№ას-469-445-2013 10 ივნისი, 2013 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ს. ლ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი. ბ-ა (მოსარჩელე)
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო - წარმომადგენელი ბ. ხ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ბ-ამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ს. ლ-ას მიმართ სარჩელი აღძრა არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ი. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ... წლის ... იანვარს დაბადებული ს. ლ-ას საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის, ი. ბ-ას, საცხოვრებელი ადგილი.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აპრილის განჩინებით ს. ლ-ას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებაზე განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარი შეტანილი იყო კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.
აღნიშნული განჩინება ს. ლ-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლოს ვადა გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან უნდა აეთვალა, ვინაიდან იგი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 24-ე დღეს გამოცხადდა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ განუმარტეს, რომ გადაწყვეტილება ჯერ დაწერილი არ იყო და სხვა დროისათვის მოსვლა ურჩიეს. ეს გარემოება დასტურდება მოქალაქეთა მისაღების მიერ გაცემული სარეგისტრაციო ბარათით. ამის შემდეგ მან მინდობილობა გაუფორმა ძმას, რომელიც სხვადასხვა დროს 4-ჯერ იყო სასამართლოში მისული, მაგრამ ყოველ მისვლაზე ეუბნებოდნენ, რომ გადაწყვეტილება ჯერ მზად არ იყო. საბოლოოდ, გადაწყვეტილება ჩაბარდათ გამოცხადებიდან 34-ე დღეს. სწორედ ამ თარიღიდან უნდა აითვალოს გასაჩივრების ვადა, ვინაიდან მხარეს არ დაურღვევია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის დანაწესი და გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოს მიზეზით ვერ ჩაიბარა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ ს. ლ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ იგი კანონით დადგენილ ვადაში გამოცხადდა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, მაგრამ დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლოს მიზეზით ვერ ჩაიბარა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2013 წლის 29 იანვარს, სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა, რომელსაც ს. ლ-ა ესწრებოდა, შესაბამისად, იგი ვალდებული იყო 2013 წლის 18 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით გამოცხადებულიყო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად.
სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ იგი 22 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად გამოცხადდა, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება კი, საქმეში არ მოიპოვება.
საქმეში არსებული ხელწერილის მიხედვით (ს.ფ. 143), გადაწყვეტილება ს. ლ-ას წარმომადგენელმა კ. ლ-ამ 2013 წლის 4 მარტს, ანუ გამოცხადებიდან 34-ე დღეს ჩაიბარა. იმის დამდასტურებელი მტკიცებულება, რომ კ. ლ-ა ან პირადად ს. ლ-ა მანამდე გამოცხადდნენ სასამართლოში და გადაწყვეტილება ვერ ჩაიბარეს, საქმეში წარმოდგენილი არ არის. საკასაციო სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს ს. ლ-ას მიერ წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მისაღების N180303 სარეგისტრაციო ბარათს (ს.ფ. 189), ვინაიდან აღნიშნული ბარათით არ დასტურდება, რომ 2013 წლის 22 თებერვალს ს. ლ-ა გამოცხადდა სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად.
ვინაიდან მოპასუხეს დასაბუთებული გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა არ ჩაუბარებია, სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის დენა გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ანუ 2013 წლის 28 თებერვალს დაიწყო და 13 მარტს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარზე დართული კონვერტით კი დასტურდება, რომ დოკუმენტები ფოსტას 2013 წლის 14 მარტს ჩაბარდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერი, დასაბუთებულია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ლ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აპრილის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
თ. თოდრია