Facebook Twitter

№ ას-71-67-2013 3 ივნისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. ს-ე, ნ. ო-ი, მ. ზ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ს-მა, ნ. ს-ემ, ნ. ო-მა, მ. ზ-მა და ლ. დ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ჯ“-ს წინააღმდეგ და მოითხოვეს: აეკრძალოს მოპასუხე შ.პ.ს. ,,ჯ“-ს ქ.თბილისში, მ-ეს ქუჩა №3-ის მიმდებარედ, მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის მიჯნაზე არსებული ტროტუარით სარგებლობის ხელშეშლა, აეკრძალოს მოპასუხეს მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის იერსახის შეცვლის, სამშენებლო სამშაოების განხორციელების ხელშეშლა, თავისუფლად შეძლონ შენობიდან ტროტუარზე გადაადგილება, ტროტუარის მხრიდან შენობა-ნაგებობებზე შესასვლელი კარებების და ვიტრინების მოწყობა, ფასადის კედელში ღიობების გაკეთება, შეცვალონ სახურავის ბურული და დაევალოს მოპასუხეს მოსარჩელეთა შენობა-ნაგებობაზე მიდგმული და დამაგრებული კონტეინერული ტიპის შემნახველი საკნებისა და სავაჭრო რიგების მოხსნა.

მოსარჩელეთა მითითებით, ქ.თბილისში, მ-ეს ქუჩა №3-ში მდებარე უძრავი ქონება: მიწის ნაკვეთი 510 კვ.მ. შენობა ნაგებობები 377,70 კვ.მ. (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრირებულია ზ. ს-ის, ნ. ს-ის, ნ. ო-ის, მ. ზ-ის, ლ. დ-ის, შ.პ.ს. ,,ნ-ი“-ს თანასაკუთრებად. მათი კუთვნილი შენობა-ნაგებობის მიჯნაზე არსებული ტროტუარი დაკავებული აქვს მოპასუხე შ.პ.ს. ,,ჯ“-ს, სადაც განთავსებული აქვს სავაჭრო რიგები და მოსარჩელეები ვერ ახორციელებენ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კედელში ღიობების, კარებების და ვიტრინების მოწყობის მიზნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ზ. ს-ის, ნ. ს-ის, ნ. ო-ის, მ. ზ-სა და ლ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ს-მა, ნ. ს-ემ, ნ. ო-მა, მ. ზ-მა და ლ. დ-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყoფილებაზე ურის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ზ. ს-ის, ნ. ს-ის, ნ. ო-ის, მ. ზ-სა და ლ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მოსარჩელეების მიერ მათ საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ტროტუარის მხრიდან იმდაგვარი გამოყენება, რომ მოსარჩელეებმა თავისუფლად შეძლონ შენობიდან ტროტუარზე გადაადგილება, ტროტუარის მხრიდან შენობა-ნაგებობებაზე შესასვლელი კარებებისა და ვიტრინების მოწყობა, ფასადის კედელში ღიობების მოწყობა, სახურავის ბურულის შეცვლა, წარმოადგენს შპს „ჯ“-ს ქონებაზე არსებითი ხასიათის ზემოქმედებას - ხელს უშლის მესაკუთრეს საკუთრებით სარგებლობაში და, ამასთან, ასეთი ზემოქმედება არ არის გამოწვეული უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით.

ქ.თბილისში, მ-ეს ქუჩა #3-ში მდებარე უძრავი ქონება მიწის ნაკვეთი 510 კვ.მ. შენობა ნაგებობები 377,70 კვ.მ. (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრირებულია ზ. ს-ის, ნ. ს-ის, ნ. ო-ის, მ. ზ-ის, ლ. დ-ის, შპს ,,ნ-ის“ თანასაკუთრებად (ტ. I, ს.ფ. 104-106).

ქ.თბილისში, მ-ეს ქუჩა, ნავთლუღის ბაზრის მონაკვეთში (საკადასტრო კოდი ...) დაზუსტებული ფართობი: 228 კვ.მ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულია შპს „ჯ“-ს საკუთრებად. საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლებია: საქართველოს კანონი „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“, ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობის 1995 წლის 18 სექტემბრის #4-27/412 განკარგულება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 1995 წლის 21 სექტემბრის N21.94.1088 დადგენილება და ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ 1999 წლის 18 ოქტომბერს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა. საჯარო რეესტრში შპს „ჯ“-ს საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2000 წლის 2 თებერვალს (ტ. I, ს.ფ. 30, 32-33).

თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ისნის რაიონის გამგეობის 1995 წლის 28 სექტემბრის №4-27/412 განკარგულებით დაკმაყოფილდა შპს „ჯ“-ს თხოვნა და ნავთლუღის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სათანადო წესრიგის დამყარების მიზნით, შპს „ჯ“-ს მეველეს ქუჩაზე დაუმაგრდა ტერიტორია მეველეს ჩიხში ავტოსადგომების მოსაწყობად, საკოლმეურნეო ბაზრის კედელზე გარედან დახურული სავაჭრო დახლებისა და მექანიკური ქარხნის მიმდებარედ კონტეინერული ტიპის შემნახველი საკნების განსათავსებლად, ასევე მ-ეს ქუჩის დასაწყისიდან სასტუმროს კუთხემდე აიკრძალა ავტომანქანების დგომა. მ-ეს ჩიხში, ბაზრის უკანა მხარეს, მოეწყო სატვირთო ავტომანქანების სადგომი, მექანიკური ქარხნის კუთხიდან მ-ეს ქუჩის ბოლომდე მოეწყო ავტოსადგომი (ტ. I, ს.ფ. 37).

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 1995 წლის 21 სექტემბრის დადგენილების მიხედვით, დაკმაყოფილდა ისნის რაიონის გამგეობის თხოვნა და შპს „ჯ“-ს მიეცა უფლება მ-ეს ქუჩაზე, ნავთლუღის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დროებით მოეწყო სავაჭრო რიგები (ტ. I, ს.ფ. 38).

მოსარჩელეები სარჩელით ითხოვენ აეკრძალოს მოპასუხე შპს „ჯ“-ს ქ.თბილისში, მ-ეს ქუჩა #3-ის მიმდებარედ, მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის მიჯნაზე არსებული ტროტუარით სარგებლობის ხელშეშლა, აეკრძალოს მოპასუხეს მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის იერსახის შეცვლის, სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ხელშეშლა, თავისუფლად შეძლონ შენობიდან ტროტუარზე გადაადგილება, ტროტუარის მხრიდან შენობა-ნაგებობებზე შესასვლელი კარებების და ვიტრინების მოწყობა, ფასადის კედელში ღიობების გაკეთება და სახურავის ბურულის შეცვლა.

სააპელაციო პალატა მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ სადავო ტროტუარი შპს „ჯ“-ს საკუთრებაა, ასევე გაითვალისწინა ის ფაქტსაც, რომ მესაკუთრე აღნიშნულ ტროტუარს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის შესაბამისად, სამეწარმეო დანიშნულებით იყენებს, ამიტომ დადგენილად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული მოქმედებების განხორციელების შემთხვევაში, შპს „ჯ“-ს დღევანდელი მიზნობრივი დანიშნულებით მის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის უფლება მნიშვნელოვანწილად შეეზღუდება, უფრო მეტიც, ტროტუარის ფართის სიმცირის გათვალისწინებით, მესაკუთრის მიერ კუთვნილი უძრავი ნივთით სარგებლობის უფლება ფაქტობრივად გაუქმდება, რადგან ტროტუარის მხრიდან შენობა-ნაგებობებზე შესასვლელი კარებების, ვიტრინების, ფასადის კედელში ღიობების მოწყობის და შენობიდან ტროტუარზე გადაადგილების ხელშეშლის აღკვეთის შემთხვევაში, შპს „ჯ“-ს საკუთრებაში არსებული ფართის გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ამ დანიშნულებით და შპს „ჯ“-ს საკუთრების უფლების შებოჭვა აბსოლუტურ ხასიათს მიიღებს.

პალატის აზრით, ზემოაღნიშნული გარემოებები მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ სარჩელით მოთხოვნილი მოქმედებების განხორციელების შემთხვევაში, შპს „ჯ“-ს ქონებაზე მოხდება არსებითი ხასიათის ზემოქმედება. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ აღნიშნული ზემოქმედება გამოწვეული იყო არა უძრავი ნივთის ჩვეულებრივი სარგებლობით, არამედ მოსარჩელეთა სურვილით, შპს „ჯ“-ს საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობის გზით, თავიანთ საკუთრებაში არსებული ქონებისათვის იერსახის შეცვლით, განავითარონ სამეწარმეო საქმიანობა. აღნიშნული მსჯელობის ნათელყოფის მიზნებისათვის, პალატამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია თავად მოსარჩელეთა განმარტებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობას გააჩნდა ცენტრალური შესასვლელი, მაგრამ მათ ასევე აქვთ სურვილი მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მხრიდანაც გაუკეთდეს შენობას შესასვლელი, კედელზე გამოიჭრას ღიობები, გაკეთდეს ვიტრინები, რათა შენობას შეეცვალოს იერსახე და გაფართოვდეს მოსარჩელეთა ბიზნესი. ამავე კონტექსტში, პალატამ დააგინა ის ფაქტიც, რომ სადავო ტროტუარს შპს „ჯ“- ც სამეწარმეო დანიშნულებით იყენებს, კერძოდ, ტროტუარზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის შესაბამისად, სავაჭრო რიგებია მოწყობილი, რაც შპს „ჯ“-ის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს (ტ 1, ს.ფ. 90-93; 110-112; 125-135, ტ 2, 2012 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი).

ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ტროტუარს, რომელიც შპს „ჯ“-ს საკუთრებაა, სამეწარმეო დანიშნულებით იყენებდა მესაკუთრე. ნ. ს-ის, ნ. ო-ის, მ. ზ-სა და ლ. დ-ის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, შპს „ჯ“-ს საკუთრების უფლება იმგვარად შეიზღუდება, რომ ამ უკანასკნელის მხრიდან სადავო ტროტუარის, დღეს არსებული მდგომარეობით, გამოყენების გზით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება და შემოსავლის მიღება შეუძლებელი გახდება.

პალატმა ასევე დადგენილად მიიჩნია ის ფაქტიც, რომ მოსარჩელეებმა უძრავი ქონება შეიძინეს იმავე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არის იგი ამჟამად. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მიერ მათ საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ტროტუარის მხრიდან იმდაგვარი გამოყენება, რომ მოსარჩელეებმა თავისუფლად შეძლონ შენობიდან ტროტუარზე გადაადგილება, ტროტუარის მხრიდან შენობა-ნაგებობაზე შესასვლელი კარებებისა და ვიტრინების მოწყობა, ფასადის კედელში ღიობების ამოჭრა და სახურავის ბურულის შეცვლა, წარმოადგენს შპს „ჯ“-ს ქონებაზე არსებითი ხასიათის ზემოქმედებას, რაც ხელს შეუშლის მესაკუთრეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში და ამასთან, აღნიშნული ზემოქმედება არ არის გამოწვეული უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით.

საქმის მასალებით არ დგინდება ის ფაქტი, რომ შპს „ჯ“-ს საკუთრებაში არსებული ფართში დამაგრებული კონტეინერული ტიპის შემნახველი საკნები და სავაჭრო რიგები დაუშვებლად ხელყოფენ მეზობლად მდებარე უძრავი ნივთის თანამესაკუთრეების ინტერესებს.

პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მტკიცების საგანში შედიოდა იმ გარემოების დამტკიცების ვალდებულება, რომ შპს „ჯ“-ს კუთვნილ ფართზე მოწყობილი კონტეინერული ტიპის შემნახველი საკნები და სავაჭრო რიგები დაუშვებლად ხელყოფენ მოსარჩელეთა ინტერესებს. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელეები იმ გარემოებაზე აპელირებენ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 1995 წლის 21 სექტემბრის დადგენილების მიხედვით, შპს „ჯ“-ს მხოლოდ დროებით მიეცა მეველეს ქუჩაზე, ნავთლუღის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო რიგების მოწყობის უფლება, რაც შეეხება შპს „ჯ“-ს საკუთრებაში არსებულ ფართში კონტეინერული ტიპის შემნახველი საკნებისა და სავაჭრო რიგების არსებობით გამოწვეულ დაუშვებელი ხელყოფის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, ასეთზე მოსარჩელეები არ უთითებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შესამოწმებლად სამართლებრივად უმნიშვნელო იყო, თუ რამდენი ხნით მიეცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 1995 წლის 21 სექტემბრის დადგენილების მიხედვით შპს „ჯ“-ს მ-ეს ქუჩაზე, ნავთლუღის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო რიგების მოწყობის უფლება. როგორც საქმის მასალებით დგინდება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ 1995 წლის 21 სექტემბრის დადგენილების გამოცემის მომენტში უძრავი ქონება წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და სადავო უძრავი ქონება შპს „ჯ“-ს საკუთრებად საჯარო რეესტრში 2000 წლის 2 თებერვალს აღირიცხა (იხ.: საჯარო რეესტრის ამონაწერი, ტ. I, ს.ფ. 32,33), ზემოაღნიშნული დადგენილება კი წარმოადგენდა საკუთრებაში ქონების აღრიცხვის ერთ-ერთ საფუძველს. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ნებართვა ნავთლუღის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო რიგების მოწყობის უფლებასთან დაკავშირებით, ქმედითი იყო უძრავ ნივთზე შპს „ჯ“-ს მიერ საკუთრების უფლების მოპოვებამდე, ხოლო საკუთრების უფლების მოპოვების შემდგომ მის საკუთრებაში არსებულ ფართში რაიმე ნაგებობის მოწყობის მართლზომიერება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სადავო არ გამხდარა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა შპს „ჯ“-ს საკუთრებაში არსებული ფართში კონტეინერული ტიპის შემნახველი საკნებისა და სავაჭრო რიგების განთავსებით მეზობლად მდებარე უძრავი ნივთის თანამესაკუთრეების ინტერესების დაუშვებლად ხელყოფის ფაქტი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 172.3-ე, 174-ე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ, განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ მოსარჩელეების მიერ მათ საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ტროტუარის მხრიდან იმდაგვარი გამოყენება, რომ მოსარჩელეებმა თავისუფლად შეძლონ შენობიდან ტროტუარზე გადაადგილება, ტროტუარის მხრიდან შენობა-ნაგებობაზე შესასვლელი კარებებისა და ვიტრინების მოწყობა, ფასადის კედელში ღიობების მოწყობა, სახურავის ბურულის შეცვლა, წარმოადგენდა შპს „ჯ“-ს ქონებაზე არსებითი ხასიათის ზემოქმედებას - ხელს შეუშლის მესაკუთრეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში და ამასთან, ასეთი ზემოქმედება არ იყო გამოწვეული უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით. ამდენად, არ არსებობდა აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი (იხ.სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება 4.1).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 176-ე მუხლზე მითითებით, პალატამ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდებოდა შპს „ჯ“-ს საკუთრებაში არსებულ ფართზე კონტეინერული ტიპის შემნახველი საკნებისა და სავაჭრო რიგების განთავსებით მეზობლად მდებარე უძრავი ნივთის თანამესაკუთრეების ინტერესების დაუშვებლად ხელყოფის ფაქტი და, შესაბამისად, არა არსებობდა კონტეინერული ტიპის შემნახველი საკნებისა და სავაჭრო რიგების მოშლის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები (იხ.სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება 4.1).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატსინ 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ს-ემ, ნ. ო-მა და მ. ზ-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ არასწორია სასამართლოს მოსაზრება იმ გარემოებაზე, რომ მათ უძრავი ქონება იმ მდგომარეობაში შეიძინეს, რა ვითარებაშიც დღეის მდგომარეობითაა და თუ მათ რაიმე სახის პრეტენზია ჰქონდათ ან არ უნდა შეეძინათ ქონება, ან რა მდგომარეობაშიც შიძინეს იმ მდგომარეობას უნდა შეეგუონ. კასატორების ანმარტებით, მართალია ქონების შეძენის დროს ტროტუარზე განლაგებული იყო სავაჭრო რიგები, მაგრამ მათ მიაჩნდათ, რომ ტროტუარი სახეოლმწიფოს საკუთრება იყო და გარევაჭრობის ნებართვაც გაიცემოდა სახელმწიფოს მიერ, რის განსახორციელებლადაც მიმართეს თბილისის მერიას და მიიღეს მათთვის საჭირო ნებართვაც, რაც მოწინააღმდეგე მხარის საჩივრის საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი. კასატორების განმარტებით, მათ მხოლდ ქონების შეძენის შემდეგ შეიტყვეს, რომ ტერიტორია წარმოადგენს იურიდიული პირის საკუთრებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით ნ. ს-ის, ნ. ო-სა და მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ს-ის, ნ. ო-სა და მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ს-ის, ნ. ო-სა და მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% –210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ს-ის, ნ. ო-სა და მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს დაუბრუნდეთ ნ. მ-ის მიერ 2013 წლის 1 თებერვალს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე