№ას-419-397-2013 25 ივნისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. თ-ა, ლ. ფ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ს-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - თანხის დაისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. თ-ამ და ლ. ფ-ემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გ. ს-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს მოპასუხისათვის სესხის, 8000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.
მოსარჩელეების განმარტებით 2005 წლის ივნისში თბილისში გ. თ-ას სამსახურში მიაკითხა ნ. გ-ემ, რამდენიმე დღით 7000 აშშ დოლარის სასესხებლად. გ. თ-ამ აიღო იპოთეკური სესხი და 7000 აშშ დოლარი ნ. გ-ეს ასესხა, მაგრამ ამ უკანასკნელმა პირობა არ შეასრულა და მოსარჩელე იძულებული გახდა მის მიერ აღებული სესხის პროცენტები გადაეხადა. მოსარჩელის კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ, ნ. გ-ემ შესთავაზა გაეფორმებინა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. იპოთეკის საგნად შესთავაზა ქ. ქუთაისში, პ. ი-ის ქ. № 7-ში მდებარე მისი მამის, ვ. გ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი. 2005 წლის 27 სექტემბერს ნოტარიუს მ. ბ-ან გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (რეესტრის ნომერი №1-17365). მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების მხარე იყო გ. თ-ას დედა - ლ. ფ-ე, ვინაიდან ის ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ხოლო მეორე მხარეს წარმოადგენდა ნ. გ-ის მამა, ბინის მესაკუთრე ვ. გ-ე. ხელშეკრულებაში ჩაიწერა, რომ ლ. ფ-ემ ვ. გ-ეს ასესხა 8 000 აშშ დოლარი, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ. ქუთაისში, პ. ი-ის ქუჩა №7-ში მდებარე ვ. გ-ის საცხოვრებელი ბინა. 2008 წლის ზაფხულში ვ. გ-ე გარდაიცვალა, ხოლო ნ. გ-ე და მისი მეუღლე წავიდნენ საზღვარგარეთ. იპოთეკით დატვირთულ სახლი მემკვიდრეობით მიიღო ნ. გ-ის დამ, მ. გ-ემ, რომელმაც საცხოვრებელი ბინა მიჰყიდა გ. ს-ეს. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა ამ უკანასკნელს თანხის დაბრუნების მოთხოვნით. მოპასუხე ვალს არ უარყოფს, მაგრამ თანხა არ დაუბრუნებია. 2012 წლის 9 ივლისს გ. თ-ამ განცხადებით მიმართა ქუთაისის პროკურატურას, რის საფუძველზე ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე - 5 განყოფილებამ ჩაატარა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ გამოკითხა გ. თ-ა, გ. ს-ე და მ. დ-ე, რაზედაც შედგა შესაბამისი გამოკითხვის ოქმები.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ გ. თ-ა არასათანადო მოსარჩელეა, ხოლო გ. ს-ე - არასათანადო მოპასუხე, გარდა ამისა, სარჩელი ხანდაზმულია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. თ-სა და ლ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. ს-ეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 8 000 აშშ დოლარის გადახდა; დაკისრებული თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად დადგინა იპოთეკით დატვირთული ქ. ქუთაისში, პ. ი-ის ქ. №7-ში მდებარე გ. ს-ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის რეალიზაცია.
აღნიშნული გადაწყვეტილება გ. ს-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 27 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მხარეები არიან ერთი მხრივ ლ. ფ-ე (გამსესხებელი) და მეორე მხრივ ვ. გ-ე (მსესხებელი). ვ. გ-ე 2008 წლის ზაფხულში გარდაიცვალა და მისი გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო შვილმა მ. გ-მ მიიღო. 2012 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით, ქ. ქუთაისში, პ.ი-ის ქუჩა № 7 - ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ... რეგისტრირებულია გ. ს-ის საკუთრებად. უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია იპოთეკის უფლება, იპოთეკარი: ლ. ფ-ე, მესაკუთრე: ვ. გ-ე (საფუძველი: სანოტარო აქტი იპოთეკის შესახებ (რეესტრის ნომერი №1-17365), დამოწმების თარიღი: 27/09/2005წ.). გ. ს-ის განმარტებით, უძრავი ქონების შეძენის დროს მან იცოდა, რომ ბინა იპოთეკით იყო დატვირთული. პირველი ინსტანციის სასამართლოში (იხ. სხდომის ოქმი 03.12.12წლის) სასამართლომ შესთავაზა მხარეებს არასათანადო მოპასუხის გ. ს-ის სათანადო მოპასუხით მ. გ-ით შეცვლის შეასხებ, ასევე არასათანადო მოსარჩელის გ. თ-ას შეცვლის თაობაზე, მაგრამ მოსარჩელეებმა აღნიშნულზე უარი განაცხადეს. იგივე განმარტეს მხარეებმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზეც.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2005 წლის 27 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით სათანადო მოსარჩელეა ლ. ფ-ე, ხოლო სათანადო მოპასუხე - ვ. გ-ის უფლებამონაცვლე მ.გ-ე. გ. ს-ე არასათანადო მოპასუხეა ამ სესხის ხელშეკრულების თანახმად სესხის თანხის მასზე დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, რაც შეეხება იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ მოთხოვნას, ამ ნაწილში გ. ს-ე სათანადო მოპასუხეა, რადგან მან შეიძინა ის ბინა, რომელიც სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ვ.გ–ის მიერ იპოთეკით იქნა დატვირთული. გ. ს-ის მიერ სახლის ყიდვის დროს იპოთეკა ახალ შემძენზე გადავიდა. რაც შეეხება ლ. ფ-ეს, პალატა მიიჩნია, რომ იგი სათანადო მოსარჩელეა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მაგრამ მის მიერ აღძრული სარჩელი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ არის მიმართული სათანადო მოპასუხის მიმართ. ლ. ფ-ემ უარი განაცხადა არასათანადო მოპასუხის შეცვლაზე, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ლ. ფ-ის სარჩელი გ. ს-ის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში არ მოიპოვება გ. ს-ის აღიარება ვალის არსებობის შესახებ ლ. ფ-ის მიმართ. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა განმარტა, რომ ბინა შეიძინა მ. გ-ან რომელსაც გადაუხადა 19 000 აშშ დოლარი და მისაცემი დარჩა 8000 აშშ დოლარი. სწორედ ამ 8000 აშშ დოლარზეა საუბარი გამოკითხვის ოქმებში სადაც ს-ე და დ–ძე (მისი სიძე) აღნიშნავენ, რომ 8000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება აქვთ, მაგრამ არა ლ. ფ-ის და გ. თ-ას მიმართ, არამედ სახლის ყოფილი მესაკუთრის მ. გ-ის მიმართ, რადგან საქმეში წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებით ისინი ლ. ფ-ის მოვალეები არ არიან.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ რადგან იპოთეკა არის აქცესორული ანუ დამატებითი უფლება, რომელიც გამომდინარეობს ძირითადისაგან და ძირითადი მოთხოვნის ნაწილში სარჩელი აღძრულია არასათანადო მოპასუხის მიმართ, ვერც იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გარდა აღნიშნული საფუძვლებისა, ლ. ფ-ის სარჩელი ხანდაზმულიცაა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის სხდომაზე სასამართლომ მათ შესთავაზა გ. ს-ის ნაცვლად ან მასთან ერთად მ.გ-ის ჩაბმა საქმის განხილვაში, რასაც მოსარჩელეების დაეთანხმნენ. აღნიშნული გარემოება შესაბამისი აუდიოჩანაწერით დასტურდება. სააპელაციო სასამართლომ კი, არათუ შესაბამისი საპროცესო მოქმედება არ შეასრულა, არამედ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მოსარჩელეებმა უარი განაცხადეს სათანადო მოპასუხის ჩაბმაზე, რაც მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევაა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია სარჩელი ხანდაზმულად. 2012 წლის 9 ივლისს გ. თ-ამ განცხადებით მიმართა ქუთაისის პროკურატურას, რის საფუძველზე ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე - 5 განყოფილებამ ჩაატარა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ გამოკითხა გ. თ-ა, გ. ს-ე და მ. დ-ე, რაზედაც შედგა შესაბამისი გამოკითხვის ოქმები. გამოკითხვის დროს გ. ს-ემ ვალი აღიარა, რის გამოც ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. თ-სა და ლ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი ბაჟის, 662,60 ლარის, 70% - 463,82 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. თ-სა და ლ. ფ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორებს დაუბრუნდეთ 13.04.13 წლის N2 შემოსავლის ორდერით გადახდილი ბაჟის, 662,60 ლარის, 70% - 463,82 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე