Facebook Twitter

№ ას-89-85-2013 3 ივნისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. ტ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ფ. ს-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ფ. ს-ას წარმომადგენელმა მ. ც-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ტ-სა და ნ. მ-ის წინააღმდეგ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ფ. ს-ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ნ. მ-ს ფ. ს-ას სასარგებლოდ დაეკისრა 24 000 აშშ დოლარის და 2012 წლის 9 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად 12 აშშ დოლარის გადახდა. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული ლ. ტ-ის საკუთრებაში არსებული ქონება მდებარე, ქ. თბილისში, გ-ის ქუჩა №24/57 (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: №...).

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანეს ნ. მ-მა და ლ. ტ-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 მაისის განჩინებით ნ. მ-ის და ლ. ტ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2012 წლის 29 მაისის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ტ-ემ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ლ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2012 წლის 29 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერება. საქმის განხილველმა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლოს სხდომაზე მხარის (მოპასუხეების) გამოუცხადებლობის გამო.

დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების (დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ) გამოტანის საფუძვლად მიუთითა მოპასუხეთა გამოუცხადებლობაზე, რომლებსაც სასამართლო უწყება გაეგზავნათ და ჩაბარდათ საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ერთ-ერთ თანამოპასუხეს (აპელანტს) ლ. ტ-ეს სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა 2012 წლის 28 მარტის სასამართლოში დაბარების შესახებ სატელეფონო აქტით. ტელეფონის ნომერზე .... ამავე ტელეფონის ნომერზე დარეკვით ნ. მ-ს ეცნობა 2012 წლის 12 აპრილს 14.00 საათზე დანიშნული სხდომის დღის შესახებ (ტ.1. ს.ფ. 63). აღნიშნული ტელეფონის ნომერი მითითებულ., როგორც ნ. მ-ის ისე, ლ. ტ-ის მიერ წარდგენილ შესაგებელში (ტ.1. ს.ფ. 44, 34). ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იგი ვერ მიიჩნეოდა მხარის პირად ტელეფონის ნომრად. სასამართლოს ვარაუდით, იგი მხარეების წარმომადგენლის ან საერთო ნაცნობის (საკონტაქტო პირის) ტელეფონის ნომერი შეიძლება ყოფილიყო.

2012 წლის 12 აპრილის სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა ჯ. ლ-ა, რომელსაც მართალია 2012 წლის 12 აპრილის სასამართლო სხდომაზე არ ჰქონდა წარმოდგენილი რწმუნებულება, თუმცა იგი განმარტავდა, რომ წარმოადგენდა მოპასუხეების ინტერესებს სამოქალაქო საქმეში, რომელშიც მონაწილობდნენ იგივე მხარეები იგივე დავის საგანზე და დავა დასრულდა არსებითი განხილვის გარეშე მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო. ჯ. ლ-ას განმარტებით, მას მიაჩნდა, რომ გრძელდებოდა იგივე საქმის განხილვა და ამიტომ საჭიროდ არ მიიჩნია წარედგინა ახალი რწმუნებულების წარმოდგენა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სადავოდ არ გაუხდიათ მხარეებს და ამასთანავე დასტურდებოდა სასამართლოს სხდომის ოქმით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.04.2012წ.-ის სხდომის ოქმის ელ. ჩანაწერი).

საქმის მასალებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 12 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის ჯ. ლ-ა მართლაც წარმოადგენდა ლ. ტ-სა და ნ. მ-ის ინტერესებს. აღნიშნული რწმუნებულება გაცემული იყო 2012 წლის 20 ივნისამდე, რომელიც მოგვიანებით წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს საჩივართან ერთად (ტ.1. ს.ფ. 84, 85).

ზემოაღნიშნული ფაქტების ერთობლიობაში შეფასებით, ასევე იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარემ წარადგინა შესაგებელი, არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და მის ფაქტობრივ საფუძვლებს (ტ.1. ს.ფ. 34-61), სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არასაპარტიო მიზეზით არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელიც სხდომის თაობაზე გაფრთხილებული იყო. სააპელაციო სასამართლოს აძლევს ლოგიკური, თანმიმდევრული და დასაბუთებული დასკვნის საფუძველს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხის მხრიდან არ იკვეთებოდა საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობა და შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი და ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად უარი უნდა ეთქვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ მოსარჩელის წარმომადგნელის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ლ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა, რის გამოც საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაბრუნებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ტ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თავად შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება, მან კი, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით ლ. ტ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულ. მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულ. სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. ტ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ლ. ტ-ე გათავისუფლებულ. სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ტ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე