Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-594-180(კ-05) 14 თებერვალი, 2006

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. ვაჩაძე,

ნ. წკეპლაძე

დავის საგანი: ქმედების განხორციელება, მიწის ნაკვეთის ღირებულების ადრე მოქმედი ტარიფის გამოყენება.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. გ-მ და ბ. მ-მა 02.07.04წ. სასარჩოლო განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს წინააღმდეგ.

მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოში 14.04.99წ. გამართულ კონკურსზე მოიპოვეს გლდანის რაიონში, გლდანის ... მკრ. შორის‚ სავაჭრო ცენტრში განთავსებული არასაცხოვრებელი 409 კვ.მ-ის შესყიდვის უფლება 6505 აშშ დოლარად, ხოლო 13.07.99წ. გამართულ იმავე მისამართზე მდებარე 36 კვ.მ-ის შესყიდვის უფლება _ 1085 აშშ დოლარად. საპრივატიზებო ღირებულების სრულად დაფარვის შემდგომ, 07.05.99წ. და 02.08.99წ. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსთან გააფორმეს ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, რაზეც გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები ¹23/1667-კ და ¹23/1666-კ. მოსარჩელეების აზრით‚ ობიექტების პრივატიზებისას გამყიდვლის მიერ არ ყოფილა გათვალისწინებული მიწის წილობრივი ღირებულება, რითაც დაირღვა «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» კანონის მე-6 მუხლის I პუნქტის მოთხოვნა. აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად მიმართეს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს, რაზედაც აცნობეს, რომ ობიექტზე დამაგრებული მიწის ღირებულება განისაზღვრებოდა თბილისის საკრებულოს 20.06.03წ. ¹10-4 გადაწყვეტილების შესაბამისად და შეადგენს 4099,18 ლარს 409 კვ.მ-ისთვის და 360,80 ლარს 36 კვ.მ-თვის. მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზებისას მოქმედი ნორმატიული აქტების თანახმად (კერძოდ, ქ. თბილისის მერიის 17.03.99წ. ¹8 ბრძანებით დამტკიცებული დებულება)‚ ობიექტზე დამაგრებული მიწის ღირებულება შეადგენდა 1229,75 ლარს 409 კვ.მ-თვის და 108,24 ლარს _ 36 კვ.მ ფ-სათვის. რადგანაც გამყიდველის უკანონო მოქმედებით არ განხორციელდა მიწის პრივატიზება ჯერ კიდევ 1999 წელს, როცა გაიმარჯვეს კონკურსში და შემდგომ გაუფორმდათ სათანადო ხელშეკრულებები, სწორედ იმ დროს მოქმედი ტარიფებით უნდა მოხდეს მიწის ღირებულების დაანგარიშება და არა დღეის მდგომარეობით. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 47-ე მუხლის I პუნქტის შესაბამისად «ნორმატულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით». აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის საკრებულოს 20.06.03წ. ¹10-4 გადაწყვეტილება ვერ გავრცელდება 1999 წელს არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხისათვის დავალება, რომ სადავო ობიექტზე დამაგრებული მიწის ღირებულების დადგენა მოეხდინა ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის არსებული ტარიფებითა და წესით.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 27.10.04წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს დაევალა მოსარჩელე ლ. გ-ისა და ბ. მ-სათვის დაეწესებინა თბილისში, .... შორის‚ სავაჭრო ცენტრში განთავსებულ არასაცხოვრებელ 409 კვ.მ-ზე დამაგრებული მიწის წილობრივი ღირებულება 14.04.99წ. მხარეთა შორის ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დროს ქ. თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მიხედვით და იმავე მისამართზე‚ 36 კვ.მ-ზე დამაგრებული მიწის წილობრივი ღირებულება 13.07.99წ. მხარეთა შორის ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დროს თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მიხედვით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით უარის თქმა მოსარჩელეებისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 29.03.05წ. განჩინებით აპელანტ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 27.10.04წ. გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელეებმა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 14.04.99წ. გამართულ კონკურსზე მოიპოვეს გლდანის რაიონში, გლდანის ... მკრ. შორის‚ სავაჭრო ცენტრში განთავსებული 409 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის შესყიდვის უფლება 6 505 აშშ დოლარად, ხოლო 13.07.99წ. გამართულ კონკურსზე იმავე მისამართზე მდებარე 36 კვ.მ-ის შესყიდვის უფლება 1085 აშშ დოლარად. საპრივატიზებო ღირებულების სრულად დაფარვის შემდეგ, 1999წ. 7 მაისს და 2 აგვისტოს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსთან გააფორმეს ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, რაზეც გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები ¹23/1667-კ და ¹23/1666-კ. ობიექტის პრივატიზებისას გამყიდველის მიერ გათვალისწინებული არ ყოფილა მიწის წილობრივი ღირებულება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიწის ნაკვეთი უნდა განეკარგა შენობის პრივატიზებისას და აღნიშნულის ვალდებულება მას ეკისრებოდა «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» კანონის მე-6 მუხლის I პუნქტით. მხარეთა შორის დადებული გარიგება, ფაქტიურად მიწასაც მოიაზრებდა, ვინაიდან ობიექტის პრივატიზება შესაძლებელია მხოლოდ მიწის ნაკვეთთან ერთად და მათი განცალკევება შეუძლებელია. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ახალი გარიგების დადება მხარეთა შორის გათვალისწინებული არ არის, ამდენად მიწის ნაკვეთზე ფასი გადახდილი უნდა იქნეს არსებული გარიგების მიხედვით, ქონების პრივატიზებისას არსებული ტარიფით, რაც სავსებით სწორად იქნა გადაწყვეტილი რაიონული სასამართლოს მიერ. სააპელაციო სასამარტლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვების თაობაზე, რადგან პრივატიზების პროცესი დასრულდა 02.07.02წ., ობიექტზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემით, ხოლო სარჩელი შეტანილ იქნა 02.07.04წ., ამ დროისათვის გასული არ ყოფილა «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის გამოყენების თაობაზე, რადგან მიიჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული მუხლის გამოყენების პირობები.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 29.03.05წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის სახემწიფო ქონების აღიცხვის და პრივატიზების სამმართველომ, რომელმაც მიიჩნია, რომ იგი უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორის მითითებით, ვინაიდან ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მხოლოდ შენობა-ნაგებობა, მოსარჩელეებს არ განუხორციელებიათ შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის პრივატიზება. არც კონკურსის ჩატარების და არც ხელშეკრულების გაფორმების დროს მოსარჩელეებს არანაირი პრეტენზია განუცხადებიათ აღნიშნულ ფართთან დაკავშირებით, სასარჩელო განცხადებით სასამართლოს მოსარჩელეებმა მხოლოდ 2004 წელს მიმართეს. «სახელმწიფო ქონების პრივატიზების» შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს, რაც კასატორების აზრით მოსარჩელეებს გაშვებული აქვთ. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის 47-ე მუხლი. აღნიშნული ნორმის გამოყენების საფუძველი იარსებებდა იმ შემთხვევაში, თუ 07.05.99წ. და 02.08.99წ. ხელშეკრულებებში გათვალისწინებული იქნებოდა მიწის ნაკვეთიც, ვინაიდან მიწის ნაკვეთის ხელშეკრულებებში გათვალისწინებული არ ყოფილა, მოსარჩელეებმა მიწის შესყიდვა უნდა განახორციელონ დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ ქ. თბილისის საკრებულოს 20.06.03წ. ¹10-4 გადაწყვეტილების საფუძველზე. კასატორმა მიუთითა, რომ «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად იერარქიის ერთი და იგივე საფეხურის ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას მოქმედებს უფრო გვიან მიღებული (გამოცემული) აქტით დადგენილი ნორმა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 29.03.05წ. განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი და კასატორიც აღიარებს საკასაციო საჩივარში, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოში 14.04.99წ. გამართულ კონკურსზე მოსარჩელეებმა მოიპოვეს გლდანის რაიონში, გლდანის ... მკრ. შორის სავაჭრო ცენტრში განთავსებულ არასაცხოვრებელი 409 კვ.მ-ის შესყიდვის უფლება 6505 აშშ დოლარად, ხოლო 13.07.99წ. გამართულ კონკურსზე იმავე მისამართზე მდებარე 36 კვ.მ-ის შესყიდვის უფლება 1085 აშშ დოლარად. კონკურსის შედეგების მიხედვით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და ლ. გ-ისა და ბ. მ-ს შორის 07.05.99წ. და 02.08.99წ. დაიდო ხელშეკრულებები საპრივატიზაციო ობიექტების გამოსყიდვის შესახებ. საპრივატიზებო ღირებულების სრულად დაფარვის შემდგომ 08.07.02წ. გაიცა ¹23/1666-კ და ¹23/1667-კ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები.

სკ-ის 150-ე მუხლის თანახმად‚ შენობა-ნაგებობა წარმოადგენს იმ მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს, რომელზედაც იგი არის განლაგებული. აღნიშნული ურთიერთკავშირის გამო, საკუთრების უფლება პროპორციულად ვრცელდება აგრეთვე შენობის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზეც, რაც არაა დამოკიდებული ურთიერთობის მონაწილეთა ნებაზე. დამოუკიდებელი სანივთო უფლება არსებით შემადგენელ ნაწილზე შეუძლებელია. მართალია, ხელშეკრულება არ მოიცავდა მიწის იმ ნაწილს, რომელზეც არასაცხოვრებელი ფართი იყო განლაგებული და რაზეც მოსარჩელეებს პრივატიზება გაუფორმდათ, მაგრამ მიწის ნაკვეთზე განლაგებული ინდივიდუალური შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს, ჰქონდა აღნიშნულ შენობა-ნაგებობაზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის აქცესორული უფლება. 05.05.99წ. ¹31 და 30.07.99წ. ¹107 მიღება- ჩაბარების აქტებით ლ. გ-ს და ბ. მ-ს ჩაჰბარდათ გლდანის III-IV მკრ. შორის‚ სავაჭრო ცენტრში‚ მდებარე არასაცხოვრებელი 409 კვ.მ და 36 კვ.მ, ხოლო ობიექტების პრივატიზებისას გამყიდველმა _ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს გლდანის რაიონული განყოფილების საპრივატიზებო კომისიამ არ გაითვალისწინა მიწის წილობრივი ღირებულება, რითაც დაარღვია «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» კანონის მე-6 მუხლის I პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად სახელმწიფო ქონების პრივატიზება ხდება იმ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომელზედაც ის არსებული წესით არის დამაგრებული «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის შესაბამისად, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანოებთან შეთანხმებით. მხარეთა შორის დადებული გარიგება, ფაქტობრივად მიწასაც მოიაზრებდა, ვინაიდან არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზება შესაძლებელია მხოლოდ მიწის ნაკვეთთან ერთად და მათი განცალკევება შეუძლებელია. ამდენად, ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე უფლება იწვევს მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე აქცესორულ უფლებას, რაზედაც მიმაგრებულია ეს ნივთი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უმართებულოა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ «ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელეებმა მიწის შესყიდვა უნდა განახორციელონ ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ ქ. თბილისის საკრებულოს 20.06.03წ. ¹10-4 გადაწყვეტილების საფუძველზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელეებს მიწის საფასური უნდა გადაეხადათ არასაცხოვრებელი ფართის შესყიდვისას, სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიწის ღირებულება საპრივატიზაციო ობიექტის ფასში უნდა გაეთვალისწინებინა. კანონს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, რომელიც ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას, არ ენიჭება უკუქცევითი ძალა. «ქ. თბილისის საკრებულოს 31.03.2000წ. ¹4-5 გადაწყვეტილებაში «ქ.თბილისის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის შესახებ" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 20.06.03წ. ¹10-4 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში შედის «ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის შესაბამისად. «ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის 47-ე მუხლის I-ლი პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს წარსულში მომხდარ და წარსულშივე დასრულებულ ფაქტობრივ ურთიერთობებს (ე.წ. «ნამდვილი უკუძალა"), ვინაიდან ახალი გარიგების დადება მხარეთაშორის გათვალისწინებული არ არის, მოცემულ შემთხვევაში არასაცხოვრებელი ფართის შეძენის საპრივატიზაციო ხელშეკრულებები, სხვა ხელშეკრულებებისაგან განსხვავებით, არ ითვალისწინებდნენ მიწის ნაკვეთის ღირებულების მომავალში გადახდას, ამდენად საკრებულოს 20.06.03წ. ¹10-4 დადგენილებით დამტკიცებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის ახალი მარეგულირებელ კოეფიციენტებს ვერ მიენიჭებათ უკუქცევითი ძალა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ და აღნიშნავს, რომ პრივატიზების პროცესი 02.07.02წ. დასრულდა ობიექტზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემით, ხოლო მოსარჩელეებმა სასამართლოს სასარჩელო განცხადებით სასამართლოს მიმართეს 02.07.04წ., შესაბამისად დაცულია «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის 11-ე მუხლით გათვალისწინებული პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა. ამასთანავე, მოცემული დავის საგანს წარმოადგენს არა ობიექტების პრივატიზება, არამედ მიწის ნაკვეთის ღირებულების გადახდის ტარიფის გამოყენება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს კანონის დარღვევა, საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევებს არ აქვს ადგილი, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 29.03.05წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.