საქმე №ას-574-545-2013 5 ივნისი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის განჩინებაზე, საქმეზე სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელის გამო, ნ. წ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელი ხ. ა-ე (იხ. რწმუნებულება ტ.I, ს.ფ.13) ესწრებოდა სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (ს.ფ.103). სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 2013 წლის 17 აპრილი, ხოლო 30-ე დღე – ამავე წლის 27 აპრილი. გამომდინარე აქედან, კასატორის წარმომადგენლს შეეძლო გასაჩივრებული განჩინება ჩაებარებინა 2013 წლის 17 აპრილიდან 2013 წლის 27 აპრილამდე. ამ ვადის განმავლობაში დასაბუთებული განჩინება მხარეს არ ჩაუბარებია. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 27 აპრილს, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 27 აპრილს და დასრულდა 2013 წლის 17 მაისს.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარზე დართული კონვერტით დასტურდება, რომ ის ფოსტას ჩაბარდა 2013 წლის 18 მაისს, საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების უტყუარი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე