№ას-623-593-2013 20 ივნისი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – გ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ბ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი _ შპს-ის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებისა და ქ.ქუთაისის მერის ბრძანების გაუქმება, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის სარჩელი ქ.ქუთაისის მერიის მიმართ შპს-ის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებისა და ქ.ქუთაისის მერის ბრძანების გაუქმების, ასევე განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 აპრილის განჩინებით ზ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. მ-მა, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა გ. მ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.
მითითებული ნორმა განსაზღვრავს საკასაციო გასაჩივრების ობიექტს, კერძოდ, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები). ამავე ნორმით განსაზღვრულია ასევე საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები ანუ ის პირები, რომელთაც უფლება აქვთ გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები). ზემოხსენებული ნორმის მიხედვით, საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები არიან მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გ. მ-ი წარმოადგენს მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, შესაბამისად, მას არა აქვს უფლება შეიტანოს საკასაციო საჩივარი, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს საკასაციო საჩივრის უფლების სუბიექტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: პ. ქათამაძე