№ას-122-116-2013 3 ივნისი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ვ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ქ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – პროცესის ხარჯების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 6 სექტემბერს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ვ. კ-ემ მოპასუხე ა. ქ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ პროცესის ხარჯის, 1000 ლარის დაკისრება. გარდა ამისა, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისაგან ზიანის ანაზღაურება 700 ლარის ოდენობით.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 16 ნოემბრის განჩინებით მოცემული საქმის წარმოება შეწყდა ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.
ამავე სასამართლოს 2012 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე ა. ქ-ს მოსარჩელე ვ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 500 ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოპასუხისათვის 500 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მისი აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამავდროულად, აპელანტმა მოითხოვა ზიანის – 700 ლარის მოთხოვნის ნაწილში საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნება იმ მოტივით, რომ სასამართლოს თავისი გადაწყვეტილებით მითითებულ საკითხზე არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 იანვრის განჩინებით ვ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, გამომდინარე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის დანაწესიდან. ხსენებული ნორმის მიხედვით, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
მოცემულ შემთხვევაში, იმაზე მითითებით, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენდა 500 ლარს, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება ვ. კ-ემ გაასაჩივრა კერძო საჩივრით შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია დავის საგნის ღირებულებას, რომელიც განსაზღვრული იყო 1700 ლარით. ამ თანხიდან სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა 500 ლარის ფარგლებში, ხოლო 1200 ლარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მხარეს უარი უთხრა; მოცემულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება შეიცავს მსჯელობას მოსარჩელის ერთ მოთხოვნაზე – პროცესის ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრებაზე. მასში საერთოდ არ არის ნახსენები სარჩელის მეორე მოთხოვნა, რომელიც შეეხება 700 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურებას. იმის გათვალისწინებით, რომ ორივე მოთხოვნის ოდენობა ჯამში 1700 ლარს შეადგენს, საიდანაც სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა 500 ლარის ნაწილში, სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება შეადგენს 1200 ლარს; საქმეში ყოფილა განჩინება 700 ლარის მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუმცა გადაწყვეტილებაში აღნიშნულზე არანაირი მსჯელობა არ არის; სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო შეეჩერებინა საქმის განხილვა 500 ლარის მოთხოვნის ნაწილში, მანამ სანამ არ განიხილებოდა 700 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა. აღნიშნული მხარეს შესაძლებლობას მისცემდა, სააპელაციო წესით მოეთხოვა 1200 ლარის ანაზღაურება მოწინააღმდეგე მხარისაგან და სააპელაციო საჩივარიც განხილვას დაექვემდებარეობდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ვ. კ-ის სარჩელის მოთხოვნებს წარმოადგენდა: 1. მოპასუხე ა. ქ-ის მის სასარგებლოდ პროცესის ხარჯის, 1000 ლარის დაკისრება; 2. მოპასუხისგან ზიანის ანაზღაურება 700 ლარის ოდენობით (ს.ფ. 1-13).
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 16 ნოემბრის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა სარჩელზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში (ს.ფ. 100).
ამავე სასამართლოს 2012 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის სარჩელი პროცესის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხე ა. ქ-ს მოსარჩელე ვ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 500 ლარის გადახდა (ს.ფ. 103-108).
ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა: ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოპასუხისათვის 500 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება; ბ) ზიანის (700 ლარის) მოთხოვნის ნაწილში საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნება (ს.ფ. 109-120).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 იანვრის განჩინებით ვ. კ-ის სააპელაციო საჩივარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში მიჩნეულ იქნა კერძო საჩივრად და მის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი (ს.ფ. 123-125), ხოლო, ამავე სასამართლოს 2012 წლის 3 იანვრის განჩინებით ვ. კ-ის სააპელაციო საჩივარი პროცესის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველად (ს.ფ. 126-127).
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან მას ორი მოთხოვნა ჰქონდა სარჩელში, რომელთაგან ერთი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო, მეორეზე სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია, ამიტომ, ვიდრე მეორე მოთხოვნაზე პირველი ინსტანციის სასამართლო არ იმსჯელებდა, სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოება უნდა შეეჩერებინა სააპელაციო საჩივარზე, რომლითაც იგი მოითხოვდა პროცესის ხარჯების სრულად ანაზღაურებას.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნაზე არ უმსჯელია. საქმის მასალებით დადგენილია და ზემოთაც აღინიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ვ. კ-ის სარჩელთან დაკავშირებით მიიღო ორი საპროცესო დოკუმენტი: 1. განჩინება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და 2. გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე. საყურადღებოა, რომ კანონი მითითებული საპროცესო დოკუმენტების გასაჩივრების განსხვავებულ წესს ადგენს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში, ხოლო, ამავე კოდექსის 274-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს განჩინებაზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. კ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვის საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. კ-ის სარჩელი პროცესის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 500 ლარის გადახდა. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა განჩინებით, რომელზედაც შესაძლებელია კერძო საჩივრის შეტანა, შესაბამისად, მოთხოვნის ეს ნაწილი სააპელაციო საჩივრის განხილვის საგანი ვერ იქნება. საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების კანონიერების საკითხი უნდა შეამოწმოს სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი კერძო საჩივრის საფუძველზე.
დაუსაბუთებელია ასევე კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო შეეჩერებინა საქმის წარმოება სააპელაციო საჩივარზე, ვიდრე პირველი ინსტანციის სასამართლო არ განიხილავდა სარჩელს ზიანის ანაზღაურების შესახებ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს და ვერც კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს იმ საფუძვლებზე, რომლებიც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ვ. კ-ის სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენს მხოლოდ 500 ლარს, სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლით და სწორად დატოვა განუხილველად მისი სააპელაციო საჩივარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე