზღვრულია კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესების დაცვის სამართლებრივი მექანიზმი და პალატამ განმარტა, რომ კეთილსინდისიერი შემძენის ასეთი უფლებრივი მდგომარეობა გამოწვეული იყო საჯარო რეესტრის სპეციფიკური დანიშნულებით სამოქალაქო ბრუნვაში, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლისა. სასამართლოს განმარტებით, ბრუნვის კეთილსინდისიერება ამ ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერებაა, ეს კი გულისხმობს ბრუნვის მონაწილეებისადმი სანდოობას. ასეთი ურთიერთდამოკიდებულება გამარტივებული და ცოცხალი სამოქალაქო ბრუნვის აუცილებელი წინაპირობაა. ეს სრულიადაც არ ნიშნავს ურთიერთობის მონაწილეთა მხრიდან ერთმანეთის მიმართ თვალდახუჭულ ნდობას. იგი აუცილებლად გულისხმობს წინდახედულობის გონივრულ მასშტაბს, რისი გარანტიც საჯარო რეესტრი და მისი ჩანაწერებია. შემძენის კეთილსინდისიერების ფაქტის დადგენისას სასამართლომ უნდა დაადგინოს, იცოდა თუ არა მან ჩანაწერის უზუსტობის შესახებ და გაითვალისწინოს შემძენის შესაძლებლობანი რეესტრის არასწორი ჩანაწერის ცოდნასთან მიმართებით. სწორედ ამ გარემოებათა გამოკვლევას უნდა ეფუძნებოდეს დასკვნა შენაძენის ნამდვილობისა და მისი დაცვის მიზანშეწონილობის თაობაზე. პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნა ისიც, რომ როდესაც სარჩელი შეეხება საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლის ბათილად ცნობას და ეფუძნება შემძენის არაკეთილსინდისიერებას, საქმის მასალებით უნდა დასტურდებოდეს ეს ფაქტი. კანონით განსაზღვრული ზემოაღნიშნული პირობები საქმის მასალებით დგინდებოდა, ამასთანავე, გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შემძენს შეეძლო და უნდა სცოდნოდა კიდეც უფლების სადავოობა. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე დაყრდნობით პალატამ განმარტა, რომ უსწორო ჩანაწერის საფუძველზე მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის მიერ უძრავი ქონების გასხვისებისას, ირღვეოდა კანონით დადგენილი წესი, რაც ამ გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი იყო, შესაბამისად, გაზიარებულ იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა სს „კ. ე-ის“ სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე. აპელანტის მტკიცებაზე, რომ სადავო ელ. ხაზზე მოსარჩელის მეუღლემ გაწია ხარჯები, სასამართლომ შეფასება იმ საფუძვლით არ გააკეთა, რომ წინამდებარე საქმეში სარჩელით მათი ანაზღაურება არ იხილებოდა, ხოლო მ.ბ-ის მოთხოვნა კომპენსაციის დაკისრებაზე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-მა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება ითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

მოცემული საქმის თელავის რაიონული სასამართლოს მიერ განხილვისას დაირღვა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მოთხოვნა, რადგანაც საქმე, რეალურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადი იყო, ამასთანავე, სააპელაციო პალატის განჩინება არ შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. ამ თვალსაზრისით კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებებზე (მათ შორის დიდი პალატის განმარტებაზე), ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობაზე, სადაც საუბარია სახელმწიფოს მიერ შეფასების ზღვარის გადაჭარბების საკითზე. მ.ბ-ის განმარტებით, ექსპლოატაციაში მიღების აქტის საფუძველზე, ხაზოვან ნაგებობაზე, განხორციელდა სს „გ-ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რომლის საფუძველიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანება გახდა. კასატორი არ დაეთანხმა გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას მოპასუხის უფლების ნამდვილობის თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ საქმეში წარმოდგენილი არ იყო საჯარო რეესტრის ამონაწერი სადავო ქონების სს „კ. ე-ის“ საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ, ასეთ ვითარებაში კი, არ მოქმედებს მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურის“ დასკვნის თანახმად, N51.00.224 ხაზობრივი ნაგებობა, ტექნიკური მახასიათებლებით, არ წარმოადგენს ელექტროგადამცემ ხაზ „მარანს“ და იგი სამართალმემკვიდრეობით სს „კ. ე-ას“ არ მიუღია. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ყიდვა-გაყიდვის 2008 წლის 19 დეკემბრის ხელშეკრულებით, ელ. გადამცემი ხაზი „მარანი“ 1980 წელს შევიდა ექსპლოატაციაში და მისი საერთო სიგრძე 23700 მეტრია. სასამართლომ მხედველობაში არასწორად არ მიიღო გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ კ-ის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2010 წლის 21 დეკემბერს გაცემული N984 ცნობა, რომლითაც დასტურდებოდა ელ. გადამცემი ხაზის წარმოშობა და ის გარემოება, რომ ეს ხაზი ექსპლოატაციაში 1980 წელს არ შესულა.

წინამდებარე საკასაციო საჩივარს მ.ბ-მა დაურთო მტკიცებულებები: განცხადება ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, საჯარო რეესტრის ამონაწერი, ხაზოვანი ნაგებობის საკადასტრო გეგმა, ექსპერტის გაფრთხილება, ასევე დასკვნა თანდართული ილუსტრაციით სულ 8 ფურცლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 აპრილის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მ.ბ-ი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რადგანაც ამ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული მყარი ერთგვაროვანი პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაშიც (იხ. სუსგ Nას- 888-836-2010, 17თებერვალი, 2011 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მ.ბ-ი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

რაც შეეხება კასატორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების საქმეზე დართვას, პალატა თვლის, რომ აღნიშნული უსაფუძვლოა, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება საკასაციო პალატის მიერ მტკიცებულებათა საქმისათვის დართვაზე უარის თქმის საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ბ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები - განცხადება ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, საჯარო რეესტრის ამონაწერი, ხაზოვანი ნაგებობის საკადასტრო გეგმა, ექსპერტის გაფრთხილება, ასევე დასკვნა თანდართული ილუსტრაციით სულ 8 ფურცლად (ტ.II, ს.ფ.104-111).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით, 407-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. მ. ბ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 8 ფურცლად (ტ.II, ს.ფ.104-111).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე