№ას-112-106-2013 3 ივნისი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. ს-ის სარჩელი მოპასუხე შპს „თ-ის“ მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 იანვრის განჩინებით ნ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო.
სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე ნ. ს-ემ შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის მოტივები:
კანონის თანახმად, ვალდებულება არ შეიძლება იყოს ცალმხრივი, კერძოდ, თუკი მოსარჩელეს გადაწყვეტილება უნდა ჩაებარებინა მისი გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღის ვადაში, შესაბამისად, აღნიშნულ ვადაში უნდა მომხდარიყო დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადებაც მხარეთათვის ჩასაბარებლად. რეალურად, დასაბუთებული გადაწყვეტილება არ მომზადებულა ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არც მე-20 და არც 30-ე დღეს. მოსარჩელის წარმომადგენელმა გადაწყვეტილების ჩაბარება მოითხოვა 2012 წლის 21 დეკემბერს, რის თაობაზეც სასამართლოში შიდა ტელეფონით დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს. ამ უკანასკნელმა მას აცნობა, რომ გადაწყვეტილება მზად არ იყო. ფაქტობრივად, 25 დეკემბრამდე მოსარჩელის წარმომადგენელმა ვერ შეძლო გადაწყვეტილების ჩაბარება;
სააპელაციო საჩივრის 14 დღის ვადაში შეუტანლობა არ ყოფილა გამოწვეული აპელანტის ბრალით, კერძოდ, მან სააპელაციო საჩივრის წარდგენა ვერ მოახერხა ავადმყოფობის გამო, შესაბამისად, მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ სასამართლომ განიხილოს მისი სააპელაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
ამდენად, მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა როგორც მოსარჩელე ნ. ს-ე, ასევე მისი წარმომადგენელი – ქ. გ-ი, რომელიც საქმეში წარმოდგენილი მინდობილობის საფუძველზე უფლებამოსილია გაასაჩივროს სასამართლოს ნებისმიერი აქტი, მათ შორის, შეიტანოს სააპელაციო საჩივარი (ს.ფ. 64). ასეთ შემთხვევაში მოსარჩელე (მისი წარმომადგენელი) ვალდებული იყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, კერძოდ, მას გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის უნდა მიემართა არა უგვიანეს 2012 წლის 21 დეკემბრისა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მითითებულ ვადაში მოსარჩელეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის არ მიუმართავს. გადაწყვეტილების ასლი მოსარჩელის წარმომადგენელმა ჩაიბარა მხოლოდ 2012 წლის 25 დეკემბერს (ს.ფ. 126).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ანუ 2012 წლის 21 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 3 იანვარს, რომელიც იყო სამუშაო დღე - ხუთშაბათი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილია 2013 წლის 8 იანვარს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (ს.ფ. 127-137). აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად ნ. ს-ის სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მან დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მიღება ვერ შეძლო 2012 წლის 25 დეკემბრამდე, კერძოდ, 2012 წლის 21 დეკემბერს მოსამართლის თანაშემწემ მის წარმომადგენელს შიდა ტელეფონით აცნობა, რომ გადაწყვეტილება მზად არ იყო. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, ხოლო, ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს, მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია და მხოლოდ თავისი განმარტებით შემოიფარგლა. ამდენად, საჩივრის ავტორმა ვერ დაამტკიცა, რომ სასამართლოს ბრალით დროულად ვერ მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი.
დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის თაობაზე, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლი საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე