საქმე №ას-352-335-2013 3 ივნისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ნ. კ-ი, ა. ნ-ე (მოსარჩელეები, შეგებებულ სარჩელში – მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „შ. ჯ. ს-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების დაკისრება (ძირითად სარჩელში), შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. კ-მა, ა. ნ-ემ და ნ. ტ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს-ის „შ. ჯ. ს-ი“ მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ იმ მოტივით, რომ გარკვეული პერიოდი მუშაობდნენ მოპასუხე საზოგადოებაში, თუმცა შრომითი ანაზღაურება არ მიუღიათ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოსარჩელეებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რადგან საზოგადოების მხრიდან ისინი გაფორმდა არაუფლებამოსილი პირის მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს-ს „შ. ჯ. ს-ი“ დაეკისრა ნ. ტ-ის სასარგებლოდ, სახელფასო დავალიანების – 900 ლარის გადახდა, ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა ნ. კ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების – 16 000 ლარის გადახდა, ა. ნ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების – 2000 ლარის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენ ნაწილში უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ასევე არ დაკმაყოფილდა შპს-ის „შ. ჯ. ს-ი“ შეგებებული სარჩელი ნ. კ-სა და ა. ნ-ის მიმართ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „შ. ჯ. ს-ი“ მოსარჩელეების – ნ. კ-სა და ა. ნ-ის მიმართ, ასევე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით ნ. კ-სა და ა. ნ-ის შუამდგომლობა შესაგებლის წარმოდგენის საპროცესო ვადის გაგრძელების (აღდგენის) შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ დაადგინა, რომ მოწინააღმდეგე მხარეებს გაეგზავნათ სააპელაციო საჩივარი და განესაზღვრათ 5 დღის ვადა შესაგებლის წარსადგენად.
ნ. კ-ს სასამართლო გზავნილი ჩაბარდა 2013 წლის 21 იანვარს, ხოლო ა. ნ-ეს – 2013 წლის 22 იანვარს. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეებს შესაგებელი უნდა წარედგინათ 2013 წლის 28 იანვრის ჩათვლით, თუმცა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეტანილ იქნა 2013 წლის 29 იანვარს.
პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ა. ნ-ეს, მისივე განმარტებით, შესაგებელი გადაეცა 2013 წლის 25 იანვარს და მას შესაგებლის შეტანის შესაძლებლობა 2013 წლის 28 იანვრამდე გააჩნდა, ხოლო ნ. კ-ის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის მიზეზებზე მხარეს არ მიუთითებია.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე, 66-ე, 67-ე მუხლებით, 215-ე მუხლის მესამე ნაწილით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში შესაგებლის დროულად წარუდგენლობის საპატიო მიზეზი, ასევე საპროცესო ვადის აღდგენის საფუძველი არ არსებობს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს-ის „შ. ჯ. ს-ი“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა და შპს-ის „შ. ჯ. ს-ი“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. კ-ან 2011 წლის 1 ივლისს გაფორმებული №6 და 2012 წლის 3 იანვარს დადებული №4 შრომითი ხელშეკრულებები, ისევე, როგორც ა. ნ-ან 2011 წლის 5 მაისს გაფორმებული №2 და 2012 წლის 3 იანვარს დადებული №1 შრომითი ხელშეკრულებები ცნობილ იქნა ბათილად, ნ. კ-სა და ა. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატის ზემოხსენებულ განჩინებაზე ნ. კ-მა და ა. ნ-ემ შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ნ. კ-სა და მის წარმომადგენელს სასამართლო უწყება სააპელაციო საჩივრის 2013 წლის 30 იანვარს ჩანიშვნის შესახებ, ასევე სააპელაციო საჩივრის ასლი არ ჩაბარებია, ხოლო ა. ნ-ის ნაცვლად აღნიშნული საპროცესო დოკუმენტები ჩაბარდა მის დედას, რაიონში მცხოვრებ პენსიონერ კ. ნ-ეს, რომელმაც ქ.თბილისში მცხოვრებ და მომუშავე შვილს გზავნილი მხოლოდ 2013 წლის 26 იანვარს გაუგზავნა.
აღსანიშნავია, რომ ა. ნ-ემ ალტერნატიული სახით თავისი დედის მისამართი – სამტრედიის რაიონის სოფელი ნ-ი სარჩელში მიუთითა, რადგან მის ნაცვლად საქმის განხილვაში მონაწილეობდა მისი წარმომადგენელი – ა. ზ-ი და არ ელოდა, რომ სასამართლო მხარეს რაიონში გაუგზავნიდა კორესპოდენციას.
თავად ა. ზ-ს სასამართლოს სადავო უწყება და გზავნილი გაეგზავნა მისამართზე – ქ.თბილისი, ვ-ას გამზირი №1/43-ის 313-ე ოთახში, ხოლო კურიერმა გზავნილი მიიტანა ვ-ას გამზირ №1/49-ის 3/3-ში. რასაკვირველია, აღნიშნულ არასწორ მისამართზე წარმომადგენელს გზავნილი ვერ ჩაბარდებოდა.
რაც შეეხება ნ. კ-ს, სასამართლომ არასწორად გაიზიარა კურიერის მითითება, რომ მისთვის გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტები ჩაბარდა მის ბიძაშვილს. ფაქტობრივად, გზავნილი ჩაბარდა ნ. კ-ის მოგვარეს, შორეულ ნათესავს, რომელიც მხარის ოჯახის წევრი და მასთან ერთად მცხოვრები პირი არ არის. ხსენებულ პიროვნებას მხარისათვის სასამართლო გზავნილი და სააპელაციო საჩივრის ასლი არ გადაუცია. სხდომის შესახებ ნ.კ-მა შეიტყო მხოლოდ 2013 წლის 29 იანვარს მოსამართლის თანაშემწის ზარის შედეგად. შესაბამისად, არასწორია სასამართლოს მითითება, რომ ნ. კ-ის მიმართ შესაგებლის წარდგენის ვადა 2013 წლის 21 იანვრიდან უნდა აითვალოს.
ამასთან, თუ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეებმა შესაგებელი 2013 წლის 29 იანვარს სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ წარადგინა, გაუგებარია, სააპელაციო პალატამ რატომ არ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება 2013 წლის 29 იანვარს, 30 იანვრის ნაცვლად.
სასამართლომ არასწორად დაუდგინა მხარეებს შესაგებლის წარსადგენად არაგონივრულად მოკლე ვადა – 5 დღე. როგორც ზემოთ აღინიშნა, სააპელაციო საჩივრის ასლი ა. ნ-ეს გაეგზავნა რაიონში, შესაბამისად, სააპელაციო პალატას უნდა ევარაუდა, რომ მითითებულ ვადაში გზავნილის ადრესატისათვის რაიონიდან თბილისში გამოგზავნას გარკვეული დრო დასჭირდებოდა.
მოცემული საქმის მიმართ სასამართლომ გამოიჩინა ტენდენციურობა და არაობიექტურობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-სა და ა. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ ნ. კ-სა და ა. ნ-ეს უარი ეთქვათ შპს-ის „შ. ჯ. ს-ი“ სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარდგენის საპროცესო ვადის გაგრძელების (აღდგენის) შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები, კერძოდ, მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, ყველა საჭირო საპროცესო მოქმედება განახორციელოს სასამართლოსა თუ კანონით დადგენილი ვადაში, თუმცა კანონმდებელი რიგ შემთხვევაში უშვებს სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას. ასეთი შესაძლებელია, თუ მხარე დაადასტურებს, რომ დადგენილ ვადაში საპროცესო მოქმედება ვერ შეასრულა ობიექტურად საპატიო მიზეზის არსებობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე, 66-ე, 67-ე მუხლებით, 215-ე მუხლის მესამე ნაწილით და მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ შესაგებლის წარდგენისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევის საპატიო მიზეზის არსებობა მხარეებმა ვერ დაადასტურეს.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის აღნიშნულ მოსაზრებას და თვლის, რომ ნ. კ-სა და ა. ნ-ეს მართებულად ეთქვათ უარი სადავო საპროცესო ვადის აღდგენაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი.
მითითებული ნორმების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ მოწინააღმდეგე მხარეს გაუგზავნის სააპელაციო საჩივრისა და მასზე თანდართულ დოკუმენტებს და განუსაზღვრავს მას ვადას სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარმოსადგენად. აღნიშნული ვადის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში მიიღებს განსახილველი დავის სამართლებრივ სირთულეს, რაც გასათვალისწინებელია შესაგებლის მომზადებისათვის საჭირო დროის სწორად დასადგენად. ამდენად, სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარსადგენად მიცემული ვადა უნდა იყოს საქმის სირთულის ადეკვატური, თუმცა კანონმდებელი უთითებს მის ზღვრულ ფარგლებსაც – არა უმეტეს 14 დღეს, ხოლო დავის სირთულისას – არა უმეტეს 21 დღეს.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ ნ. კ-სა და ა. ნ-ეს შესაგებლის წარსადგენად განუსაზღვრა 5 დღის ვადა, რომლის ათვლა დაიწყო მხარეთათვის სააპელაციო საჩივრის ასლის ჩაბარების მომენტიდან.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ნ. კ-ს სააპელაციო საჩივრის ასლი ჩაბარდა 2013 წლის 21 იანვარს (ტ. 2 ს.ფ. 15), ხოლო ა. ნ-ეს – 2013 წლის 22 იანვარს (ტ. 2 ს.ფ. 18). შესაბამისად, მხარეებს შესაგებლის წარდგენა შეეძლოთ 2013 წლის 28 იანვრის ჩათვლით (ვინაიდან 2013 წლის 26-27 იანვარი წარმოადგენდა დასვენების უქმე დღეებს), თუმცა მათ სააპელაციო საჩივარზე შესაგებლით სასამართლოს 2013 წლის 29 იანვარს მიმართეს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ნ. კ-ის მოსაზრებას, რომ მას სადავო სააპელაციო საჩივრის ასლი საერთოდ არ ჩაბარებია.
საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ ხელწერილით დასტურდება, რომ ნ. კ-ს სასამართლო გზავნილით სააპელაციო საჩივრის ასლი გაეგზავნა მის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე ქ.თბილისში, ძ.ზ-ის ქ.№12-ში და ადრესატის არყოფნის გამო ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს – ბიძაშვილ ქ. კ-ს, რომელმაც საკუთარ ხელმოწერასთან ერთად მიუთითა პირადობის მოწმობის პირადი ნომერიც.
აღნიშნული მტკიცებულების უარსაყოფად ნ.კ-მა კერძო საჩივარს დაურთო ქ. კ-ის განმარტება, რომ 2013 წლის 21 იანვარს იმყოფებოდა ქ.თბილისში, ძ.ზ-ის ქ.№12-ში ზ.ჭ-სა და ს. ფ-ან, რა დროსაც მოვიდა კურიერი და შესთავაზა სასამართლო გზავნილი ჩაბარება. ქ. კ-ის მითითებით, იგი ნ. კ-ის ბიძაშვილი და ოჯახის წევრი არ არის, არამედ უბრალოდ მისი მოგვარეა, ნ. კ-ი ზემოხსენებულ მისამართზე არ ცხოვრობს, რაც მან კურიერსაც ამცნო, თუმცა ამ უკანასკნელმა სასამართლო გზავნილი მაინც დაუტოვა. აღნიშნული გზავნილი მას ადრესატისათვის არ გადაუცია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. კ-ის მითითებული განმარტება იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტის – უფლებამოსილი საფოსტო მუშაკის მიერ შედგენილი ხელწერილის საწინააღმდეგო სარწმუნო ინფორმაციას არ შეიცავს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, თავად ნ. კ-მა მის მიერ წარდგენილ სარჩელში საკუთარ მისამართად მიუთითა ქ.თბილისი, ძ.ზ-ის ქ.№12, შესაბამისად, ქ. კ-ის განმარტება, რომ ხსენებულ მისამართზე ცხოვრობს თავად და არა მოსარჩელე საფუძველს მოკლებულია. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული რაიმე მტკიცებულებით დადასტურებლი არ არის არც ის ფაქტი, რომ ქ. და ნ. კ-ი ოჯახის წევრები და ნათესავები არ არიან მაშინ, როდესაც ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს გააჩნდა საწინააღმდეგოს მიჩნევის სავსებით ლეგიტიმური ვარაუდი, კერძოდ:
აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
კანონის მოცემული დანაწესის მიზანია, საქმის განხილვის უსაფუძვლოდ გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად გაამარტივოს მხარისათვის სასამართლო საპროცესო დოკუმენტების ჩაბარების წესი, რა დროსაც უფლებამოსილი პირის მიერ მხარის მისამართზე გამოცხადებისას ადრესატის არყოფნის შემთხვევაში ხსენებული დოკუმენტები ჩააბაროს მისი ოჯახის სრულწლოვან, ქმედუნარიან წევრს. ასეთი პირი დაადასტურებს სასამართლო გზავნილისა თუ უწყების მიღების ფაქტს შესაბამის დოკუმენტზე ხელის მოწერით, რომელიც წარედგინება სასამართლოს. მართალია, ზემოხსენებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ოჯახის წევრის მიერ მიღებული დოკუმენტების მხარისათვის გადაცემის ვალდებულებას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი პირის მიერ მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკი თავად მხარეს ეკისრება.
ამდენად, თუ მხარის მიერ დასახელებულ მისამართზე სასამართლო კორესპოდენციის გაგზავნისას ადრესატი საცხოვრებელ ადგილას დროებით არ იმყოფება და ამავე მისამართზე მყოფი პირი უფლებამოსილ სასამართლო თუ საფოსტო კურიერს განუმარტავს, რომ არის მხარის ოჯახის ქმედუნარიანი წევრი, მით უმეტეს დასტურდება მხარისა და ასეთი პირის გვართა იდენტურობა, სასამართლო უფლებამოსილია ჩათვალოს, რომ სასამართლო გზავნილი ჩაბარდა მხარის ოჯახის წევრს, რაც თავად მხარისათვის გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევას უთანაბრდება. აღნიშნული ვარაუდის საწინააღმდეგო გარემოების არსებობის დადასტურება ევალება მხარეს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში ნ. კ-მა მითითებული მტკიცების ტვირთი ვერ განახორციელა.
საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს ა. ნ-ის არგუმენტსაც, რომ მას სააპელაციო საჩივრის ასლი სამტრედიის რაიონის სოფელ ნ-ი არასწორად გაეგზავნა, რადგან მხარე ფაქტობრივად ქ.თბილისში ცხოვრობს და მუშაობს. რაიონში კი ცხოვრობს მისი ასაკოვანი დედა. სასამართლო გზავნილი ჩაიბარა სწორედ მან, კ. ნ-ემ და 2013 წლის 25 იანვრამდე იგი შვილს ვერ გაუგზავნა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს მოსარჩელის ვალდებულებას, სწორად მიუთითოს საკუთარი ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი. აღნიშნული მოთხოვნის შესრულების გარეშე სასამართლო სარჩელს არ მიიღებს, რაც იმითაა განპირობებული, რომ სასამართლომ დაუბრკოლებლად შესძლოს მხარისათვის საჭირო საპროცესო დოკუმენტების ჩაბარება და საპროცესო მოქმედებების შესახებ შეტყობინება.
ამდენად, მხარე თავადაა პასუხისმგებელი იმ მისამართის სისწორეზე, რომელსაც სარჩელისა თუ სხვა საჩივრის შეტანისას უთითებს.
მოცემულ შემთხვევაში ა. ნ-ემ როგორც სარჩელში, ასევე სააპელაციო შესაგებელშიც საკუთარ მისამართად თავადვე მიუთითა სამტრედიის რაიონის სოფელი ნ-ი, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სასამართლო გზავნილი ხსენებულ მისამართზე სავსებით კანონიერად გააგზავნა და აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ დასაბუთებულ არგუმენტს არ წარმოადგენს ა.ნ-ის მითითება, რომ მის ინტერესებს იცავდა ადვოკატი ა. ზ-ი, რის გამოც მხარე ვარაუდობდა, რომ სასამართლო ყოველგვარ კორესპოდენციას გაუგზავნიდა მის წარმომადგენელს.
მითითებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ზემოთ განხილული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, ა. ნ-ის დედისათვის სააპელაციო საჩივრის ასლის ჩაბარება სააპელაციო პალატამ თავად მხარისათვის მის ჩაბარებად კანონიერად ჩათვალა.
რაც შეეხება ნ. კ-სა და ა. ნ-ის წარმომადგენლის – ა. ზ-ის სასამართლო გზავნილის ჩაბარებას, საკასაციო სასამართლო ეთანხება კერძო საჩივრის მითითებას, რომ ა. ზ-ს სასამართლოს სადავო უწყება და გზავნილი გაეგზავნა ქ.თბილისი, ვ-ას გამზირი №1/43-ის 313-ე ოთახში, ხოლო კურიერმა გზავნილი მიიტანა ვ-ას გამზირ №1/49-ის 3/3-ში, სადაც, არასწორი მისამართის გამო, ადრესატს გზავნილი ვერ ჩაბარდებოდა.
აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ზ-ის სააპელაციო საჩივრის ასლის ხელმეორედ გაგზავნის ვალდებულება სააპელაციო პალატას არ გააჩნდა, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. შესაბამისად, კანონმდებლის ნება მიმართულია იმისაკენ, რომ საპროცესო დოკუმენტი ჩაბარდეს ან მხარეს ან მის წარმომადგენელს, ერთ-ერთისათვის მისი ჩაბარება სრულიად საკმარისია და დამატებით გაგზავნის ვალდებულებას არ წარმოშობს.
როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელეთა წარმომადგენელ ამირან ზენაიშვილის გარდა, სააპელაციო სასამართლომ გზავნილები გაუგზავნა და ჩააბარა თავად მხარეებსაც.
ასევე დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის პრეტენზია სააპელაციო შესაგებლის წარდგენის ვადის სიმცირესთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ მითითებული 5-დღიანი ვადა მოცემული დავის სირთულესთან მიმართებით სავსებით გონივრულია და მისი მეტად გაზრდა საქმის განხილვის გაჭიანურებას გამოიწვევდა.
ნიშანდობლივია 2013 წლის 29 იანვარს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილ სააპელაციო შესაგებელში ნ. კ-სა და ა. ნ-ის განმარტება, რომ მათ სადავო სააპელაციო საჩივრის ასლი 2013 წლის 25 იანვარს ჩაბარდათ, თუმცა მხარეებს შესაგებლის წარდგენის ვადის განმავლობაში სასამართლოსათვის არ მიუმართავთ და აღნიშნული ვადის გაგრძელება არ მოუთხოვიათ. ამდენად, მათ კანონით მინიჭებული საპროცესო ვადის გაგრძელების უფლება არასაპატიოდ დაკარგეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი წანამძღვრები არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. კ-სა და ა. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე