№ას-437-413-2013 10 ივნისი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარეები – ა. ა-ი, მ. ა-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. ა-სა და მ. ა-ის სარჩელი მოპასუხეების – გ. ა-ის და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
ყადაღისგან გათავისუფლდა სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 29 მაისის №1 ყადაღის აქტის საფუძველზე დაყადაღებული მოძრავი ნივთები: გარდერობი ორფრთიანი ორი ცალი, ტუმბო ორი ცალი, ავეჯი კედელი ორი ცალი, ჟურნალების მაგიდა ერთი ცალი, ფერადი ტელევიზორი „სტარი“ ერთი ცალი, „კამოდი“ ერთი ცალი, მაგიდა სარკით ერთი ცალი, სამეული ნაჭრით ერთი ცალი, პიანინო „ზარია“ ერთი ცალი, სარეცხი მანქანა „ლჯ“ 8კგ-იანი ერთი ცალი, რესივერი „სუპერ სტარი“ ერთი ცალი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
გადასახადის გადამხდელის, ინდმეწარმე „გ. ა-ის“ საგადასახადო დავალიანების იძულებითი აღსრულების მიზნით, სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო საქმეთა ოფიცერ ა. კ-ის მიერ, 2012 წლის 29 მაისს აღწერილ და დაღადაღებულ იქნა ახალციხის რაიონის სოფელ ს-ი არსებული მოძრავი ქონება, მათ შორის: გარდირობი ორფრთიანი – ორი ცალი; ტუმბო – ორი ცალი; ავეჯი კედელი – ორი ცალი; ჟურნალების მაგიდა – ერთი ცალი; ფერადი ტელევიზორი „სტარი“ – ერთი ცალი; „კამოდი“ – ერთი ცალი; მაგიდა სარკით – ერთი ცალი; სამეული ნაჭრით – ერთი ცალი; პიანინო „ზარია“ – ერთი ცალი; სარეცხი მანქანა „ლჯ“ 8 კგ-იანი - ერთი ცალი, რესივერი „სუპერ სტარი“ – ერთი ცალი.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის (მესამე პირის სარჩელი სხვისი ვალების გამო აღწერილი ქონების საკუთრების უფლების შესახებ) თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. თუ ყადაღადადებული ქონება უკვე რეალიზებულია, სარჩელი წარედგინება აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც ქონება გადაეცათ. რეალიზებული ქონების დაბრუნების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დავა ქონების შემძენს, კრედიტორსა და მოვალეს შორის განიხილება სასამართლო წესით.
ზემომითითებული ნორმის თანახმად, მესამე პირის ვალდებულებას წარმოადგენს ამტკიცოს, რომ გააჩნია აღსრულების საგანზე უფლება. სამოქალაქო კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ამავე კოდექსის 186-ე მუხლის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილის უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნივთის გადაცემად ითვლება შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილ სესხის ხელშეკრულებასა და მოწმეების (ს. ს-ი, თ. მ-ნი და ს. მ-ი) ჩვენებებზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო აქტში მითითებული მოძრავი ნივთები (გარდირობი ორფრთიანი – ორი ცალი; ტუმბო – ორი ცალი; ავეჯი კედელი – ორი ცალი; ჟურნალების მაგიდა – ერთი ცალი; ფერადი ტელევიზორი „სტარი“ – ერთი ცალი; „კამოდი“ – ერთი ცალი; მაგიდა სარკით – ერთი ცალი; სამეული ნაჭრით – ერთი ცალი; პიანინო „ზარია“ – ერთი ცალი; სარეცხი მანქანა „ლჯ“ 8 კგ-იანი – ერთი ცალი; რესივერი „სუპერ სტარი“ – ერთი ცალი) წარმოადგენდა მოსარჩელეების: ა. და მ. ა-ის საკუთრებას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოძრავ ნივთებთან მიმართებით პირის უფლების დადგენა მხოლოდ რაიმე გარკვეული სახის მტკიცებულებით, კანონით დადგენილი არ იყო. შესაბამისად, უსაფუძვლო იყო აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოწმეთა ჩვენება არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო საკუთრების უფლების დამდგენ ერთადერთ მტკიცებულებად. საყურადღებო იყო ისიც, რომ მითითებული გარემოებების საპირისპირო მტკიცებულება, მოპასუხეს სასამართლოში არ წარუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო მოძრავი ნივთები, როგორც ა. და მ. ა-ის საკუთრება, უნდა გათავისუფლებულიყო ყადაღისაგან.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
დაყადაღებული ნივთების კონკრეტული პირის საკუთრებაში არსებობის ფაქტის დასადასტურებლად არასაკმარის მტკიცებულებებს წარმოადგენს როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე, მოსარჩელის სიტყვიერი განცხადება. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ დაყადაღებული ნივთები არ განეკუთვნება ინდმეწარმე „გ.ა-ის“ (მოვალე) საკუთრებას;
სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ქონების დაყადაღების (აღწერის) დროს იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებიც მოვალესთანაა, მას ეკუთვნის. თუ მოვალის ქონების დაყადაღებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე საკუთრების უფლებებსმ იგი მაინც შეიტანება ქონებაზე ყადაღის დადების (აღწერის) აქტში და კეთდება სათანადო აღნიშვნა. ამდენად, სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლის მოქმედება, მოვალის მისამართზე არსებული ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით, სრულ თანხვედრაშია კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან;
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონსაწინააღმდეგოა იმ ნაწილშიც, რომლითაც შემოსავლების სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარის ოდენობით) ანაზღაურება, გამომდინარე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველის ნაწილის „უ“ ქვეპუნქტიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 აპრილის განჩინებით კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე