№ას-582-553-2013 24 ივნისი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შ. ლ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ლ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 2 ნოემბერს თელავის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შ. ლ-ემ მოპასუხე დ. ლ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 1983 წლის 16 სექტემბერს ნოტარიუს ნ.გ-ის მიერ დ. ლ-ის სახელზე გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის (სარეგისტრაციო ნომერი 2237) ბათილად ცნობა და ახმეტის რაიონის სოფელ დ-ი მდებარე სადავო სახლის მესაკუთრედ აღიარება. გარდა ამისა, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ექსპერტიზის ხარჯის 664 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის 390 ლარის დაკისრება.
თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 აპრილის განჩინებით შ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შ. ლ-ის მშობლები იყვნენ ქ. (ფ.) და ე. ლ-ი. დ. ლ-ის ბიოლოგიური მშობლები იყვნენ ქ. (ფ.) ლ-ე და ე. ლ-ე. დ. ლ-ე 1939 წელს იშვილა თ. ლ-ემ.
თ. ლ-ე გარდაიცვალა 1970 წლის 8 ოქტომბერს. ქ. ლ-ე გარდაიცვალა 1978 წლის 8 სექტემბერს.
1983 წლის 16 სექტემბერს დ. ლ-ის სახელზე გაიცა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა თ. ლ-ის დანაშთ ქონებაზე, რომლის თანახმად დ. ლ-ემ მიიღო თ. ლ-ის დანაშთი ქონება.
მოსარჩელის მამის, ქ. ლ-ის საკუთრების უფლება მთათუშეთში, სოფელ დ-ი მდებარე 65კვ.მ საცხოვრებელ სახლზე არ დასტურდებოდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტი სარჩელის მოთხოვნიდან გამომდინარე ვალდებული იყო მტკიცების ტვირთის ფარგლებში დაედასტურებინა, რომ სადავო ქონება, რომელიც მდებარეობდა ახმეტის რაიონის სოფელ დ-ი, იყო ქ. ლ-ის დანაშთი ქონება და მას, როგორც ქ. ლ-ის პირველი რიგის მემკვიდრეს ჰქონდა ქონებიდან წილის მოთხოვნის უფლება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში, თავად მოსარჩელის მიერ წარდგენილი ომალოს სასოფლო საბჭოს თავმჯდომარის მიერ გაცემული 1983 წლის №60 ცნობის შესაბამისად დგინდებოდა, რომ თ. ლ-ის სახელზე მთათუშეთში, სოფელ დ-ი აღრიცხული იყო 65კვ.მ (მათ შორის, 60კვ.მ საცხოვრებელი და 5კვ.მ დამხმარე ფართი) ორსართულიანი, ოთხოთახიანი საცხოვრებელი სახლი. ახმეტის რაიონის ზემო ა-ის სახალხო დეპუთატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მიერ გაცემული 1983 წლის №719 ცნობის შესაბამისად ასევე დგინდებოდა, რომ თ. ლ-ის გარდაცვალების შემდეგ დ. ლ-ე ფლობდა და განაგებდა მთელ ქონებას. მოსარჩელის მიერვე წარდგენილი სახელმწიფო არქივის თელავის ფილიალის 1987 წლის 19 იანვრის ცნობით დგინდებოდა, რომ 1935 წლის საკომლო წიგნის შესაბამისად, ლ-ე ფ. ირიცხებოდა მთათუშეთში დ-ოს მაცხოვრებლად. საარქივო მასალების შესაბამისად, ფ. ლ-ეს აქვს მინაწერი, რომ აღრიცხულია (გადასულია) ზემო ა-ი.
რაც შეეხებოდა ახმეტის რაიონული სასამართლოს 1992 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებას, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც ხსენებული გადაწყვეტილებით დგინდებოდა, შ. და დ. ლ-ს შორის მიმდინარეობდა დავა ზემო ა-ი მდებარე სახლთან დაკავშირებით.
ამდენად, მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტმა (მოსარჩელემ) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა მისი უფლება მთათუშეთში, სოფელ დ-ი მდებარე 65კვ.მ საცხოვრებელ სახლზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 540-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე. 539-ე მუხლის შესაბამისად, მემკვიდრეობის გადასვლა ხდება კანონით ან ანდერძით. ამავე კოდექსის 544-ე მუხლის თანახმად, კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამკვიდრო შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების, ისე მოვალეობების ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. მოცემული დავის საგნიდან გამომდინარე, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას, პირველ რიგში, წარმოადგენდა სადავო სახლის ქ. ლ-ი (მოსარჩელის მამა) კუთვნილების და შემდომში, მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადასტურება. საქმის მასალებით არ დგინდებოდა, რომ სოფელ დ-ი მდებარე სადავო ქონება წარმოადგენდა ქ. ლ-ის სამკვიდრო ქონებას.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და იგი უცვლელად დატოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. ლ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია შემდეგნაირად:
საქმეში დაცული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შ. ლ-სა და დ. ლ-ის ბიოლოგიური დედა, ტ. (ე.) ლ-ე გარდაიცვალა 1982 წელს. აღნიშნულ ფაქტს მნიშვნელობა აქვს საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. აქვე, სასამართლოს სხვა მტკიცებულებებთან მიმართებით უნდა შეეფასებინა ახმეტის რაიონული სასამართლოს 1982 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება. დასახელებული გადაწყვეტილების მიხედვით, 1982 წელს სადავო სახლს ფლობს შ. ლ-ე. იგი უფლებას არ აძლევს დ. ლ-ეს, ხოლო დ. ლ-ე ითხოვს იმ ფაქტის დადგენას, რომ მითითებული სახლი დარჩა ბიოლოგიური მშობლებისგან და არა მშვილებლის – თ. ლ-ან. ამდენად, დადგენილია ფაქტი იმის შესახებ, რომ დ. ლ-ე შ. ლ-ეს დედობილის დანაშთ ქონებას არ ედავება. სოფელ დ-ი ერთადერთი სახლია, რომელიც 1982 წელს ძმებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა. დავის დაწყების დროიდან, ასევე მანამდელ პერიოდშიც, აღნიშნულ სახლს მშობლებთან ერთად, ხოლო მათი გარდაცვალების შემდეგ ერთპიროვნულად ფლობდა და განაგებდა შ. ლ-ე. დ. ლ-ე, ბიოლოგიურ მშობლებთან ერთად, იმ მიზეზით ვერ იქნებოდა თანამესაკუთრე, რომ იგი 1939 წლიდან გაშვილებულია. შესაბამისად, მან უნდა მიმართოს სასამართლოს იმავე დავის საგანზე, იმავე მოპასუხის მიმართ, რა დროსაც უნდა წარადგინოს მტკიცებულებები. დასახელებულ პერიოდში მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით, ასეთი უფლება დ. ლ-ეს გააჩნდა 3 წლის განმავლობაში, რაც მას არ განუხორციელებია;
სასამართლოს საერთოდ არ შეუფასებია რიგი მნიშვნელოვანი გარემოებები, მათ შორის: 1. რატომ არ წარადგინა დ. ლ-ემ სამკვიდრო მოწმობა 1983 წლის აგვისტოდან 2010 წლამდე; 2. რატომ არ იქნა ცნობილი აღნიშნული მოწმობა ბათილად 3 თვეში. თ. ლ-ის მიმართ 1983 წელს გაცემული ცნობის მიხედვით, მისი სახლი იყო სოფელ დ-ი, თუმცა არც ერთი საარქივო ჩანაწერით, არც ერთი მოწმის ჩვენებით ან სხვა რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ თ. ლ-ეს სოფელ დ-ი ჰქონდა სახლი და ოდესმე იგი იქ ცხოვრობდა;
სასამართლომ შეფასება უნდა მისცეს სასოფლო-სამეურნეო კომლში სამკვიდროს გახსნის კანონიერებას, აგრეთვე, საკითხს იმის შესახებ, თუ რამდენად გასცემენ ან გასცემდნენ ნოტარიუსები სამკვიდრო მოწმობას უძრავ ქონებაზე ტექნიკური აღრიცხვის ბიუროსა თუ საჯარო რეესტრის არქივიდან ამონაწერის გარეშე, ამასთან, ასეთი მოწმობის კანონით დადგენილ ვადაში სარეგისტრაციოდ წარდგენის გარეშე როგორ უნდა გადაწყდეს მისი ბათილობის საკითხი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ვ. ს-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (648.95 ლარი) 70% – 454.265 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ შ. ლ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ვ. ს-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (648.95 ლარი, გადახდის თარიღი – 2013 წლის 22 მაისი, საგადახდო დავალება № 1) 70% – 454.265 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე