Facebook Twitter
#bs-675-643(ks-07) 23 ivlisi, 2007w

№ას-345-328-2013 3 ივნისი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ს. ე-ე

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ა-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უძრავი ქონების სანივთო (სერვიტუტის) უფლებით დატვირთვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. ა-ის სარჩელი მოპასუხე ს. ე-ის მიმართ, კერძოდ, დასახელებული მოპასუხისათვის მის საკუთრებაში არსებული 128კვ.მ ფართის სარდაფის სარგებლობისათვის ერთჯერადი გადასახდელის სახით 2944 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის სანაცვლოდ, მის საკუთრებაში არსებული 102.00კვ.მ ფართის სარდაფიდან 12.8კვ.მ ფართი (მდებარე ქ.თბილისი, ა. ყ-ის გამზირის №30, №9 სათავსოში) დაიტვირთა პრედიალური სერვიტუტის უფლებით 78.00კვ.მ ფართის ბინა №15-ის (მდებარე ქ.თბილისი, ა. ყ-ის გამზირი №30, პირველი სართული) მესაკუთრე გ. ა-ის სასარგებლოდ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 19 ივლისის №5-02/180-2012 ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ე-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 მარტის განჩინებით ს. ე-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მის მიერ მიღებული 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით ს. ე-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა. ხარვეზის შესავსებად საჩივრის ავტორს განესაზღვრა 10 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან. ამავე განჩინებით მას განემარტა მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები.

საქმის მასალების თანახმად, სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება აპელანტ ს. ე-ეს ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად, კერძოდ, აპელანტს განჩინება ჩაბარდა პირადად, 2013 წლის 20 თებერვალს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 21 თებერვალს და დასრულდა 2013 წლის 4 მარტს, რადგან 2-3 მარტი იყო დასვენების დღეები. იმის გათვალისწინებით, რომ დროის დასახელებულ მონაკვეთში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა. აღნიშნული დასკვნის გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებით, ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ს. ე-ემ.

კერძო საჩივრის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მას პირადად ჩაბარდა 2013 წლის 20 თებერვალს. ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის ამოწურვამდე 3 დღით ადრე – 2013 წლის 27 თებერვალს აპელანტმა გადაიხადა კიდეც დაკისრებული ოდენობით ბაჟი, მაგრამ იმის გამო, რომ განჩინებაში გარკვევით არ იყო მითითებული ს. ე-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის იმავე ვადაში წარდგენის ვალდებულებაზე, მან ჩათვალა, რომ ქვითარი ხელზე უნდა ჰქონოდა და შემდგომ სხდომაზე წარედგინა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ზემოაღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობეს მისი მხრიდან სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სააპელაციო სასამართლოში წარუდგენლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ე-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. ამდენად, ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მხარისათვის აშკარად უარყოფითი საპროცესო შედეგი დგება, ამიტომ სასამართლო ვალდებულია, ხარვეზის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ზუსტად განსაზღვროს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების შემთხვევაში ხარვეზი შევსებულად ჩაითვლება, ხოლო მხარემ – სათანადოდ შეასრულოს ყველა ეს მოქმედება, რათა თავიდან აიცილოს მისთვის არასასურველი პროცესუალური შედეგი.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით ს. ე-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს მითითებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 10 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან, მასვე განემარტა, რომ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (ტომი 2, ს.ფ. 3-4).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 მარტის განჩინებით ს. ე-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო (ტომი 2, ს.ფ. 11-12).

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ აპელანტმა შეავსო ხარვეზი, ვინაიდან მან დანიშნულ ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი. მართალია, გადახდის ქვითარი სასამართლოში არ წარუდგენია, მაგრამ აღნიშნული გამოწვეული იყო იმით, რომ ხარვეზის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავდა ზუსტ მითითებას 10 დღის ვადაში გადახდის ქვითრის სასამართლოში წარდგენის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან ხარვეზის გაჩინების სარეზოლუციო ნაწილში გარკვევითაა მითითებული, რომ აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის სასამართლოში წარდგენა, რისთვისაც მას განესაზღვრა 10 დღის ვადა ხარვეზის განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან. აქედან გამომდინარე, აპელანტი ვალდებული იყო, არა მარტო გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 10 დღის ვადაში, არამედ სასამართლოში წარედგინა ასევე გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივარზე თანდართული საგადახდო დავალებითა და სალაროს შემოსავლის ორდერით, მართალია, დგინდება, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი (ტომი 2, ს.ფ. 20-21), მაგრამ ასევე დგინდება, რომ მას გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება სააპელაციო სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და კანონშესაბამისად დატოვა განუხილველად ს. ე-ის სააპელაციო საჩივარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივარზე თანდართული საგადახდო დავალებით და სალაროს შემოსავლის ორდერით დასტურდება, რომ ს. ე-ემ სააპელაციო საჩივარზე გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 160 ლარი, რომელიც მას მთლიანად უნდა დაუბრუნდეს, ვინაიდან მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. ე-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 მარტის განჩინება;

3. ს. ე-ეს დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 160 ლარი (გადახდის თარიღი – 2013 წლის 27 თებერვალი, საგადახადო დავალება #...);

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე