№ას-501-477-2013 24 ივნისი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ღ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა თ. ღ-მა მოპასუხე ლ. ბ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 2009 წლის 9 ოქტომბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის – 30000 აშშ დოლარის და სარგებლის – 18000 აშშ დოლარის დაკისრება. გარდა ამისა, მოსარჩელემ მოითხოვა, რომ ლ. ბ-ეს დაკისრებოდა სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლო 2010 წლის აპრილიდან 2011 წლის მარტამდე – 30240 აშშ დოლარის ოდენობით და 2011 წლის 26 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 144 აშშ დოლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ღ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
ლ. ბ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 33240 აშშ დოლარი;
მოპასუხეს თ. ღ-ის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა 2011 წლის 26 მარტიდან ყოველდღიურად ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით 9 აშშ დოლარის ანაზღაურება;
თ. ღ-ის სარჩელის მოთხოვნები 91002 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
მოსარჩელეს დაუბრუნდა სარჩელთან დაკავშირებით წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 783 ლარი;
ლ. ბ-ეს დაეკისრა თ. ღ-ის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ნაწილი 410 ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ღ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სესხის ძირითადი თანხის სახით ლ. ბ-ის 30000 აშშ დოლარის და სარგებლის სახით 18000 აშშ დოლარის, ჯამში 48000 აშშ დოლარის დაკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 მარტის განჩინებით ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე თ. ღ-ი ლ. ბ-ან შედგენილი სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხებს იღებდა როგორც პირადად, ისე მესამე პირის მეშვეობით. ეს გარემოება ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა 2011 წლის 26 მარტის თანხის მიღება ჩაბარების აქტით, რომლის მიხედვითაც, თ. ღ-ის განკუთვნილ თანხებს იღებდა მოსარჩელის დედა – ქ. ც-ეც. მხარეები არ დავობდნენ, რომ 2011 წლის 26 მარტს მოსარჩელეს სესხის სახით გაცემული ძირითადი თანხიდან მიღებული ჰქონდა 6000 აშშ დოლარი.
ლ. ბ-ის დავალიანება თ. ღ-ის მიმართ სესხის ძირითადი თანხის სახით შეადგენდა 30000 აშშ დოლარს, ხოლო 2011 წლის 26 მარტამდე შემცირების გარეშე წარმოქმნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა 30240 აშშ დოლარს. 30000 აშშ დოლარის სესხის ძირითადი თანხის გათვალისწინებით შეუმცირებელი პირგასამტეხლოს ოდენობა იყო 90 აშშ დოლარი.
2009 წლის 9 ოქტომბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით, თ. ღ-მა ლ. ბ-ეს ასესხა 36000 აშშ დოლარი. სესხი გაიცა სამი თვის ვადით, ყოველთვიური სარგებლის სახით 5%-ის დარიცხვით. მხარეთა შეთანხმებით, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 0.3%-ის ოდენობით. ლ. ბ-ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის სახელზე რიცხული თბილისში ს-ოს ქ.N7-7ა-ში მდებარე უძრავი ქონება.
თ. ღ-ს ლ. ბ-ან სხვადასხვა პერიოდში სარგებლის სახით მიღებული ჰქონდა 13550 აშშ დოლარი. აღნიშნული გარემოება დადასტურდა მოპასუხის მიერ წარდგენილი თანხის გადაცემის ხელწერილებით, რომელთა მიხედვით, სესხის თანხები მიიღო ნაწილობრივ თ. ღ-მა და ნაწილობრივ მოსარჩელის დედამ – ქ. ც-ემ. ამასთან, მოსარჩელემ დაადასტურა, რომ საქმეში არსებულ ხელწერილებში დასახელებული თანხებით დაიფარა მის მიმართ არსებული ვალდებულებები და მათი შინაარსი შეესაბამებოდა რეალობას.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებობდა 2010 წლის 9 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა. სააპელაციო საჩივრის მიხედვით კი, სადავო იყო სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების მართებულობა.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლ.თ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, 2010 წლის 9 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის. მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა პირგასამტეხლოს არსი და საფუძვლიანად შეამცირა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შესაბამის ოდენობამდე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დამატებით განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალ., 2010 წლის 9 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავდა, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი“ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეეფასებინა სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, თუმცა, ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის:
ა. პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ. დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ. ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ. პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ასევე გასათვალისწინებელ. კრედიტორის ქონებრივი ინტერესები, რომელმაც ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოზე შეთანხმებით გარკვეულწილად დააზღვია ვალდებულება და მოვალეს დაუწესა იძულების მექანიზმი ვალდებულების დროულად და ჯეროვნად შესრულებისათვის. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ, კრედიტორის ინტერესებიდან გამომდინარე, არ გაიზიარა აპელანტის განმარტება პირგასამტეხლოს 0.01%-მდე შემცირების თაობაზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესრულებული ვალდებულების და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე სწორად ჩათვალა მოთხოვნილი პირგასამტეხლო – 0.3%-ის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და სამართლიანად შეამცირა იგი 0.03%-მდე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. ბ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის 0.3%-ით შემცირება, 0.01%-მდე.
საკასაციო საჩივარი დასაბუთებულ. შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არასაკმარისადაა დასაბუთებული. ზოგადად, პირგასამტეხლოს მიზანია სანქციის გამოყენება მოვალის მიმართ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ან შეუსრულებლობისათვის, გამომდინარე სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან. თუმცა, ამავე კოდექსის 115-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ სამოქალაქო უფლება სუნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სააპელაციო სასამართლომ მართალია გამოიყენა დასახელებული მუხლები, მაგრამ აღნიშნულს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო საკმაოდ დიდი ოდენობისაა ძირითად თანხასთან მიმართებით. შესაბამისად, ასეთი ოდენობის პირგასამტეხლოს არ გააჩნია სანქციის ფუნქცია, იგი არის კრედიტორის გამდიდრების საშუალება, რაც წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულ. მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულ. სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ. ქ-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (437 ლარი) 70% – 305.9 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ლ. ბ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ. ქ-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (437 ლარი, გადახდის თარიღი – 2013 წლის 2 მაისი, საგადახდო დავალება № ...) 70% – 305.9 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე