Facebook Twitter

№ას-273-260-2013 3 ივნისი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ე. წ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – უფლებამონაცვლედ აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით ე. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, დ. ა-ი აღიარებულ იქნა აწ. გარდაცვილი კ. ხ-ის უფლებამონაცვლედ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა დ. ა-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 3 აპრილის განჩინებით აპელანტ დ. ა-ის წარმომადგენლის ნ. გ-ის განცხადება სხდომის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, დ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 აპრილის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. ა-ის წარმომადგენელმა ნ. გ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 19 ივლისის განჩინებით, დ. ა-ის წარმომადგენლის ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 აპრილის საოქმო განჩინება.

2013 წლის 28 იანვარს დ. ა-ის წარმომადგენელმა ნ. გ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებით დ. ა-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განუხილველად იქნა დატოვებული.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ წარდგენილი განცხადებით განმცხადებელი მოითხოვდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის განახლებას. ახლად აღმოჩენილ გარემოებად განმცხადებელმა მიუთითა ექიმ-სპეციალისტ ი. ლ-ის განმარტებაზე სრულფასოვანი სამედიცინო დოკუმენტაციის გადაცემის შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა 2013 წლის 23 იანვარს ექიმ-სპეციალისტ ი. ლ-ის პასუხისა და თანდართული დოკუმენტების (ხელშეკრულების და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის) გაცნობიდან. განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადის ათვლის წერტილად დ. ა-მა სწორედ 2013 წლის 23 იანვარზე მიუთითა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება დ. ა-მა შეიტანა კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით, ამასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა არსებობდა საქმის განხილვის დროს და სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებმა იმსჯელეს მასზე.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა დ. ა-ის წარმომადგენელმა ნათელა გოგნაძემ.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ექიმ-სპეციალისტ ი. ლ-ეს შესაბამისი განმარტების მიღების მიზნით მას შემდგომ მიმართა, რაც უზენაესმა სასამართლომ ჩათვალა, რომ მის მიერ წარდგენილი სამედიცინო ცნობა არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს (ცნობას ხელს არ აწერდა და სათანადო წესით არ ამოწმებდა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი). ექიმ-სპეციალისტ ი. ლ-ის პასუხიდან ცხადი გახდა, რომ ამ უკანასკნელს უფლება გააჩნდა კანონშესაბამისად გაეცა ცნობები, ვინაიდან იგი რეგისტრირებულია მეწარმე ფიზიკურ პირად. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუკი მას ეცოდინებოდა, რომ უზენაესი სასამართლო მის მიერ წარდგენილ მტკიცებულებას ჩათვლიდა არაუფლებამოსილი პირის მიერ გაცემულ მტკიცებულებად, იგი წარადგენდა თავისი პოზიციის დამადასტურებელ დოკუმენტებს მტკიცებულების სახით და ეს გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, ანუ საქმეზე წარმოების განახლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტ დ. ა-ის წარმომადგენლის ნ. გ-ის განცხადება სხდომის გადადების თაობაზე და დ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა აპელანტისა და მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, ვინაიდან წარმოდგენილი ცნობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არ იყო დამოწმებული სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ და ამასთან, მასში პირდაპირ არ იყო მითითებული აპელანტის წარმომადგენლის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ (იხ. ტომი 2, ს.ფ. 29-32).

ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა დ. ა-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივლისის განჩინებით, დ. ა-ის წარმომადგენლის ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 აპრილის საოქმო განჩინება. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კერძო საჩივარზე დართული სამედიცინო ბარათი არ ადასტურებდა სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის გამოცხადების შეუძლებლობას, ვინაიდან იგი არ იყო ხელმოწერილი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ და მასში პირდაპირ არ იყო მითითებული აპელანტის წარმომადგენლის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 64-69).

დ. ა-ი საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 აპრილის განჩინების გაუქმებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, კერძოდ, განმცხადებლის მოსაზრებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენს ექიმ-სპეციალისტ ი. ლ-ის 2013 წლის 23 იანვრის წერილში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ ეს უკანასკნელი უფლებამოსილი იყო გაეცა შესაბამისი ცნობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და, რომ მის მიერ გაცემული ცნობით დასტურდებოდა პაციენტის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობა (ტომი 2, ს.ფ. 77-79).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

მითითებული ნორმის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლში. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

ზემოაღნიშნული ნორმით კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ამასთან, კანონმდებლის მოთხოვნაა, რომ ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდეს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; და ბოლოს, მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული საფუძვლები კიდეც რომ დადასტურდეს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შეიძლება მხოლოდ ორი აუცილებელი პირობის არსებობისას: პირველი, ფაქტი არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო მანამდე და, მეორე, მხარემ არ იცოდა ამ ფაქტის თაობაზე, ამასთან, თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. შესაბამისად, კანონმდებელი ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებზე მითითების შესაძლებლობაც მხარეს გააჩნდა საქმის წარმოების დასრულებამდე.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუკი მას ეცოდინებოდა, რომ მის მიერ წარდგენილ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საკასაციო სასამართლო არაუფლებამოსილი პირის მიერ გაცემულად მიიჩნევდა, მაშინ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს ის წარადგენდა ისეთ მტკიცებულებას, რომელიც გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2012 წლის 2 აპრილის #19 ცნობის ხარვეზის თაობაზე მისთვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ კერძო საჩივრის შეტანამდე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დ. ა-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა იმის გამო, რომ წარდგენილი სამედიცინო ცნობა არ იყო ხელმოწერილი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ და მასში არ იყო მითითებული სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა ეფუძნებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესს, რომლის თანახმად, ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ამდენად, ნათელია, რომ აპელანტმა კერძო საჩივრის შეტანის დროისათვის იცოდა მის მიერ წარდენილი ჯანმრთელობის ცნობის ხარვეზის თაობაზე, შესაბამისად, მას შეეძლო საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე მოეპოვებინა და წარედგინა ექიმ-სპეციალისტის განმარტება, რომელიც მისი მოსაზრებით, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, გასაზიარებელიც რომ იყოს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადის დაცვის შესახებ, მოცემულ შემთხვევაში, საქმის წარმოების განახლება დაუშვებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე