Facebook Twitter

№ას-516-490-2013 25 ივნისი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ო. გ-ი, ნ. ს-ე, ს. გ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - დ. მ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი - უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. მ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში ო. გ-ის, ნ. ს-ის, ს. გ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა ქ. თბილისში კ. მ-ის ქ. N2/ყ-ის ქუჩა N7-ში მდებარე ბინის მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით.

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ბინა მან 2012 წლის 3 თებერვალს ო. გ-ან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა და ამჟამად რეგისტრირებულია მის სახელზე. მოპასუხეები კანონიერი საფუძვლის გარეშე ფლობენ უძრავ ქონებას.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ 2012 წლის 3 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულება თვალთმაქცური გარიგებაა და დაიდო მხარეებს შორის არსებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დასაფარავად.

ო. გ-მა შეგებებული სარჩელი აღძრა 2012 წლის 3 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ო. გ-ის შეგებებული სარჩელი განუხილველად დარჩა, რაც მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

იმავე სასამართლოს 2012 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეების ნ. ს-ის, ო. და ს. გ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა თბილისში, კ. მ-ის ქუჩა N2/ყ-ის ქუჩა N7-ში მდებარე სახლში განთავსებული 38 მ2 ბინა (საკადასტრო კოდი ...) და გადაეცა მესაკუთრეს - მოსარჩელე დ. მ-ს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 3 თებერვალს ო. გ-სა და დ. მ-ს შორის დაიდო თბილისში, კ.მ-ის ქუჩა N2/თბილისში, ყ-ის ქუჩა N7 მისამართზე მდებარე 38 მ2 ბინის (საკადასტრო კოდი ...) ნასყიდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის საგნის გამოსყიდვის უფლებით. ხელშეკრულების თანახმად, სადავო უძრავი ნივთი გაიყიდა 6000 აშშ დოლარად. ამ ხელშეკრულებით გამყიდველმა ო. გ-მა დაიტოვა ნასყიდობის საგნის გამოსყიდვის უფლება და ამ უფლების რეალიზაციისათვის ხელშეკრულებით განისაზღვრა 2 თვის ვადა, რომელიც მთავრდებოდა 2012 წლის 3 აპრილს. ო. გ-ს 2012 წლის 3 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებით არ უსარგებლია და სადავო ბინა არ გამოუსყიდია. თბილისში, კ. მ-ის ქუჩა N2/თბილისში, ყ-ის ქუჩა N7 მისამართზე მდებარე სახლში განთავსებული 38 მ2 ფართი (საკადასტრო კოდი ...) 2012 წლის 8 თებერვლიდან საჯარო რეესტრში აღრიცხულია დ. მ-ის საკუთრებად, თუმცა სადავო ბინაში დღემდე ნ. ს-ე, ო. და ს. გ-ი ცხოვრობენ.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, მე-4 მუხლებით და აღნიშნა, რომ მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს სადავო ბინაზე მფლობელობის უფლების არსებობა, შესაბამისად, დ. მ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის განჩინებით ო. გ-ის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ განჩინება ო. გ-მა, ნ. ს-ემ, ს. გ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრეს მისი გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ 2012 წლის 3 თებერვლის ხელშეკრულება თვალთმაქცური გარიგება იყო. ნასყიდობის ფასი დ. მ-ს ო. გ-ის არ გადაუცია, რაც უდავოდ ადასტურებს გარიგების თვალთმაქცურობას, გარდა ამისა, ნასყიდობის ფასი, 6000 აშშ დოლარი, არ შეესაბამება სადავო ბინის რეალურ ღირებულებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ ო. გ-ის შეგებებული სარჩელი განუხილველად კანონიერი საფუძვლის გარეშე დატოვა, სააპელაციო სასამართლომ კი, კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა და დააკანონა საქალაქო სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. გ-ის, ნ. ს-ის, ს. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ. მაგ, სუსგ №ას-793-1008-08, №ას-1099-1363-09, №ას-697-954-04), ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. გ-ის, ნ. ს-ის, ს. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს დაუბრუნდეთ 08.05.13 წლის N... საგადახდო დავალებით ნ. ს-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე