საქმე №ას-380-361-2013 3 ივნისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ო. ტ-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ხ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, გარიგებიდან გასვლა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ხ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ო. ტ-ას“ მიმართ და მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი 2011 წლის 19 ოქტომბერს მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, გაუქმდეს მხარეთა შორის არსებული 2007 წლის 6 სექტემბრის წინასწარი ხელშეკრულება საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის შესახებ და დაეკისროს მოპასუხე შპს „ო. ტ-ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ 24 806 აშშ დოლარის გადახდა და ზიანის – 2008 წლის 31 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 236 აშშ დოლარის ანაზღაურება, ასევე 2011 წლის 1 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 45 აშშ დოლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით:
2007 წლის 6 სექტემბერს მხარეთა შორის დაიდო წინასწარი ხელშეკრულება ბინის ნასყიდობის შესახებ, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს მოპასუხის მიერ 2009 წლის 31 ოქტომბრამდე აშენებული ბინის სანაცვლოდ უნდა გადაეხადა 39029 აშშ დოლარი. მ.ხ-ემ ვალდებულება შეასრულა, თუმცა ბინის მშენებლობა არა მარტო დათქმულ დროს, არამედ სარჩელის აღძვრამდეც არ დასრულებულა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და ბინის გადაცემის ვადა 2012 წლის 30 სექტემბრამდე გაგრძელდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სასარჩელო მოთხოვნას 2011 წლის 19 ოქტომბრის ხელშეკრულებაში ცვლილებების და დამატებების შესახებ შეთანხმების ბათილად ცნობის შესახებ ეთქვა უარი, შპს „ო. ტ-ას“ მოსარჩელე მ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 24 806 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ზიანის – 5 664 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 2012 წლის 22 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 45 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შპს „ო. ტ-ამ“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად და აპელანტს დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინებით აპელანტ შპს „ო. ტ-ას“ დაევალა, დაეზუსტებინა, რა ოდენობის ზიანის დაკისრების ნაწილში ასაჩივრებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას და წარმოედგინა დაზუსტებული მოთხოვნის 4%-ის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, მის მიერ უკვე გადახდილი 375.7 ლარის გამოკლებით. მასვე დაევალა განემარტა, ეთანხმებოდა თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში მოყვანილ სამართლებრივ დასაბუთებას და შეფასებებს.
საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 თებერვლის განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2013 წლის 19 თებერვალს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს განჩინება 2013 წლის 19 თებერვალს ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილისა და 61-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 20 თებერვალს და ამოიწურა 2013 წლის 25 თებერვალს.
საქმის მასალებით პალატამ დაადგინა, რომ აპელანტს ხარვეზი დადგენილ ვადაში არ შეუვსია, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ო. ტ-ამ“ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
შპს „ო. ტ-ას“ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ კანონის დაცვით არ ჩაბარებია. საზოგადოების კანონიერი წარმომადგენელი არის მისი დირექტორი, რომელსაც არ გაუცია შესაბამისი მინდობლობა იმ პირისათვის, ვინც სასამართლოს განჩინება ჩაიბარა.
კერძო საჩივარზე დართული შპს „ა-ის“ დირექტორის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ აღნიშნული პირი – ფ. ს-ე მუშაობს კომპანიაში მომხმარებელთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 74-ე მუხლების თანახმად, მხარის მისამართზე მისი ან მისი წარმომადგენლის არყოფნისას სასამართლომ გზავნილი შეიძლება ჩააბაროს ორგანიზაციის ადმინისტრაციას, კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში კი გზავნილის მიმღები ასეთი ქვედანაყოფის მუშაკს არ წარმოადგენს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ო. ტ-ას“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ შპს „ო. ტ-ას“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო. სასამართლომ თავისი განჩინებით ხარვეზის გამოსასწორებლად მხარისათვის მიცემული ვადა აითვალა შპს „ო. ტ-ის“ განკუთვნილი გზავნილის საზოგადოების მართვის მენეჯერ ფიქრია სეთურიძისათვის ჩაბარების მომენტიდან.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 73-ე, 74-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ ხსენებული პირისათვის სასამართლო განჩინების ჩაბარება თავად აპელანტისათვის მიერ მის მიღებად უნდა ჩაითვალოს.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ სასამართლო განჩინება კანონის მოთხოვნათა დაცვით არ ჩაბარებია, ვინაიდან სასამართლო გზავნილის მიმღები ფიქრია სეთურიძე არ არის შპს „ო. ტ-ას“ დირექტორის მიერ გაცემული წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი და არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულის მუშაკი.
საკასაციო სასამართლო სავსებით ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას შპს „ო. ტ-ას“ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად მხარისათვის მიცემული ვადის ათვლისას კანონი არ დაურღვევია, კერძოდ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით რეგლამენტირებულია ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყების ჩაბარების წესი, კერძოდ, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, აცნობოს მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედებების განხორციელების თაობაზე, რისთვისაც მხარის მიერ მითითებულ მისამართზე უგზავნის უწყებასა თუ გზავნილს. საპროცესო დოკუმენტები მხარეს შეიძლება ჩაბარდეს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. თუ მხარე ორგანიზაციაა, მას სასამართლოს მიერ გაგზავნილი მასალები უნდა ჩაბარდეს კორესპონდენციის მიმღები ქვედანაყოფის მეშვეობით, როგორიცაა კანცელარია. თუმცა შესაძლოა, ყველა ორგანიზაციას კანცელარია არ გააჩნდეს და კორესპონდენციას იღებდეს სხვა სტრუქტურული ერთეული ან თუნდაც ფიზიკური პირი, რომელიც შესაბამისი უფლებამოსილებით არის აღჭურვილი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2013 წლის 1 თებერვლის განჩინება სააპელაციო სასამართლომ გაუგზავნა მხარეს _ შპს „ო. ტ-ას“ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, რაც კანონშესაბამისია საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე.
მხარისათვის გაგზავნილი განჩინება ჩაბარდა ფ. ს-ეს, რომელიც, როგორც ფოსტის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი აქტიდან ირკვევა, წარმოადგენს საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვის მენეჯერს. მართალია კერძო საჩივრის ავტორი არ უარყოფს ფიქრია სეთურიძის ამგვარ სტატუსს, თუმცა სურს იმის დამტკიცება, რომ იგი არ იყო გზავნილის ჩაბარებაზე საამისოდ უფლებამოსილი პირი.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით, ფ. ს-ეს არაერთხელ ჩაბარდა სასამართლოს სხვა გზავნილებიც, რაც ქმნის ფაქტობრივი პრეზუმციის საფუძველს, რომ იგი წარმოადგენს სწორედ შპს „ო. ტ-ას“ უფლებამოსილ პირს გზავილის ჩაბარებაზე. მაგალითად: პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებელზე ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ჩაბარდა ფ.ს-ეს (ტ.I, ს.ფ.79). იმავე პირს ჩაბარდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინება (ტ.II, ს.ფ.21). ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კერძო საჩივრის ავტორს არ დაუდასტურებია საზოგადოების სტრუქტურაში კანცელარიის ან მსგავსი ფუნქციის ქვედანაყოფის ან პირის არსებობა, რომლისთვისაც შესაძლებელი გახდებოდა სასამართლო გზავნილის ჩაბარება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია მტკიცების ტვირთის სტანდარტი, კერძოდ, 102-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებილებები, რაც მისთვის სასარგებლო გარემოებას დაადასტურებდა.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სრულიად დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ სადავო სასამართლო გზავნილი არ ჩაბარებია არც საზოგადოების დირექტორს და არც მის მიერ გაცემული მინდობილობით უფლებამოსილ წარმომადგენელს. როგორც უკვე განიმარტა, მოქმედი კანონმდებლობა ორგანიზაციისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარებას დასაშვებად მიიჩნევს არა მხოლოდ დირექტორის ან სხვა წარმომადგენლის, არამედ სხვა უფლებამოსილი პირის მეშვეობითაც.
ამდენად, შპს „ო. ტ-ის“ სასამართლო გზავნილის ჩაბარების კანონიერებაზე გავლენას ვერ მოახდეს ვერც კერძო საჩივარზე დართული ცნობა, რომლითაც თ. ა-ე, როგორც შპს „ა-ის“ დირექტორი ადასტურებს, რომ ფ. ს-ე მუშაობს კომპანიაში მომხმარებელთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რომლის თანახმადაც, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინებით მხარის მიმართ დამდგარი სამართლებრივი შედეგი სრულად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ო. ტ-ას“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე