Facebook Twitter

საქმე №ას-644-612-2013 27 ივნისი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ. ჩ-ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე მ. ჩ-ას სარჩელის გამო, რ. წ-ას, ნ. გ-სა და ი. ს-ას მიმართ ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორი ესწრებოდა სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (ტ.I, ს.ფ.39). სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 2013 წლის 30 აპრილი, ხოლო 30-ე დღე – ამავე წლის 10 მაისი. გამომდინარე აქედან, კასატორს შეეძლო გასაჩივრებული განჩინება ჩაებარებინა 2013 წლის 30 აპრილიდან 2013 წლის 10 მაისამდე, თუმცა როგორც საქმიდან ირკვევა, მ. ჩ-ამ დასაბუთებული განჩინება ჩაიბარა 2013 წლის 27 მაისს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით გათვალისწინებული 30-დღიანი ვადის დარღვევით. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 10 მაისს, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 10 მაისს და დასრულდა 2013 წლის 30 მაისს.

საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დასტურდება, რომ მ. ჩ-ამ ის შეიტანა 2013 წლის 11 ივნისს, ამასთან საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად მითითებულია ასევე 2013 წლის 11 ივნისი (ტ.II, ს.ფ.62), რაც უტყუარად ადასტურებს საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის დარღვევას, აღნიშნული კი მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე