Facebook Twitter

№ას-455-431-2013 3 ივნისი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ლ. წ-ა, კ. მ-ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ა. ლ-ა

მოწინააღმდეგე მხარე - მ. ს-ა, ვ. ვ-ი, გ. ჯ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ვ-მა, მ. ს-ამ, მ. ბ-მა და ჯ. ბ-ემ სარჩელით მიმართეს სასამართლოს ლ. წ-ას, თ. ნ-სა და შ. ზ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ქ. თბილისში, ვაკის რაიონში ი-ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე №8/61 მიწის ნაკვეთი ეკუთვნის მ. ს-ას, №8/62 – ვ. ვ-ს, №8/63 – ჯ. ბ-ეს და №8/64 – მ. ბ-ს, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით. მოსარჩელეები ვერ სარგებლობენ საკუთრებით, ვინაიდან მოპასუხეებს უკანონოდ შემოღობილი აქვთ აღნიშნული ნაკვეთები. მ. ს-ას №8/61 ნაკვეთი დაკავებული აქვს შ. ზ-ეს, მ. ბ-ის №8/64 ნაკვეთი თ. ნ-ს, ხოლო ვ. ვ-ის №8/62 ნაკვეთი და ჯ. ბ-ის №8/63 ნაკვეთი დაკავებული აქვს ლ. წ-ას და აწარმოებს მშენებლობას, მაშინ, როდესაც ისინი მოსარჩელეებს კანონის სრული დაცვით აქვთ აღრიცხული საჯარო რეესტრში.

მოპასუხე ლ. წ-ამ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: სადავო მიწის ნაკვეთი ეკუთვნის მოპასუხეს. ჯ. ბ-ის სახელზე 2005 წლის და ვ. ვ-ის სახელზე 1999 წელს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამსახურის მიერ გაცემული ამონაწერი, რომელიც სასარჩელო განცხადებას თან ერთვის, და ვითომდა დადასტურებულია 2007 წლის 11 იანვარს, ეჭვს ბადებს მის ნამდვილობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ვ-ის მიერ მითითებული მიწის ნაკვეთი 1999 წელს და ჯ. ბ-ის ნაკვეთი 2005 წელს მიეკუთვნებოდა გარდაბნის რაიონს და 2007 წლამდე არ შედიოდა თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში. ამდენად, ეჭვის ქვეშ დგება წარმოდგენილი ამონაწერის სისწორე და ნამდვილობა. ამასთანავე, მოსარჩელეებს სარჩელი წარმოდგენილი აქვთ არასათანადო მოპასუხის მიმართ. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ლ. წ-ას სრული უფლება აქვს იმ ნაკვეთზე, სადაც მიმდინარეობს მშენებლობა, ასევე მისი კუთვნილი ნაკვეთი, განსხვავებით მოსარჩელეების კუთვნილი ნაკვეთებისაგან წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო მიწას. მისი მისამართიც განსხვავებულია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 8 ივნისის განჩინებით მოსარჩელეთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქმეში სათანადო მოპასუხედ შ. ზ-ის ნაცვლად კ. მ-ი ჩაერთო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ვ-ის, მ. ს-ას, ჯ. ბ-სა და მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დადგინდა თ. ნ-ის უკანონო მფლობელობიდან მ. ბ-ის კუთვნილი ქ. თბილისში, ი-ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 315,5 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოთხოვა, ლ. წ-სა და კ. მ-ის უკანონო მფლობელობიდან ვ. ვ-ის, მ. ბ-ის, მ. ს-სა და ჯ. ბ-ის კუთვნილი ქ. თბილისში, ი-ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების გამოთხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 მარტის გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. წ-სა და კ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 თებერვლის განჩინებით ვ. ვ-ის, მ. ს-სა და გ. ჯ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას დადგინდა მოსარჩელეებისა და მოპასუხეების სახელზე საჯარო რეესტრში რიცხული მიწის ნაკვეთების თანხვედრის ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ ისე გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ არ შეუმოწმებია დასახელებული ფაქტის არსებობა-არარსებობის საკითხი, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. წ-სა და კ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მათ ნაწილში გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 მარტის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის თაობაზე, რომ 1993 წელს დაბა წყნეთში ხანძრის შედეგად განადგურდა ზონარგაყრილი წიგნი, სადაც შ. წ-ი, დ. ა-ი, ი. ღ-ი რეგისტრირებული იყვნენ, როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრენი. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით შ. წ-ს, დ. ა-სა და ი. ღ-ს საკუთრების უფლებით გადაეცათ თოთოეულს ცალკ-ცალკე 1800-1800 კვ.მ მიწის ნაკვეთები;

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 23 მარტის ცნობის თანახმად, შ. წ-ის სახელზე გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე წყნეთის სატყეო უბანში რეგისტრირებული იყო 0,18 ჰა მიწის ნაკვეთი, აღნიშნული ნაკვეთიდან 0,12 ჰა გაიყიდა ნ. დ-ე. 2003 წლის 16 დეკემბერს, 0,12 ჰა მიწის ნაკვეთი შეიძინა ლ. წ-ამ. 2005 წელს ლ. წ-ამ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან 0,06 ჰა გაასხვისა თ. ნ-ე.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2006 წლის 23 მარტს გაცემული ცნობიდან ასევე დგინდება, რომ გარდაბნის სატყეო სამსახურს არ გააჩნია წყნეთის სატყეო უბნის კარტოგრაფიული მონაცემები; შესაბამისად, არ დგინდება სადავო ნაკვეთის ადგილმდებარეობა. ამასთან, გარდაბნის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით გაცემული მიწის ნაკვეთები შედის გარდაბნის რაიონის სატყეო მეურნეობის საზღვრებში, რომელიც ექვემდებარება გარდაბნის რაიონის გამგეობას, ხოლო ი-ის ქუჩა მიეკუთვნება ქ. თბილისის ტერიტორიას;

4. 1999 წლის 16 სექტემბერს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ი-ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ვ. ვ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 600 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების №8/62 მიწის ნაკვეთი;

5. 2005 წლის 21 ოქტომბერს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ი-ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯ. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულია 600 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების №8/63 მიწის ნაკვეთი;

6. 1999 წლის 1 სექტემბერს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ი-ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მ. ს-ას სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 600 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების №8/61 მიწის ნაკვეთი;

7. 2008 წლის 22 თებერვალს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქალაქ თბილისში, გარდაბანში, წყნეთის სატყეო უბანში მდებარე 598.00 კვ.მ №07/037 მიწის ნაკვეთი ეკუთვნის თ. ნ-ს;

8. 2007 წლის 12 ნოემბერს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქალაქი თბილისი, დაბა წყნეთის სატყეო უბანში მდებარე 1000 კვ.მ №07/018 მიწის ნაკვეთი ეკუთვნის ლ. წ-ას;

9. 2008 წლის 7 ოქტომბერს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქალაქი თბილისში, ბაგების სატყეო უბანში მდებარე 1800 კვ.მ №07/055 მიწის ნაკვეთი ეკუთვნის კ. მ-ს;

10. შ. ზ-სა და კ. მ-ს შორის 2004 წლის 4 აგვისტოს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან (ტ. II. ს.ფ. 117-121) გამომდინარე დგინდება, რომ კ. მ-მა შ. ზ-ან შეიძინა 0,18 ჰა. მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბნის რაიონის ბაგების სატყეო მეურნეობის უბანში;

11. შპს „ჯ-ის“ 2011 წლის 12 აპრილის დაკვალვის ჩატარების დამადასტურებელი აქტით დგინდება, რომ ლ. წ-ა და კ. მ-ი ფლობენ საქმის მასალებში წარმოდგენილ საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით მათ სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ მიწის ნაკვეთებს (ტ. III. ს.ფ. 144-147), ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2012 წლის 29 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარეების (მოსარჩელეების) წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ ლ. წ-ა და კ. მ-ი ფლობენ საკადასტრო რუკის მიხედვით მათ სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ მიწის ნაკვეთებს. მხარე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ ამონაწერში საჯარო რეესტრიდან მოპასუხეების მისამართად მითითებული - ქალაქი თბილისი, ბაგების სატყეო უბანი, არ ემთხვევა მათ ამონაწერებზე თანდართული საკადასტრო რუკის მონაცემებს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საჯარო რეესტრის ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საკადასტრო გეგმა და საკადასტრო რუკა გაიცემა საჯარო რეესტრის მონაცემთა ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის მიწის ნაკვეთისა და ნაგებობის შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს. ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საკადასტრო გეგმა არის მიწის ნაკვეთის საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის, მისი ფართობის, კონფიგურაციის, დანიშნულების, საკოორდინატო ბადის, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (მათ შორის მშენებარე) და მათი სართულიანობის, ასევე ამ მიწის ნაკვეთზე იმ უფლებებისა და შეზღუდვების შესახებ, რომელთა საკადასტრო მონაცემებიც რეგისტრირებულია. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საკადასტრო გეგმა არის მიწის ნაკვეთის საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის, მის ფართობის, კონფიგურაციის, დანიშნულების, საკოორდინატო ბადის, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობებისა (მათ შორის მშენებარე) და მათი სართულიანობის, ასევე ამ მიწის ნაკვეთზე იმ უფლებებისა და შეზღუდვების შესახებ, რომელთა საკადასტრო მონაცემებიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამავე ნორმის მე-5 პუნქტის თანახმად, საკადასტრო რუკა არის დოკუმენტი, რომელიც ასახავს კონკრეტული ტერიტორიის საკადასტრო მონაცემებს, ინფორმაციას ამ ტერიტორიაზე უფლებარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების, ნაგებობების, მათი საკოორდინატო ბადისა და საკადასტრო კოდის შესახებ, ასევე ამ მიწის ნაკვეთსა და ნაგებობებზე იმ უფლებებისა და შეზღუდვების შესახებ, რომელთა საკადასტრო მონაცემებიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრის ინსტრუქციის 25-ე მუხლის თანახმად, საკადასტრო მონაცემები არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ასახული, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების, ასევე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია. ამ ნორმებიდან გამომდინარე, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები შეიცავს ინფორმაციას ნივთის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფართობის, საზღვრების, გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში მისი ადგილმდებარეობის, მასზე შენობა-ნაგებობის არსებობის, ამ შენობის ფართობის და კონფიგურაციის შესახებ. შესაბამისად, რეგისტრირებული მონაცემების სისწორის პრეზუმფცია ვრცელდება, როგორც რეგისტრირებულ უფლებაზე და უფლების მფლობელის ვინაობაზე, ისე რეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებზე, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობაზე, ფართობზე, საზღვრებზე, ვიდრე კანონით განსაზღვრული წესით არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული მტკიცებულებით არ არის დადასტურებული აპელანტთა მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების უსწორობა, კერძოდ, ის ფაქტი, რომ არასწორადაა რეგისტრირებული ამ მიწის ნაკვეთის მდებარეობა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, საჯარო რეესტრის ჩანაწერები სადავოდ არ გამხდარა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივრის და სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით. მხოლოდ მოსარჩელეთა წარმომადგენლის სიტყვიერი განმარტებანი საკადასტრო მონაცემების უსწორობასთან დაკავშირებით, სათანადო მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ს-ამ, ვ. ვ-მა, გ. ჯ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრეს მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ნოემბრის განჩინებით მ. ს-ას, ვ. ვ-ის, გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე გამოსწორებული არ იყო ის ფაქტობრივ-სამართლებრივი უსწორობა, რაც სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას დაედო საფუძვლად. საკასაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაედგინა სადავო ნაკვეთზე მხარეების უფლებრივი მდგომარეობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 მარტის განჩინებით ლ. წ-ას და კ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლოს მითითებებიდან გამომდინარე, უნდა დადგინდეს მოსარჩელეების უფლება სადავო ნივთთან მიმართებით და ამ ფაქტს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი გარემოებები მიიჩნია:

1. 2012 წლის 06 თებერვალს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ი-ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ვ. ვ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულია 600 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი( საკადასტრო კოდი _ .... უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტები: „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიულ პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 26 ოქტომბრის N19.46.467 დადგენილება);

2. 2012 წლის 06 თებერვალს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ი-ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მ. ს-ას სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულია 600 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი _ .... უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტები: „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 26 ოქტომბრის N19.46.467 დადგენილება);

3. 2005 წლის 21 ოქტომბერს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ი-ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯ. ბ-ეს საკუთრების უფლებით ერიცხებოდა 600 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტი - სანოტარო წესით 17.10.2005 წელს დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება);

4. 2010 წლის 8 ივნისს ჯ. ბ-ემ მის სახელზე რიცხული ზემოაღნიშნული უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი _ ...) მიჰყიდა გ. ჯ-ეს, რომელიც საჯარო რეესტრში აღირიცხა ამ ქონების მესაკუთრედ;

5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 31 დეკემბრის N2634 1344 და 1998 წლის 26 ოქტომბრის N19.46.467 დადგენილებების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 31 აგვისტოს N282 ბრძანებულების საფუძველზე, ბაგებში, ი-ის ქუჩის გაგრძელებაზე, ყოფილი თბილისის სატყეო მეურნეობის ბაგების სატყეო უბნის ფართობებიდან თბილისის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დაუმაგრდათ მიწის ნაკვეთები ინდივიდუალური ბინათმშენებლობისთვის;

6. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შ. წ-ის, დ. ა-ის და ი. ღ-ის განცხადება გარდაბნის რაიონის სატყეო მეურნეობის მიმართ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ; კერძოდ, დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის თაობაზე, რომ ,,1993 წელს დაბა წყნეთში ხანძრის შედეგად განადგურდა ზონარგაყრილი წიგნი, სადაც ისინი რეგისტრირებული იყვნენ როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები და მათ თითოეულს საკუთრების უფლებით გადაეცეთ ცალ–ცალკე 1800–1800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი“ (ტ. 1, ს.ფ. 103–107); ამავე გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მითითებული, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთები მდებარეობს დაბა წყნეთში, ახალდაბის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის ტყე–პარკში;

7. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხემ შეიძინა მიწის ის ნაკვეთი, რომელზეც გამსხვისებელს საკუთრების უფლება წარმოეშვა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე; შესაბამისად, ნაკვეთის მდებარეობა უნდა შეესაბამებოდეს ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ შემდეგ მისამართს - ,,ახალდაბის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის ტყე–პარკი“;

8. ქალაქ თბილისში, დაბა წყნეთის სატყეო უბანში მდებარე 1000.00 კვ.მ №07/018 მიწის ნაკვეთი ეკუთვნის ლ. წ-ას, ხოლო ქალაქ თბილისში, ბაგების სატყეო უბანში მდებარე 1800.00 კვ.მ №07/055 მიწის ნაკვეთი ეკუთვნის კ. მ-ს;

9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 23 მარტის №131 წერილით ირკვევა, რომ ,,გარდაბნის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით გაცემული მიწის ნაკვეთები შედის გარდაბნის რაიონის სატყეო მეურნეობის ტერიტორიულ საზღვრებში, რომელიც ექვემდებარება გარდაბნის რაიონის გამგეობას, ხოლო ი-ის ქუჩა მიეკუთვნება ქალაქ თბილისის ტერიტორიას“;

10. საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2009 წლის 12 თებერვლისა და 2009 წლის 18 ნოემბრის №2416/18 და 1682/04/18 ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე დადგენილია, რომ ლ. წ-ას და კ. მ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, საკადასტრო გეგმის კოორდინატების მიხედვით, მდებარეობენ ი.უ-ის (ყოფილი ი-ის) ქუჩის მიმდებარედ, ხოლო ახალდაბის ქუჩა (ე.წ. წყნეთის ტყე-პარკი), სადაც გარდაბნის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფილია მოპასუხეების მიწის ნაკვეთები, მდებარეობს ი.უ-ის ქუჩიდან დაახლოებით 4 კმ-ის მოშორებით. გარდაბნის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულია მისამართი ,,ახალდაბის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის ტყე–პარკი“, ხოლო ლ. წ-ას სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მისამართი არის ქ. თბილისი, დაბა წყნეთი, სატყეო უბანი, ნაკვეთი №7/18; კ. მ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მისამართი არის ქ. თბილისი, ბაგების სატყეო უბანი, ნაკვეთი №7/55; აღნიშნული მიწის ნაკვეთების მისამართები არ შეესაბამება გარდაბნის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში (საქმე №2/225, 11/09/02) მითითებულ მისამართს. ამავე დასკვნით დადასტურებულია, რომ მოსარჩელეების და მოპასუხეების სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის ხდება როგორც ნაწილობრივი, ასევე სრული გადაფარვებიც (ტ. 1, ს.ფ. 188, ექსპერტიზის დასკვნის №1 დანართი);

11. მოპასუხეები არ ფლობენ იმ ნაკვეთებს, რომლებზეც მათ გააჩნიათ საკუთრების უფლება და ისინი ფაქტობრივად ფლობენ მათი კუთვნილი ნაკვეთებიდან 4 კილომეტრის დაშორებით მდებარე მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთებს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს არ ქმნიდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. წ-ამ და კ. მ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრეს მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს მითითებები და არ გამოიკვლია ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი სამივე წინაპირობის კუმულატიურად არსებობის ფაქტი, ასევე არ გამოიკვლია და სამართლებრივად არ შეაფასა ის გარემოება, რომ სადავო უძრავ ქონებაზე იკვეთება როგორც მოსარჩელის ასევე მოპასუხის რეგისტრირებული უფლების თანხვედრა. სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორისა და უტყუარობის პრეზუმფციაზე, არ დაუდგენია, ვრცელდება თუ არა ლ. წ-ას და კ. მ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორისა და უტყუარობის პრეზუმფცია, მაშინ როდესაც სააპელაციო სასამართლო წინა ორივე გადაწყვეტილებაში ვრცლად განიხილავს აღნიშნულ საკითხს და ადასტურებს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი არ წარმოადგენს დავის საგანს. საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით, საერთოდ არ არს დადგენილი, რომ ნაკვეთებს შორის არსებობს გადაფარვა. სასამართლომ კი, დაადგინა, რომ კასატორები არ ფლობენ იმ ნაკვეთებს, რომლებზეც მათ გააჩნიათ საკუთრების უფლება და ისინი ფაქტობრივად ფლობენ მათი კუთვნილი ნაკვეთებიდან 4 კილომეტრის დაშორებით მდებარე მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთებს. ხსენებულით, სააპელაციო სასამართლო სრულად გასცდა უზენაესი სასამართლოს მითითებებს, ისევე როგორც უკვე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა უძრავ ქონებებს შორის არსებული გადაფარვა, ხოლო ამისათვის საჭირო იყო მსჯელობა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობებზე, საკუთრების უფლების რეგისტრაციის რიგითობაზე, საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციაზე და სამართალურთიერთობის მონაწილის კეთილსინდისიერების პრინციპზე. საგულისხმოა, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ მითითებული ზემოთხსენებული სამართლებრივი საკითხები ერთმანეთთან მოდის წინააღმდეგობაში, რადგან სამართლებრივი არსიდან გამომდინარე, ისინი განსხვავდება ერთმანეთისგან. შესაბამისად, საჭიროა წინამდებარე საჩივრით დადგენილი მოთხოვნის ღრმა სამართლებრივი შეფასება და განმარტება, ვინაიდან მსგავსი პრობლემების წარმოშობის დროს დასადგენია, თუ როგორც უნდა გადაწყდეს სამართლებრივი დავა, რაც უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს როგორც სამართლის განვითარების, ასევე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებაში. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისწორის პრეზუმფცია ისევე როგორც კეთილსინდისიერება, განმტკიცებულია საქართველოს კანონმდებლობაში. უზენაესი სასამართლო კეთილსინდისიერების პრინციპს აფასებს როგორც სამოქალაქო ბრუნვის და ბრუნვის მონაწილეთა დაცვის მთავარ საშუალებას. არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, სადაც საკუთრების უფლების წარმოშობასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები გადაწყვეტილია სწორედ უტყუარობის პრეზუმფციისა და კეთილსინდისიერების პრინციპზე დაყრდნობით. წინამდებარე საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ის სამართლებრივი საკითხები რომელზეც სასამართლომ უნდა იმსჯელოს, განსხვავდება უკვე არსებული უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისგან, ვინაიდან ამ კონკრეტულ საქმეზე განსახილველია არსებითად ერთმანეთის საპირისპირო სამართლებრივი საკითხები.

კასატორის მოსაზრებით, წინამდებარე საკასაციო საჩივარი უნდა განიხილოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, ვინაიდან საქმე შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას. სამართლებრივი პრობლემის იშვიათობა არ უნდა განვიხილოთ საქმისგან განყენებულად, არამედ საქმე თავისი შინაარსით უნდა წარმოშობდეს სამართლებრივ პრობლემას. წინამდებარე საქმე წარმოშობს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, ვინაიდან ერთმანეთის წინააღმდეგ დგას იმგვარი სამართლებრივი საკითხები როგორებიცაა ერთის მხრივ საკუთრების უფლების წარმოშობის რიგითობა, ხოლო მეორე მხარეს კი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფცია და შემძენის კეთილსინდისიერება.

მოსარჩელეების მიერ საქმეში წარმოდგენილ იქნა საჯარო რეესტრის ამონაწერები, რომელიც ადასტურებდა მათი საკუთრების უფლების არსებობას სადავო უძრავ ქონებაზე. აღნიშნულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ მის ყველა გადაწყვეტილებაში დადგენილ ფაქტად მიიჩნია მოსარჩელეების საკუთრების უფლება ხსენებულ ქონებაზე, ისე რომ არ შეუმოწმებია ამ უფლების სამართლებრივი საფუძვლები.

მოსარჩელეთა საკუთრების უფლება სადავო ნივთზე არ არის საკმარისად დასაბუთებული და სასამართლოს მხრიდან საჭიროებს გამოკვლევას იმავე მასშტაბით რა მასშტაბითაც სასამართლომ შეამოწმა მოპასუხეების საკუთრების უფლება, გარდა ამისა, მოპასუხეებმა წარმოადგინეს საკადასტრო გეგმები, რომლებიც მომზადდა კოორდინატთა საერთაშორისო სისტემით და რომლებიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ამგვარი საკადასტრო გეგმების საფუძველზე ზუსტად არის დადგენილი კასატორების კუთვნილი და მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების მდებარეობა, ფართი, საზღვრები. არსებული საკადასტრო გეგმები დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, რომელთა სისწორე არასოდეს გაუხდია სადავოდ მოსარჩელე მხარეს. ამის საპირისპიროდ, მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილ იქნა ნახაზები, რომლებიც მომზადებულია სიტუაციური მეთოდით და შეუძლებელია, მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ადგილმდებარეობის ზუსტი იდენტიფიცირება. არსებული ნახაზები შედგენილია ვინმე ინდ. მეწარმე მ-ოს მიერ. 2009 წლის 16 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნა დაეყრდნო სწორედ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ საკადასტრო გეგმებს და ინდ. მეწარმე მ-ოს მიერ მომზადებულ ნახაზებს. ხსენებული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ კასატორებისა და მოწინააღმდეგე მხარის სახელებზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის აღინიშნება როგორც ნაწილობრივი, ასევე სრული გადაფარვა. სააპელაციო სასამართლო სწორედ ამ ექსპერტიზის დასკვნას დაეყრდნო, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება და დააკმაყოფილა მოპასუხეთა სარჩელი 2013 წლის 1 მარტს. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ „მოპასუხეები (ახლანდელი კასატორები) არ ფლობენ იმ ნაკვეთებს, რომლებზეც მათ გააჩნიათ საკუთრების უფლება და ისინი ფაქტობრივად ფლობენ მათი კუთვნილი ნაკვეთებიდან 4 კილომეტრის დაშორებით მდებარე მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთებს“. ინდ. მეწარმე ი. მ-ოს მიერ მომზადებული ნახაზი არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას იმისთვის, რომ სასამართლომ დაადგინოს მოპასუხეების საკუთრების უფლება კონკრეტულ უძრავ ქონებაზე.

ვ. ვ-ის და მ. ს-ას საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე წარმოიშვა 1999 წელს, თუმცა, საჯარო რეესტრში უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული არ იყო საკადასტრო გეგმა და შესაბამისად, არ იყო იდენტიფიცირებული, თუ კონკრეტულად რომელ მიწის ნაკვეთებზე ვრცელდებოდა მათი საკუთრების უფლება. 2008 წლის 3 დეკემბერს, მოპასუხეების მიერ საჯარო რეესტრში შეტანილ იქნა განცხადება, რის საფუძველზეც ისინი ითხოვდნენ რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანას. ხსენებულ განცხადებებს მოსარჩელეებმა, სხვა დოკუმენტებთან ერთად, დაურთეს საკადასტრო რუკა და საკადასტრო აზომვითი ნახაზი. სწორედ ინდ. მეწარმე მ-ოს მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე სურდათ მოსარჩელეებს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, რაზეც უარი ეთქვათ.

ის გარემოება, რომ კასატორები ფლობენ უძრავ ნივთს, დასტურდება, პირველ რიგში, საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ამონაწერებით (უფლების რეგისტრაციის თარიღი: 12.11.2007) და ასევე, შესაბამისი საკადასტრო გეგმებით, რომელთა თანახმადაც, კასატორები წარმოადგენენ სადავო ფართის მესაკუთრეებს. ამასთანავე, მოპასუხეებს კასატორების საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ჩანაწერები სადავოდ არ გაუხდიათ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივრის ან სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით. აღნიშნული ფაქტი კი ცხადყოფს, რომ თვითონ მოსარჩელეები ეთანხმებიან და აღიარებენ კასატორების საკუთრები უფლებას სადავო ფართზე.

სსკ-ს 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მსგავს დანაწეს შეიცავს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი, რომლის თანახმადაც, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, არსებული პრეზუმფცია იცავს სამოქალაქო ბრუნვაში ჩართულ პირთა ინტერესებს, ვინაიდან „სამოქალაქო სამართალი კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში გარკვეულ ხარვეზებს არ გამორიცხავს“, მოცემულ შემთხვევაში, ლ. წ-ას მიერ 2004 წლის 16 ივნისს მახარე მ-ან და კ. მ-ის მიერ 2004 წლის 4 აგვისტოს შ. ზ-ან ქონების შეძენის მომენტში, საჯარო რეესტრში ქონებაზე რეგისტრირებული მონაცემები არ ყოფილა გასაჩივრებული, ძალადაკარგული, ბათილი ან არარად ცნობილი. შესაბამისად, კასატორებს არ შეიძლება სცოდნოდათ რეგისტრირებულ მონაცემებში შესაძლო ხარვეზის არსებობის შესახებ. ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფცია არ მოქმედებს მხოლოდ რეგისტრირებულ უფლებაზე და უფლების მფლობელის ვინაობაზე. საჯარო რეესტრის ინსტრუქცის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საკადასტრო გეგმა წარმოადგენს მიწის ნაკვეთის საკადასტრო და გრაფიკული კოდის, მისი ფართობის კონფიგურაციის, დანიშნულის, საკოორდინატო ბადის, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების და მათი სართულიანობის, ასევე ამ მიწის ნაკვეთზე იმ უფლებებისა და შეზღუდვების შესახებ, რომელთა საკადასტრო მონაცემებიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის თანახმად, საკადასტრო რუკა განიმარტება როგორც დოკუმენტი, რომელიც ასახავს ყველა ზემოთხსენებულ ინფორმაციას. ზემოხსენებული ნორმების საფუძველზე, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები შეიცავს ინფორმაციას ნივთის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფართობის, საზღვრების, გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში მისი ადგილმდებარეობის, მასზე შენობა-ნაგებობის არსებობის, ამ შენობის ფართობის და კონფიგურაციის შესახებ. ზემოხსენებული იფნორმაცია არის უძრავი ქონების მთავარი მახასიათებელი და საკუთრების უფლების არსებობა შეუძლებელია, ამ ყველაფრის დაზუსტების გარეშე. შესაბამისად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობის და სისწორის პრეზუმფცია უნდა გავრცელდეს როგორც რეგისტრირებულ უფლებაზე და უფლების მფლობელის ვინაობაზე, ასევე, რეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებზეც.

ლ. წ-ამ და კ.მ-მა ქონება შეიძინეს კეთილსინდისიერად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებზე დაყრდნობით. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მისი აქამდე არსებული პრაქტიკა და დაადგინოს, რომ კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე მოწინააღმდეგე მხარის და გააუქმოს სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1 მარტის განჩინება.

2011 წლის 7 აპრილს შპს „ჯ-მა“ მოამზადა დაკვალვის ჩატარების დამადასტურებელი აქტი, რომელიც ასევე მტკიცებულების სახით არის წარმოდგენილი საქმის მასალებში და რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ლ. წ-ა და კ. მ-ი ფაქტობრივად ფლობენ სწორედ იმ მიწის ნაკვეთებს, რომლებიც მათ სახელზე არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. საქმის მასალებში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს საწინააღმდეგოს და თუნდაც არაპირდაპირ გააქარწყლებს იმ გარემოებას, რომ ლ. წ-ა და კ. მ-ი ფაქტობრივად ფლობენ იმ მიწის ნაკვეთებს, რომელ ნაკვეთებზეც მათი საკუთრების უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლო თავის 2012 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ლ. წ-ა და კ. მ-ი საკუთრების უფლებით ფლობენ მათ სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ მიწის ნაკვეთებს, ამასთანავე სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატას ყურადღება აქვს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ ლ. წ-ა და კ. მ-ი ფლობენ საკადასტრო რუკის მიხედვით მას სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ მიწის ნაკვეთებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 28 ნოემბრის განჩინებით გაქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. უზენაესი სასამართლოს განმარტებით გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთი მიზეზი იყო არა ის, რომ სადაო ქონებაზე მოპასუხეთა საკუთრების უფლების ფაქტი არ არის დადგენილი, პირიქით, ამ შემთხვევაშიც იზიარებს უზენაესი სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ „მითითებული მტკიცებულებთა შინაარსიდან სადავო მიწის ნაკვეთზე როგორც მოსარჩელეთა ასევე მოპასუხეთა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლების თანხვედრა იკვეთება.“

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ სადავო მიწის ნაკვეთებზე რეგისტრირებულია მოპასუხეების, ლ. წ-ას და კ. მ-ის საკუთრების უფლება და ისინი ფლობენ სწორედ იმ მიწის ნაკვეთებს, რომელიც მათ სახელზე არის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული, გაუგებარია, თუ რომელი მტკიცებულებების გამოკვლევის საფუძველზე მივიდა სასამართლო იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხეები არ ფლობენ იმ ნაკვეთებს, რომელზეც მათ გააჩნიათ საკუთრების უფლება, მაშინ, როდესაც საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საწინააღმდეგოს ადასტურებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. წ-სა და კ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლ.დ დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ. მაგ. სუსგ №ას-39-37-2013 ), ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. წ-სა და კ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს დაუბრუნდეთ ა. ლ-ას მიერ 16.04.2013 წლის N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე