საქმე №ას-192-185-2013 3 ივნისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. თ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შ. თ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უძრავი ქონების გაცვლის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. თ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. თ-ის მიმართ და მოითხოვა 1994 წლის 13 მაისს შ. თ-სა და ა. თ-ეს შორის ქ.თბილისში, ჩ-ის ქ.№59-ში მდებარე ბინის სამტრედიის რაიონის სოფელ გ-ი არსებულ სახლში გაცვლის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
აღნიშნული განჩინება ზ. თ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, თუმცა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ზ. თ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 თებერვლის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაზეც მხარემ შეიტანა კერძო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის განჩინებით ზ. თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
2012 წლის 17 ივლისს ზ. თ-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების მიღება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 მარტის განჩინებასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ზ. თ-ის განცხადება დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე პუნქტით და განმარტა, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილისა და 61-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზ. თ-ის მიერ განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე შეტანილია 2012 წლის 17 ივლისს შესაბამისად, მხარემ დაარღვია კანონით დადგენილი გასაჩივრების 7-დღიანი ვადა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლების თანახმად, ზ. თ-ის მიერ წარდგენილი განცხადება უნდა დარჩენილიყო განუხილველად დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ზ. თ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ ზ. თ-ის განცხადება 2005 წლის 4 მარტის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ არასწორად დატოვა განუხილველად. გასაჩივრებული განჩინების მიღებამდე მხარემ 2012 წლის 10 ნოემბერს განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას და წარადგინა თავისი მოსაზრება 2005 წლის შემდეგ 7-დღიანი ვადის გაშვების საპატიო მიზეზთან დაკავშირებით, თუმცა, მითითებულ არგუმენტებზე სასამართლოს არ უმსჯელია. მხარის პოზიცია იმაში მდგომარეობდა, რომ, სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, სადავო 7-დღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2012 წლის 10 ივლისიდან, როდესაც მას ჩაბარდა სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის განჩინების ასლი. აღნიშნული განჩინებიდან მხარემ შეიტყო, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში გარკვევით მითითებული დასკვნა სარჩელის უსაფუძვლობის გამო დაუკმაყოფილებლობის თაობაზე არ შეესაბამება გადაწყვეტილების შინაარსს და მის სამოტივაციო ნაწილში სარჩელზე უარის თქმის მოტივად დასახელებულია ხანდაზმულობაც. აღნიშნულით დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნა.
დაუსაბუთებელია სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის განჩინების მითითება, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში განცხადებისა თუ სარჩელის დაუკმაყოფილებლობის საფუძვლის – ხანდაზმულობის ან უსაფუძვლობის მითითება საჭირო არ არის. აღნიშნული მოსაზრება ეწინააღმდეგება სასამართლო პრაქტიკას.
გაურკვეველია, რა მოსაზრებით ხელმძღვანელობდა სააპელაციო სასამართლო 2005 წლის 4 მარტს, როდესაც თავისი დადგენილება განჩინების ფორმით მიიღო და აღწერილობით ნაწილში არც კი მიუთითა ზ.თ-ის სააპელაციო საჩივარში გარკვევით დაფიქსირებული ხანდაზმულობის მოტივის გაუქმების მოთხოვნის შესახებ. შესაბამისად, მხარე ვერ მიიჩნევდა, რომ სააპელაციო სასამართლო მის მოთხოვნას უარს ხანდაზმულობის გამოც ეტყოდა.
სააპელაციო პალატის მსგავსად, ზ. თ-ის მოთხოვნის მხოლოდ საფუძვლიანობაზე იმსჯელა საკასაციო სასამართლომაც, ჩათვალა, რომ სადავო გაცვლის ხელშეკრულება კანონიერია და მოსარჩელის პრეტენზია უსაფუძვლოა.
სასამართლოს მიერ აღნიშნული გარემოების სწორად გამოკვლევისა და მითითების შემთხვევაში, მხარე 7 დღეში შეიტანდა განცხადებას დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ სარჩელის ხანდაზმულობის მოტივით უარყოფას მოითხოვდა მოპასუხე მხარე, რომელსაც არ გაუსაჩივრებია სასამართლოების მოქმედება ხანდაზმულობის მოტივის მიუთითებლობასთან დაკავშირებით. ამდენად, ზ. თ-ის ბრალი არ არის, რომ მან ირწმუნა 2005 წლის 4 მარტის სააპელაციო სასამართლოს განჩინება სარჩელის უსაფუძვლობის მოტივით დაუკმაყოფილებლობის შესახებ, ამის გამო მაშინვე არ მიმართა სააპელაციო პალატას ხანდაზმულობის საკითხზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით 7 დღის ვადაში და 2012 წლის 23 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარში მიუთითა 2004 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.
სასამართლომ დაადგინა, რომ ზ. თ-ემ სადავო გარიგების შესახებ შეიტყო 1999 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, რითაც ხანდაზმულობის მოტივი თავისთავად მოიხსნა.
სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის განჩინებაში დაფიქსირდა ხანდაზმულობის მოტივიც. შესაბამისად, აღნიშნული განჩინების მხარის მიერ ჩაბარების შემდეგ გაჩნდა 2005 წლის 4 მარტის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება. ამდენად, სადავო 7-დღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2012 წლის 10 ივლისიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. თ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ ზ. თ-ის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 მარტის განჩინებასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიიჩნია, რომ ზ. თ-ემ დაარღვია დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ განცხადების შეტანის 7-დღიანი ვადა, როდესაც ზემოხსენებულ განჩინებებზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2012 წლის 17 ივლისს.
საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 მარტის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ზ. თ-ის სარჩელი მოპასუხე შ. თ-ის მიმართ, ბინის გაცვლის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად მიუთითა როგორც უსაფუძვლობა, ასევე ხანდაზმულობა. მიუხედავად იმისა, რომ რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებაზე წარდგენილ სააპელაციო საჩივარში ზ. თ-ემ პრეტენზია განაცხადა ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, აღნიშნული საკითხი არ გამხდარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 მარტის განჩინებით თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. ზ. თ-ემ ისარგებლა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებით და სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა საკასაციო წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ზ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ 2005 წელს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლი, დღეს მოქმედი რედაქციის მსგავსად აწესრიგებდა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის პირობებს და ვადებს შესაბამისი მოთხოვნის აღძვრისათვის.
261-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა)იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ)სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ)სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. მითითებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას დაქვემდებარებულ საკითხთა წრე ამომწურავია და სასამართლოს თავისი ინიციატივით არ შეუძლია გასცდეს კანონმდებლის ნებას.
როგორც ზ. თ-ის მიერ წარდგენილ განცხადებათა და კერძო საჩივრების შინაარსიდან ირკვევა, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა გახდა საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის მთავარი მოტივი, რაც სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში საქმის არსებითად განხილვისას მსჯელობის საგანი არ ყოფილა. საკასაციო პალატა იზიარებს ზ. თ-ის ამ მოსაზრებას, თუმცა, განმარტავს, რომ ხანდაზმულობა განეკუთვნება სამართლებრივი შესაგებლის კატეგორიას, რომლის გადაწყვეტაზეც მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მატერიალური მოთხოვნის ბედი. აქედან გამომდინარე, თუკი სასამართლომ იმსჯელა სასარჩელო მოთხოვნის შესახებ, მაგრამ მის გადასაწყვეტად შეფასება არ მისცა მხარის პოზიციას ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, აღნიშნული ხარვეზი უნდა გასწორდეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების უფლების რეალიზაციის გზით. ასეთ შემთხვევაში, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნის აღძვრა არ არის უფლების დაცვის საუკეთესო საშუალება, ვინაიდან საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის არცერთი დებულება არ ადგენს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას მხარეთა ფაქტობრივ თუ სამართლებრივ პოზიციებთან დაკავშირებით, თუკი სასამართლოს მათთვის ძირითად გადაწყვეტილებაში არ მიუცია შესაბამისი შეფასება.
რაც შეეხება ვადას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან სახეზე არ გვაქვს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 მარტის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის კანონით გათვალისწინებული აუცილებელი პირობები, შეუძლებელელია ვადის დაცვა გახდეს შეფასების საგანი. თუმცა, ფორმალურადაც რომ მივიჩნიოთ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა საფუძვლიანად, მას ყველა შემთხვევაში დარღვეული აქვს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნის აღძვრის ვადა, ის ფაქტი, რომ თბილისის საოლქო სასამართლომ თავის 2005 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებაში არ განიხილა ზ. თ-ის სააპელაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზია ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, მისთვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ 2005 წელს (საქმე 2ბ/2759-04, ს.ფ. 168).
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ზ. თ-ემ გაუშვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის აღძვრის ვადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის განჩინებაზე.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2012 წლის 31 მაისის განჩინება გამოტანილ იქნა ზეპირი განხილვის გარეშე, ამასთან, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სასამართლოს ინიციატივით მხარისთვის 2012 წლის 31 მაისის განჩინების ჩაბარება. შესაბამისად, ვადის საკითხი კერძო საჩივრის ავტორის სასარგებლოდ უნდა იქნეს გადაწყვეტილი.
რაც შეეხება კერძო საჩივრის საფუძვლიანობას 2012 წლის 31 მაისის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებს:
სადავო განჩინებით სააპელაციო სასამართლომ განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 თებერვლის განჩინების კანონიერება საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ იმ ფარგლებში, რასაც ზ. თ-ე, როგორც კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვდა. 2012 წლის 10 აპრილის კერძო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები ძირითადად შეეხებოდა ზ. თ-ის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას, ასევე იმ დოკუმენტების სიყალბეს, რომელთა საფუძველზეც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება და რაც მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის წარმოების განახლების საფუძვლები არ არსებობდა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება. განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის განჩინება წარმოადგენს კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და საკასაციო წესით განხილვას არ ექვემდებარება.
ზ. თ-ემ 2012 წლის 17 ივლისს წარადგინა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის განცხადება სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის განჩინებაზე, რაც არ დაკმაყოფილდა, რომლის თაობაზეც წარდგენილი კერძო საჩივარიც საკასაციო სასამართლოს განსჯადია, თუმცა, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები ძირითად ეძღვნება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას, რაც ამ ეტაპზე საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს სცილდება, ასევე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ვადებს, რაც ნაწილობრივ იქნა გაზიარებული. სხვა მოტივი, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეტანა დამატებითი გადაწყვეტილება 2012 წლის 31 მაისის განჩინებაზე, ზ. თ-ეს არ მიუთითებია და ამ თვალსაზრისით დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი სამართლებრივი შედეგი კანონიერია მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლო მის დასაბუთებას სრულად არ დაეთანხმა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
თ. თოდრია