საქმე №ას-450-426-2013 10 ივნისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს „პ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ზ. კ-“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ზ. კ-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „პ-ის“ მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების – 74399,24 ლარის შესრულების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:
2011 წლის 29 აპრილს შპს „ზ. კ-სა“ და სს „პ-ს“ შორის გაფორმდა მიწოდების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს უნდა მიეწოდებინა პროდუქცია მოპასუხისათვის „პ-ის“ მაღაზიათა ქსელში რეალიზაციის მიზნით, ხოლო მოპასუხე ვალდებული იყო, გადაეხადა მიღებული პროდუქციის საფასური ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მოსარჩელემ ხელშეკრულების პირობები შეასრულა, თუმცა მოპასუხეს თანხა არ გადაუხდია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს სადავო დავალიანების არსებობას, რადგან სარჩელის დასასაბუთებლად მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტი არ იყო შედგენილი სათანადო წესით. სს „პ-ის“ მხრიდან მას ხელს აწერდა მსგავსი დოკუმენტის წარმოებაზე არაუფლებამოსილი პირი, კომპანიის ბუღალტერი. აღნიშნული დოკუმენტის შედგენაზე უფლებამოსილია დირექტორი, რომელიც წარმოადგენს კომპანიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ზ. კ-ის“ სარჩელი სს „პ-ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, სს „პ-ს“ შპს „ზ. კ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 74 399.24 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატის 2013 წლის 18 მარტის განჩინებით სს „პ-ის“ სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 2975.90 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანის წარმოდგენა. ხარვეზის შესავსებად აპელანტს განესაზღვრა ხუთი დღე და განემარტა ამ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები.
სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2013 წლის 25 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა, რომელმაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე, იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ. განმცხადებლის განმარტებით, 2012-2013 წლებში სს „პ-ი“ აღმოჩნდა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, კომპანიაში მესამედ შეიცვალა მენეჯმენტი. ბოლო ცვლილება განხორციელდა 2013 წლის 22 თებერვალს. კომპანიის მიმართ სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში მიმდინარეობს 40-მდე დავა და დაყადაღებულია მისი საბანკო ანგარიშები საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 48-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე უსაფუძვლოა, რადგან განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის კანონით განსაზღვრული საფუძვლები არ არსებობს. აპელანტს არ წარმოუდგენია მითითებული ნორმით გათვალისწინებული ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. რაც შეეხება განცხადებაზე დართულ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 მარტის განჩინებას, რომლითაც შპს „ა. პ. კ-ის“ დირექტორ გ. ხ-ას განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო სს „პ-ის“ ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს საქართველოში მოქმედ ბანკებში 276 167 აშშ დოლარის ფარგლებში, მხოლოდ აღნიშნული დოკუმენტი სასამართლომ სს „პ-ის“ ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად არ ჩათვალა, რადგან იგი ადასტურებს კონკრეტული თანხის ფარგლებში აპელანტის საბანკო ანგარიშებზე არსებულ შეზღუდვებს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობები.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსება ვერ შეძლო, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტა, რომ უფლებამოსილი არ არის, თავისი ინიციატივით გააგრძელოს ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადა, რადგან საჩივრის ავტორს სასამართლოსთვის ასეთი შუამდგომლობით არ მიუმართავს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სს „პ-მა“ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სს „პ-ის“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ სს „პ-ის“ ანგარიშებს 276 167 აშშ დოლარის ოდენობით ადევს ყადაღა. გარდა ამისა, სს „პ-ის“ საერთო ანგარიშები ჯამში დაყადაღებულია 800 000 ლარის ოდენობით, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით სამეწარმეო რეესტრიდან.
ამდენად, სს „პ-ი“ მოკლებულია შესაძლებლობას, განახორციელოს საბანკო გადარიცხვა და გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარი უკანონოდ დარჩა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „პ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ სს „პ-ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის – სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და 2013 წლის 18 მარტის განჩინებით აპელანტს სახელმწიფო ბაჟის სახით 2975,90 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად განუსაზღვრა 5-დღიანი ვადა. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის მიერ შედგენილი აქტით ტელეფონით სასამართლო შეტყობინების ჩაბარების შესახებ დასტურდება და არც მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ 2013 წლის 18 მარტის განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე ამავე რიცხვში ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელ ი. ჟ-ს (ს.ფ. 143), რომელიც აღჭურვილი იყო მხარის სახელით შესაბამისი საპროცესო მოქმედებების შესრულების უფლებამოსილებით (ს.ფ. 43-44).
2013 წლის 25 მარტს სს „პ-ის“ წარმომადგენელმა ი. ჟ-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას და მოითხოვა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. მხარის განმარტებით, 2012-2013 წლებში სს „პ-ი“ აღმოჩნდა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, კომპანიაში მესამედ შეიცვალა მენეჯმენტი. ბოლო ცვლილება განხორციელდა 2013 წლის 22 თებერვალს. კომპანიის მიმართ სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში მიმდინარეობს 40-მდე დავა და დაყადაღებულია მისი საბანკო ანგარიშები საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში.
საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინებას სს „პ-ის“ ზემოხსენებულ შუამდგომლობაზე უარის თქმასა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით და თვლის, რომ მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში სს „პ-ს“ სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
წარმოდგენილი კერძო საჩივარი ეფუძნება მოსაზრებას, რომ სასამართლოს სს „პ-ის“ სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა გადაევადებინა, რის დასასაბუთებლად აპელანტმა წარადგინა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 მარტის განჩინება. აღნიშნული განჩინებით დადგინდა, რომ შპს „ა. პ. კ-ის“ დირექტორ გ. ხ-ას განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და სს „პ-ის“ ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს საქართველოს ლიცენზირებულ (მოქმედ) ბანკებში – 276167 აშშ დოლარის ფარგლებში დაედო ყადაღა. მხარემ ასევე მიუთითა, რომ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სს „პ-ის“ საერთო ანგარიშები ჯამში დაყადაღებულია 800 000 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტს თავისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე სათანადოდ არ დაუსაბუთებია, რადგან წარმოდგენილი განჩინებიდან არ ირკვევა, რომ სს „პ-ს“ დაყადაღებული თანხების გარდა სხვა ფულადი სახსრები, ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის სხვა საშუალებები არ გააჩნდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება კანონის ზემოხსენებული დანაწესის გამოყენებისა და მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობას არ წარმოადგენს, რის გამოც სააპელაციო პალატამ სს „პ-ს“ სახელმწიფო ბაჟის გადახდა სავსებით სწორად არ გადაუვადა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილთან დაკავშირებით, რომ აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის გადავადებაზე უარის თქმის შემდეგ ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადის გაგრძელების შესაძლებლობა სააპელაციო პალატას არ გააჩნდა, რადგან აღნიშნულის შესახებ მხარეს არ უშუამდგომლია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც სს „პ-ს“ უარი უნდა ეთქვას კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს „პ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე