№ას-454-430-2013 12 ივნისი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - მ. ბ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. დ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ბ-მა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მ. დ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის მოთხოვნით.
მოსარჩელის მტკიცებით, მის სახელზე ირიცხება ქ. ყვარელში მდებარე 2550 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით N..., თუმცა მემკვიდრეობით მიიღო 2557 კვ.მ. მისი ნაკვეთიდან 8 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და საერთო მისასვლელი, ე.წ. საურმე გზა, მითვისებული აქვს მეზობლად მცხოვრებ მ. დ-ს, რომელსაც საკარმიდამო მიწის ნაკვეთი საჩუქრად აქვს მიღებული დედისგან, ხოლო დედამის გ. დ-ს მემკვიდრეობით მიღებული აქვს 847 კვ.მ. ამის მიუხედავად, მ. დ-მა არასწორად შედგენილი აზომვითი ნახაზით თავის საკუთრებაში დაირეგისტრირა 1021,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, სადაც მოექცა საურმე გზა. აღნიშნულის შესახებ მოსარჩელემ 2009 წელს სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე თავისი ქონების რეგისტრაციისას შეიტყო. ამავე პერიოდიდან მხარეებს შორის დაიწყო სამეზობლო დავა, რადგან მოპასუხის საკუთრებაში მოექცა საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთი, რომელზეც გადის სარწყავი რუ, რითაც მოსარჩელე ვეღარ სარგებლობდა. დავის დაწყების შემდეგ, მოპასუხემ 2010 წელს, შემცირების ნაცვლად, ახალი აზომვითი ნახაზით მოსარჩელის ნაკვეთის ხარჯზე ფართი 8 კვ. მეტრით გაზარდა და 1029 კვ.მ დაირეგისტრირა. სადავო საკითხზე მოსარჩელემ მიმართა რაიონულ პროკურატურას. 2012 წლის 23 მაისის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა, ვინაიდან თვითნებობის ან სხვა დანაშაულის ფაქტი არ დადგინდა, თუმცა შეწყვეტის საფუძვლებში მითითებულია, რომ საერთო სარგებლობის მიწის ფართობის მოხვედრა მ. დ-ის აზომვითი ნახაზებში, ასევე სასაზღვრო ზოლის შეუსაბამობა ფაქტობრივ მდგომარეობასთან გამოწვეული იყო არა მოპასუხის ქმედებით, არამედ ელექტრონული ვერსიით აზომვითი ნახაზის შედგენისას დაშვებული უზუსტობებით.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. მხარეები ცხოვრობენ ქალაქ ყვარელში, ა.ზ-ის ქუჩაზე, ერთმანეთის მომიჯნავედ. მოსარჩელე მ. ბ-ს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული აქვს სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 2550.00 კვ.მ., მდებარე ქ.ყვარელში, ე-ის ქ.N30, განცხადება რეგისტრირებულია 2009 წლის 25 აგვისტოს, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: სამკვიდრო მოწმობა N090344475, დამოწმებული 2009 წლის 30 ივლისს;
2. ყვარლის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემებით, მ. ბ-ის და ო. ბ-ის სახელზე ქ.ყვარელში, ე-ის ქ.N30-ში აღრიცხულია საცხოვრებელი სახლი და 2557 კვ.მ მიწის ნაკვეთი;
3. მ. დ-ს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული აქვს სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 1029.00 კვ.მ, მდებარე ქ.ყვარელში, ე-ის ქ.N26-ში, განცხადება რეგისტრირებულია 2010 წლის 31 აგვისტოს, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ცნობა-დახასიათება, დამოწმებული 2009 წლის 1 ივლისს, ყვარლის ტექარქივის მიერ;
4. მ. ბ-მა 2012 წლის 6 ივლისს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყვარლის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა, წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის და ელექტრონული ვერსიის საფუძველზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია 103 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე;
5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყვარლის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 10 აგვისტოს N124877 წერილის თანახმად, მოსარჩელე მ. ბ-ის მიერ 2012 წლის 06 ივლისს წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ელექტრონული ვერსია, მდებარე ქ.ყვარელში, ფართობით 103 კვ.მ (სასოფლო-სამეურნეო) საკარმიდამო, ზედდებაშია ელექტრონულ ბაზაში არსებულ მონაცემებთან;
6. მ. ბ-ი სარჩელში მიუთითებდა, რომ მის მეზობლად მცხოვრებმა მ. დ-მა არასწორად შედგენილი აზომვითი ნახაზით თავის სახელზე დაირეგისტრირა 1029 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც მოექცა საურმე გზა და მისი კუთვნილი 8 კვ.მ. ამასთან, რაიონულ სასამართლოში წარდგენილი სარჩელით მ. ბ-ი ითხოვდა საჯარო რეესტრში მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული 8 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და, მისი მითითებით, საერთო სარგებლობის გზის გამოთხოვას.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მ. ბ-ს კანონით გათვალისწინებული ფორმის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სადავო 8 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი მისი კუთვნილებაა და ეს ფართი მოპასუხე მ. დ-ს უკანონოდ აქვს მოქცეული თავის საკუთრებაში, ასევე, მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე მ. დ-ს საერთო სარგებლობის გზა (ე.წ. საურმე გზა) მოქცეული აქვს თავისი ნაკვეთის ფარგლებში, ამასთან, რა ფართის არის ეს საურმე გზა, სასამართლოსთვის არ წარუდგინა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში რეესტრის ჩანაწერის უზუსტობა მითითებულ 8 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სადავო არ იყო, რადგან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება.
პალატა დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას იმის შესახებ, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები მ. ბ-ის ვინდიკაციური სარჩელის დასაკმაყოფილებლად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. ბ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ტექბიუროს მონაცემებით, მ. დ-ს ეკუთვნის 1021 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო დარეგისტრირებული აქვს 1029 კვ.მ, რაც ადასტურებს 8 კვ. მ-ის მიტაცების ფაქტს. ეს ფართი ძალიან მნიშვნელოვანია მოსარჩელისათვის, რადგანაც ამ 8 კვ.მ-ზე მოწყობილი იყო სარწყავი სისტემა, რომლითაც იგი ვეღარ სარგებლობს და ნარგავები უზიანდება. სასამართლომ არ შეაფასა გურჯაანის რაიონული პროკურატურის 2012 წლის 23 მაისის დაგდენილება, რომლის თანახმადაც 2011 წლის 27 ივლისს ხელახლა აიზომა მ. დ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რა დროსაც გამოვლინდა, რომ საკუთრების უფლების დამდასტურებელი დოკუმენტებით მოპასუხეს ერიცხება 1021 კვ.მ, ხოლო ფაქტობრივად 1029 კვ.მ-ს ფლობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 10.05.2013 წლის N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე