Facebook Twitter

№ას-1664-1561-2012 10 ივნისი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ხ. მ-ი, ვ. მ-ი, ჟ. მ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ისანი-სამგორის რაიონის გამგეობა, მ. დ-ი, გ. ქ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქ.თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით: 1. მ. დ-სა და გ. ქ-ის შეგებებული სარჩელი მოპასუხე ქ.თბილისის სამგორის რაიონის საბინაო-საექსპლოატაციო ტრესტის მიმართ დაკმაყოფილდა: მ. დ-ი და გ. ქ-ი ცნობილ იქნენ უფლებამოპოვებულ პირებად ქ.თბილისში, ლ-ის დასახლების მე-2 კორპუსში მდებარე №44 ბინის ფართზე; 2. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქ.თბილისის სამგორის რაიონის საბინაო-საექსპლოატაციო ტრესტის სარჩელი მოპასუხეების: ხ. მ-ის, ვ. მ-ის, ჟ. მ-ას, ვ. მ-ის, მ. დ-სა და გ. ქ-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების თაობაზე; 3. ხ. მ-ი, ვ. მ-ი, ჟ. მ-ა და ვ. მ-ი ცნობილ იქნენ უფლებადაკარგულ პირებად ქ.თბილისში, ლ-ის დასახლების მე-2 კორპუსში მდებარე №44 ბინის ფართზე; 4. ქ.თბილისის სამგორის რაიონის საბინაო-საექსპლოატაციო ტრესტს უარი ეთქვა სარჩელზე მ. დ-სა და გ. ქ-ის სადავო ფართიდან გამოსახლების თაობაზე.

დასახელებულ გადაწყვეტილებაზე 2012 წლის 7 ნოემბერს სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ხ. მ-მა, ვ. მ-მა და ჟ. მ-ამ. აპელანტებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ხ. მ-ის, ვ. მ-ის და ჟ. მ-ას სააპელაციო საჩივარი ქ.ბილისის სამგორის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იყო შესული და მისი სააპელაციო წესით გასაჩივრება შეუძლებელი იყო. აპელანტებს გაშვებული ჰქონდათ სააპელაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ვადა.

სააპელაციო სასამართლომ ზემოთ დასახელებული დასკვნა დააფუძნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის 2012 წლის 1 მარტის №119 და 2011 წლის 10 მაისის №377 წერილებზე, რომლებითაც ირკვევა შემდეგი: 1995 წელს განხილული საქმე №2/104, სადაც მოსარჩელეა ქ.თბილისის სამგორის რაიონის საბინაო-საექსპლოატაციო ტრესტი, მოპასუხეები ვ. მ-ი, ჟ. მ-ა, მ. დ-ი, დამუშავებულია და დარჩენილია მხოლოდ გადაწყვეტილება; ქ.თბილისის სამგორის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში, რაც გამორიცხავდა სააპელაციო წესით გასაჩივრების პროცესუალურ შესაძლებლობას.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებზე, ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ჩათვალა, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ხ. მ-მა, ვ. მ-მა და ჟ. მ-ამ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება, შემდეგი საფუძვლებით:

გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და მიღებულია მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე. სააპელაციო სასამართლო არასწორად დაეყრდნო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის 2011 წლის 10 მაისის №377 წერილს და არასწორად მიიჩნია, რომ გამოირიცხებოდა გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობა. ხსენებულ წერილში აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. მასში მითითებული არ არის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე. ასეთი რამ არ არის მითითებული ასევე საერთო სასამართლოების დეპარტამენტის 2012 წლის 1 მარტის №119 წერილში. მასში აღნიშნულია, რომ საქმე დამუშავებულია და დარჩენილია მხოლოდ გადაწყვეტილება;

სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია სამგორის რაინული სასამართლოს მიერ 1995 წლის 18 ოქტომბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გარდამავალი დებულების 436-ე მუხლის მე-4 ნაწილი შესაძლებლობას აძლევს მხარეს, 1999 წლის 15 მაისამდე მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლომ აპელანტს შესაძლებლობა არ მისცა, გამოეყენებინა ეს საშუალება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. მ-ის, ვ. მ-სა და ჟ. მ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორები სააპელაციო წესით ასაჩივრებენ ქ.თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებას. მათი მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მითითებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და, შესაბამისად, მისი სააპელაციო წესით გასაჩივრება დაუშვებელია. საჩივარში აღნიშნულია, რომ ზემოხსენებული ფაქტის დასადასტურებლად, სასამართლო არასწორად დაეყრდნო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის 2011 წლის 10 მაისის №377 და 2012 წლის 1 მარტის №119 წერილებს, ვინაიდან ამ წერილებში არაფერია ნათქვამი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 436-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს სამოქალაქო საქმეებზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 1999 წლის 15 მაისამდე გამოტანილი გადაწყვეტილებების სააპელაციო წესით გასაჩივრებას, თუმცა იქვე ადგენს, რომ აღნიშნული დათქმა შეეხება მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც კანონიერ ძალაში არ არის შესული.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივის უფროსის წერილებით ირკვევა, რომ სამგორის რაიონის სასამართლოს მიერ 1995 წელს განხილული #2/104 სამოქალაქო საქმე (მოსარჩელე - ქ.თბილისის სამგორის რაიონის საბინაო-საექსპლოატაციო ტრესტი, მოპასუხეები: ხ. მ-ი, ვ. მ-ი, ჟ. მ-ა, ვ. მ-ი, მ. დ-ი, გ. ქ-ი) დამუშავებულია და არქივში დარჩენილია მხოლოდ გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრებულა (იხ. ს.ფ. 23, 47). საკასაციო პალატის მოსაზრებით, მითითებული წერილების შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია დავუშვათ პრეზუმფცია, რომ ქ.თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ასეთი დასკვნა ეფუძნება როგორც გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედ ნორმებს დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესის შესახებ, ასევე საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის #466 ბრძანებულებას „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 2 აგვისტოს #1/91 გადაწყვეტილებას „საერთო სასამართლოების მიერ დასრულებულ საქმეთა შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“, რომელთა მიხედვით სასამართლო არქივს ბარდება დამთავრებული (დასრულებული) ანუ კანონიერ ძალაში შესული საქმეები. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ირკვევა, ზემოხსენებული სამოქალაქო საქმე შესანახად ჩაბარდა არქივს, ხოლო შემდეგ დამუშავდა კიდეც და შესანახად დარჩა მხოლოდ გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ და ჩაბარდათ მხარეებს, რომელთაც იგი არ გაუსაჩივრებიათ და, შესაბამისად, გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. აღნიშნული პრეზუმფციის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს მომჩივან მხარეს. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორთა მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც ხსენებულ პრეზუმფციას გააქარწყლებდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად ხ. მ-ის, ვ. მ-სა და ჟ. მ-ას სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თავად აპელანტების განმარტებით, 2011 წლის 23 დეკემბერს მათ წარმომადგენელს გადაეცა გზავნილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობიდან, სადაც სხვა დოკუმენტებთან ერთად, წარმოდგენილი იყო ქ.თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების ასლი (ს.ფ. 6, 8). საქმის მასალებით დასტურდება ასევე, რომ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივის უფროსის 2012 წლის 1-ლი და 28 მარტის წერილებით აპელანტ ხ. მ-ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაცულია არქივში. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ აპელანტებს ჯერ კიდევ 2011 წლის 23 დეკემბერს ხელთ ჰქონდათ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი, მათ სააპელაციო საჩივარი შეიტანეს 2012 წლის 7 ნოემბერს, ანუ თითქმის ტერთმეტი თვის შემდეგ, რაც მათი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადაწყვეტილებას კანონიერ ძალაში შესულად არ მივიჩნევდით (სსკ-ის 369-ე და 374-ე მუხლები).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივარს განიხილავს იმ წესების მიხედვით, რომლებიც დადგენილია საკასაციო საჩივრის განხილვისათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხ. მ-ის, ვ. მ-სა და ჟ. მ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე