Facebook Twitter
№ას-104-99-2013 11 თებერვალი, 2013 წელი

№ას-467-443-2013 17 ივნისი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარეები – ი. ვ-ი, ი. ვ-ი, ლ. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 7 მაისს მცხეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს ი. ვ-მა, ი. ვ-მა და ლ. მ-მა მოპასუხეების – სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ნ. ვ-ის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2012 წლის 23 მარტს შედგენილ დაყადაღების აქტში მითითებული რიგი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. ვ-ის, ი. ვ-სა და ლ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

ყადაღისაგან გათავისუფლდა აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2012 წლის 23 მარტს შედგენილ დაყადაღების აქტში მითითებული ნივთები: ტელევიზორი „ორვიკი“ 01 ცალი; 2. დივან-სავარძელი 03 ნაჭერი; 3. ტელევიზორის მაგიდა 01 ცალი; 4. გორგოლაჭებიანი სავარძელი 01 ცალი; 5. დასადგამი სანათი 01 ცალი; 6. დასადგამი საყვავილე „ვაზა“ 01 ცალი; 7. შემოსასვლელის კარადა 01 ცალი; 8. მაცივარი ორკამერიანი „ტოშიბა“ 01 ცალი; 9. გაზქურა „როიალი“ 01 ცალი; 10. სამზარეულოს ავეჯი 01 კომპ.; 11. ჟურნალების მაგიდა 01 ცალი.

ამავე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ი. ვ-ის სარჩელის მოთხოვნა პერსონალური კომპიუტერის კომპლექტის (მონიტორი „ასუს“, ქეისი, კლავიატურა, მაუსი) ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო საქმეთა ოფიცრებმა, გ. ნ-მა და ი. ტ-მა, 2012 წლის 23 მარტს შეადგინეს შემდეგი ნივთების დაყადაღების აქტი: 1. ტელევიზორი „ორვიკი“ 01 ცალი; 2. დივან-სავარძელი 03 ნაჭერი; 3. ტელევიზორის მაგიდა 01 ცალი; 4. გორგოლაჭებიანი სავარძელი 01 ცალი; 5. დასადგამი სანათი 01 ცალი; 6. დასადგამი საყვავილე ვაზა 01 ცალი; 7. შემოსასვლელის კარადა 01 ცალი; 8. მაცივარი ორკამერიანი „ტოშიბა“ 01 ცალი; 9. გაზქურა „როიალი“ 01 ცალი; 10. სამზარეულოს ავეჯი 01 კომპ.; 11. ჟურნალების მაგიდა 01 ცალი 12. პერსონალური კომპიუტერის კომპლექტი (მონიტორი „ასუს“, ქეისი, კლავიატურა, მაუსი).

გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 25 აპრილის ბრძანებით დაკმაყოფილდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს შუამდგომლობა ნ. ვ-ის ყადაღადადებული ქონების ღია აუქციონის წესით რეალიზაციის შესახებ და დადგინდა ღია აუქციონის წესით გადასახადის გადამხდელის ნ. ვ-ის საკუთრებაში არსებული დაყადაღებული ქონების რეალიზაცია, დაყადაღებული ქონების რეალიზაციის მომენტში არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ 2012 წლის 23 მარტს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს უფლებამოსილი პირების მიერ შედგა აქტი მოვალის ქონების დაყადაღების შესახებ. ბრძანებაში ნ. ვ-ის საგადასახადო დავალიანებად მითითებულია 7169.36 ლარი. ამდენად, მცხეთის რაიონული სასამართლოს აღნიშნული ბრძანებით დადგინდა 2012 წლის 23 მარტს დაყადაღებული მოძრავი ნივთების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

2012 წლის 23 მარტის №059-4866 დაყადაღების აქტის თანახმად, ნივთების აღწერას ესწრებოდა მხოლოდ ნ. ვ-ი, ხოლო აქტზე გაკეთებულია ნ. ვ-ის წერილობითი შენიშვნა - „აღწერილი ქონებიდან კომპიუტერის გარდა სხვა ქონება ჩემი საკუთრება არ არის“.

მოსარჩელეები – ი. ვ-ი, ლ. მ-ი, ი. ვ-ი, ასევე მოპასუხე ნ. ვ-ი რეგისტრირებულნი არიან და ცხოვრობენ მცხეთის რაიონის სოფელ მ-ი.

დაყადაღების აქტში მითითებული ნივთები, კერძოდ: 1. ტელევიზორი „ორვიკი“ 01 ცალი; 2. სავარძელი 03 ნაჭერი; 3. ტელევიზორის მაგიდა 01 ცალი; 4. გორგოლაჭებიანი სავარძელი 01 ცალი; 5. დასადგამი სანათი 01 ცალი; 6. დასადგამი საყვავილე ვაზა 01 ცალი; 7. შემოსასვლელის კარადა 01 ცალი; 8. მაცივარი ორკამერიანი „ტოშიბა“ 01 ცალი; 9. გაზქურა „როიალი“ 01 ცალი; 10. სამზარეულოს ავეჯი 01 კომპ.; 11. ჟურნალების მაგიდა 01 ცალი, არის ი. ვ-ისა და ლ. მ-ის საკუთრება.

სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

სასამართლომ მხედველობაში მიიღო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესები.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოწმეების: ე. ა-სა და ზ. ბ-ის განმარტებით, დაყადაღებული საოჯახო ნივთები შეძენილ იქნა ნ. ვ-ის მშობლების ლ. მ-სა და ი. ვ-ის ქორწინების დროს. ისინი ცხოვრობენ მცხეთის რაიონის სოფელ მ-ი, უძღვებიან მცირე საოჯახო ფერმერულ მეურნეობას.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კანონით დადგენილი არ არის მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შეძენის რაიმე სპეციალური წესი, შესაბამისად მოძრავ ნივთზე პირის უფლების შესახებ დავაში მოწმეთა ჩვენება მტკიცებულებად დასაშვებია და მისი შეფასება ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით.

სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ამდენად, მოწმეთა ჩვენებების, მოპასუხე ნ. ვ-ის ახსნა-განმარტების საფუძველზე, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ როგორც მოსარჩელეები, ასევე მოპასუხე ნ. ვ-ი ცხოვრობდნენ მცხეთის რაიონის სოფელ მ-ი მდებარე იმ სახლში, სადაც მოხდა ნივთების დაყადაღება, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სადავო მოძრავი ნივთების მოსარჩელეებისადმი კუთვნილების ფაქტი.

საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

მოცემულ შემთხვევაში, მხარემ ვერ წარადგინა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა მოსარჩელეთა მიერ სადავოდ გამხდარი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. შესაბამისად, კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, რომლის მიხედვითაც, სასამართლო მხოლოდ მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული ნივთები არ არის ინდმეწარმე „ნ. ვ-ის“ საკუთრება;

სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით, ხოლო ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. გარდა ამისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ქონების დაყადაღების (აღწერის) დროს იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებიც მოვალესთანაა, მას ეკუთვნის, თუ მოვალის ქონების დაყადაღებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე საკუთრების უფლებებს, იგი მაინც შეიტანება ქონებაზე ყადაღის დადების (აღწერის) აქტში და კეთდება სათანადო აღნიშვნა;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლის მოქმედება, მოვალის (ინდმეწარმე ნ. ვ-ი“) იურიდიულ მისამართზე არსებული ქონების დაყადაღების და კუთვნილების განსაზღვასთან დაკავშირებით, სრულ თანხვედრაშია კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებათან. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მაისის განჩინებით კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე