Facebook Twitter

№ას-509-483-2013 25 ივნისი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქა.ქო საქმეთა პა.ტა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ნ. ს-ი, ს. ვ-ი, ა. ვ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ს. კ-ი, ა. ვ-ა, ა. მ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. კ-მა, ა. ვ-ამ, ა. მ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ნ. ს-ის, ს. ვ-ის, ა. ვ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს და მოითხოვეს ქ. თბილისში, ჩ-ის ქუჩა N16-ში მდებარე საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთზე საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის აუქციონზე რეალიზაციის გზით.

მოსარჩელეთა განმარტებით, ქ. თბილისში, ჩ-ის ქუჩა 16-ში მდებარე შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი ა. ვ-ამ, ა. მ-ემ, ს. კ-მა და ნ. ს-მა მიიღეს მემკვიდრეობით. ა. მ-სა და ა. ვ-ას ეკუთვნის 1/3 ნაწილი, ს. კ-ს - 1/3, ხოლო ა. ვ-ს, ს. ვ-სა და ნ. ს-ს - თითოეულს 1/9 ნაწილი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეუძლებელია საზიარო საგნის ნატურით გაყოფა თანაბარ ნაწილებად მისი ღირებულების შემცირების გარეშე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. კ-ის, ა. მ-სა და ა. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ს. კ-ს, ა. მ-ეს, ა. ვ-სა და ს. ვ-ს, ა. ვ-სა და ნ. ს-ს შორის საზიარო უფლება, ქ. თბილისში, ჩ-ის ქუჩა N16-ში მდებარე უძრავ საზიარო საგნის გაყიდვის გზით; დადგინდა საზიარო საგნის გაყიდვით ამონაგები თანხის განაწილება ს. კ-ს, ა. მ-ეს, ა. ვ-სა და ს. ვ-ს, ა. ვ-სა და ნ. ს-ს შორის, მათი წილების მიხედვით; ამონაგები თანხიდან ა. ვ-სა და ა. მ-ეს უნდა მიკუთვნებოდა 1/3 წილი, ს. კ-ს - 1/3 წილი, ნ. ს-ს - 1/9 წილი, ა. ვ-ს - 1/9 წილი, ს. ვ-ს - 1/9 წილი.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად მათი კუთვნილი წილი ბევრად აღემატება საზიარო ქონებაში 1/3 ნაწილს.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მითითებული არგუმენტის დასადასტურებლად მხოლოდ ახსნა-განმარტება საკმარისი არ არის. სადავო ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ აპელანტების კუთვნილი წილი ბევრად აღემატება საზიარო ქონების 1/3 წილს არ შეიძლება დადასტურდეს მხარის ახსნა-განმარტებით, ვინაიდან სამოქა.ქო კოდექსის 311-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებზე საკუთრებისა და სხვა სანივთო უფლებები შეიტანება საჯარო რეესტრში. იმავე კოდექსის 312-ე მუხლის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ჩ-ის ქუჩა 16-ში მდებარე უძრავ ქონებაზე აღრიცხულია ა. ვ-ას, ა. მ-ის, ს. კ-ის, ნ. ს-ის, ა. ვ-სა და ს. ვ-ის საკუთრების უფლება იდეალური წილის უფლებით, საიდანაც ა. ვ-სა და ა. მ-ის უფლება მთლიანობაში ვრცელდება 1/3 წილზე, ს. კ-ის უფლება ვრცელდება 1/3 წილზე, ხოლო ნ. ს-ის, ა. ვ-სა და ს. ვ-ის საკუთრების უფლება ვრცელდება თითოეულის 1/9 წილზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 22 ივნისის N5-017874 დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ საცხოვრებელი, დამხმარე და სამეურნეო ფართებიდან საჯარო რეესტრში დაფიქსირებული იდეალური წილების შესაბამისად გამოყოფა ტექნიკურად შეუძლებელია. ამასთან, ექსპერტმა შესაძლებლად მიიჩნია ფართების მიხედვით, გამოყოფა მთელი სახლთმფლობელობის შიდა ფართიდან ორი ვარიანტის მიხედვით. ორივე შემთხვევაში, ჩასატარებელია სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები, კედლების მოწყობა, ფანჯრის ღიობების ამოშენება და სხვა. განაშენიანებისაგან თავისუფალი მიწის ნაკვეთის გამიჯვნა მესაკუთრეებს შორის ტექნიკურად შეუძლებელია და შენობა-ნაგებობების მოცემული ვარიანტებით გამოყოფის შემთხვევაში დარჩება საერთო საკუთრებაში; ამდენად, ექსპერტიზის დასკვნით დგინდება საზიარო საგნის ნატურით გაყოფის გზით შეუძლებლობა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა სარჩელი საზიარო საგნის გაყიდვის გზით საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: ა. მ-ე და ა. ვ-ა არ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ მოპასუხეების მამამ ააშენა ორსართულიანი ნაგებობა მეზობლის მიერ დათმობილი მიწის ნაკვეთის ხარჯზე, რაც 1/3-ით მეტია და არ არის ასახული გასაყოფ უძრავ ქონებაში. აპელანტების განმარტებით, საქმის განმხილველმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხის ოჯახი არის 12 სულიანი და გადანაწილებული არიან დამხმარე სათავსოს ხარჯზე. აუქციონზე ქონების რეალიზაციის შედეგად რჩებიან თავშესაფრის გარეშე. საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. ექსპერტიზის წინაშე ასეთი შეკითხვა უნდა დასმულიყო, თუმცა მოსარჩელემ სხვა შეკითხვა დაუსვა ექსპერტს, რის გამოც ვერ მოხერხდა სწორი სამართლებრივი შეფასება. ექსპერტიზის დასკვნა მოიცავდა რამდენიმე ალტერნატიულ ვარიანტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ს-ის, ს. ვ-ის, ა. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქა.ქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქა.ქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

სამოქა.ქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პა.ტამ იხელმძღვანელა სამოქა.ქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ს-ის, ს. ვ-ის, ა. ვ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს დაუბრუნდეთ 27.05.13 წლის N... საგადახდო დავალებით ნ. ს-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე