№ას-414-392-2013 18 ივნისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. კ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „... 2004“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - კრების ოქმის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. კ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „...2004-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა საზოგადოების დამფუძნებელ პარტნიორთა 2012 წლის 1 მარტის კრების ოქმის ბათილად ცნობა. მოსარჩელის განმარტებით, საზოგადოების პარტნიორები კანონით დადგენილი წესით არ იყვნენ მიწვეულები კრებაზე, რის გამოც, კრების ოქმი უკანონოა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. შპს „... 2004“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2001 წლის 6 აპრილიდან, მის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირია გ. ხ-ი (ტ.I, ს.ფ. 30);
2. შპს „... 2004-ის“ წესდების 8.5 მუხლის თანახმად, დირექტორს შეუძლია მოიწვიოს საზოგადოების კრება ყველა პარტნიორისათვის ერთი კვირით ადრე გაგზავნილი დაზღვეული წერილით, რომელიც უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. ამავე დროს კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მასში მონაწილეობენ ის პარტნიორები, რომელთაც აქვთ ხმების უმრავლესობა (ტ.I, ს.ფ. 57-66);
3. 18.02.2012 წელს შედგა შპს ”...2004-ის“ დამფუძნებელთა კრება. კრებას მოსარჩელე ნ. კ-იც ესწრებოდა. კრების დღის წესრიგში შემდეგი საკითხები შედიოდა: 1. სასამართლოში წარმოებული დავების ირგვლივ წამოჭრილი პრობლემების განხილვა; 2. შპს „... 2004-ის“ დებიტორთა საკითხის განხილვა; 3. შპს „... 2004-ის“ კუთვნილი ქონების გასხვისების კანონიერების საკითხების განხილვა. კრებაზე განხილული იქნა დღის წესრიგში პირველ ნომრად დასახელებული საკითხი, რომელიც ეხებოდა შპს „ც-ან“ წარმოებულ სასამართლო დავას, თუმცა აღნიშნული საკითხი ხელახლა განსახილველად და, შესაბამისად, კენჭისყრისთვის გადაიდო შემდეგი კრებისთვის. როგორც კრების ოქმიდან დგინდება, კრების დასასრულს დირექტორმა გ. ხ-მა დღის წესრიგის პირველ საკითხზე, კერძოდ, სასამართლოში შპს „ც-ან“ წარმოებული დავის შემდგომი გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისთვის, დამფუძნებელთა კრება დაინიშნა 2012 წლის 1 მარტს და დადგინდა, რომ აღნიშნული ჩაითვალოს შეტყობინება-ცნობად დამფუძნებლებისათვის (ტ. I, ს.ფ. 54-56);
4. დამფუძნებელ ნ. კ-ის, რომელიც ესწრებოდა 18.02.2012 წლის შპს „... 2004-ის“ დამფუძნებელთა კრებას, ცნობილი იყო როგორც შემდგომი სხდომის თარიღი - 2012 წლის 1 მარტი, ასევე დღის წესრიგი - შპს „ც-ან“ წარმოებული დავის შემდგომი გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა. კრებაზე დამსწრე პირები ინფორმირებულები იყვნენ ასევე, რომ აღნიშნული ჩაითვლებოდა შეტყობინებად და ცნობად დამფუძნებლებისათვის.
5. 2012 წლის 1 მარტის კრებას ესწრებოდნენ ხმათა 52%-ის მფლობელი პარტნიორები, კრების დღის წესრიგს შეადგენდა შპს „ც-ან” წარმოებული სასამართლო დავების შემდგომი გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა. კრების გადაწყვეტილებით დირექტორ გ. ხ-ს დაევალა ნებისმიერი სამართლებრივი საშუალების გამოყენებით შეეწყვიტა სამოქალაქო დავა შპს „ც-ოს“ წინააღმდეგ ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში;
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.09.2012 წლის განჩინებით შეწყდა წარმოება შპს „... 2004-ის” სარჩელზე შპს „ც-ოს“ მიმართ, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პარტნიორთა კრების მოწვევის პროცედურის მოწესრიგება ნაკარნახევია იმ აუცილებლობით, რომ მოხდეს პარტნიორთა მიერ თავიანთი უფლების კრებაზე რეალიზების უზრუნველყოფა და იმდაგვარად იქნეს განხორციელებული პარტნიორთა კრების მოწვევის ორგანიზაცია, რომ პარტნიორს არ წაერთვას კრების მუშაობაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. პარტნიორებს წინასწარ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მოემზადონ. ამასთან, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, კრების ოქმის და მასზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველი შეიძლება გახდეს პროცედურული დარღვევა, რასაც შედეგად მოყვა კანონსაწინააღმდეგო გარიგების დადება. განსახილველ შემთხვევაში, დამფუძნებელ ნ. კ-ის (მოსარჩელე), რომელიც ესწრებოდა 18.02.2012 წლის შპს „... 2004-ის“ დამფუძნებელთა კრებას, ცნობილი იყო როგორც შემდგომი სხდომის თარიღი - 2012 წლის 0 მარტი, ასევე დღის წესრიგი - შპს „ც-ან“ წარმოებული დავის შემდგომი გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა. 18 თებერვლის კრებაზე მონაწილე პირები ინფორმირებულები იყვნეს ასევე, რომ აღნიშნული ჩაითვლებოდა შეტყობინებად და ცნობად დამფუძნებლებისათვის
ამ გარემოებების გათვალისწინებით პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დარღვეულა 01.03.2012 წლის პარტნიორთა კრებაზე მოსარჩელის მოწვევის პროცედურა და არ შელახულა მისი, როგორც პარტნიორის კრების თაობაზე ინფორმირების შესახებ უფლება. სასამართლოს მითითებით, კრებაზე გადაწვეტილება მიღებულია პარტნიორთა ხმების უმრავლესობის - 52%-ის ნების გამოვლენით, ასეთ შემთხვევაში გარიგება დადებულად ითვლება და სამართლებრივი შედეგი ექნება იმათთვისაც, ვინც მხარს არ დაუჭერდა განსახილველ საკითხს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. კ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მირების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საზოგადოების წესდება ითვალისწინებს დირექტორის ვალდებულებას და არა დისკრეციას კრების მოწვევის თაობაზე. დირექტორი ვალდებულია მოიწვიოს საზოგადოების კრება ყველა პარტნიორისათვის ერთი კვირით ადრე გაგზავნილი დაზღვეული წერილით, რომელიც უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. აღნიშნული მოთხოვნა არ შესრულებულა, რაც მოპასუხემაც აღიარა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ნ. კ-ის 01.03.2012 წლის კრების თაობაზე შემთხვევით, სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი. სასამართლომ არაობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ. მაგ. სუსგ ას-131-461-09), ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე