№ას-476-452-2013 17 ივნისი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები – ა. ჩ-ა, ნ. თ-ე, ა. გ-ე, მ. გ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. გ-ის სარჩელი მოპასუხეების: ა. ჩ-ას, ნ. თ-ის, ა. გ-სა და მ. გ-ის მიმართ სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მარტის განჩინებით ნ. გ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ამავე განჩინებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად მის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
ზემომითითებულ განჩინებაზე ნ. გ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი.
კერძო საჩივრის მოტივები:
სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა წარმოადგენს აღიარებით სარჩელს და შესაბამისად – არაქონებრივ დავას. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი უნდა განისაზღვროს არაქონებრივი დავის მსგავსად. პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მოცემული არგუმენტი. ამიტომაც, მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოში საქმის წარმოებისას გადაიხადა 150 ლარი (არაქონებრივ დავაზე კანონით დადგენილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა) და შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო;
სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 დეკემბრის განჩინებით აპელანტს არასწორად დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 3288 აშშ დოლარის გადახდა სხვა მიზეზითაც, აღნიშნული თანხის ეკვივალენტი ლარში შეადგენს 5500 ლარს, მაშინ როდესაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური პირისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ხარვეზი, რის გამოც მისი გამოუსწორებლობის საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება გაუმართლებელია.
სააპელაციო სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟის არასწორად განსაზღვრამ გამოიწვია აპელანტის უფლების შეზღუდვა, მას წაერთვა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა. აღნიშნული ქმედებით დაირღვა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 და მე-9 მუხლების მოთხოვნები, რომლებიც შეეხებიან სამართლიან სასამართლოსა და ეფექტური დაცვის უფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 დეკემბრის განჩინებით აპელანტ ნ. გ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 3288 აშშ დოლარის ოდენობით (იხ, ს.ფ. 157-159).
2013 წლის 25 იანვარს აპელანტმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ განსახილველი სარჩელი განეკუთვნებოდა არაქონებრივ დავათა კატეგორიას, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს აპელანტისათვის უნდა მოეთხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 ლარის ოდენობით. განმცხადებელის განმარტებით, ხარვეზის განჩინება არაკანონიერი იყო იმის გამოც, რომ სასამართლომ მას არასწორად მოთხოვა 3288 აშშ დოლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ვინაიდან ამ თანხის შესაბამისი ექვივალენტი ლარებში შეადგენს 5500 ლარს, მაშინ როცა სააპელაციო სასამართლოში ფიზიკური პირისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს (ს.ფ. 162-163).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით აპელანტ ნ. გ-ეს 5 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 5000 ლარისა (ს.ფ. 164-165).
2013 წლის 5 მარტს აპელანტმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 5 დღით (ს.ფ. 167).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მარტის განჩინებით ნ. გ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ამავე განჩინებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო (ს.ფ. 168-171).
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა წარმოადგენს აღიარებით სარჩელს და, შესაბამისად – არაქონებრივ დავას, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს მისთვის უნდა მოეთხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მსჯელობას და განმარტავს, რომ ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე, ან უფლებებზე. საპროცესო მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს ქონებრივ-სამართლებრივად იმ შემთხვევებში, როცა მას საფუძვლად ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სარჩელი იქნა სასამართლოში წარდგენილი (აღიარებითი, მიკუთვნებითი თუ სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისკენ მიმართული). ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა არის ყველა ის ურთიერთობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფულადი თანხით, ან ფულადი ღირებულების მქონე საგნების შენარჩუნება. არაქონებრივ-სამართლებრივი დავების გამიჯვნა ქონებრივ-სამართლებრივი დავებისაგან ხდება გამორიცხვის მეთოდით და მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ქონებრივ-სამართლებრივ დავას არ წარმოადგენს. არაქონებრივ-სამართლებრივია ყველა დავა, როდესაც საქმე ეხება მხოლოდ პირად ან მის სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ უფლებებს ყოველგვარი ეკონომიკური სარჩულის გარეშე. მოცემული განმარტება შესაბამისობაშია მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკასთან (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: #ას-1384-1306-2012-მხეიძე; #1155-1032-2010-ჩიხლაძე).
მოცემულ შემთხვევაში აპელანტი სააპელაციო საჩივრით ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი 2011 წლის 27 ივნისს მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის დადებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხეებს სესხის სახით გადაეცათ 82200 აშშ დოლარი, ხოლო, კრედიტორთა მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით დაგირავდა ნ. გ-ის კუთვნილი 50%-იანი წილი შპს „გ-ი“. აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის (აპელანტის) იურიდიული ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ზემოხსენებულ ხელშეკრულებებს შესაბამისი იურიდიული შედეგები არ მოჰყვეს, კერძოდ, კრედიტორთა მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით არ მოხდეს აპელანტის დაგირავებული ქონების რეალიზაცია. ამდენად, განსახილველი დავის მიმართ აპელანტის ქონებრივი ინტერესი სახეზეა და, შესაბამისად, დავა ქონებრივ-სამართლებრივი ხასიათისაა.
დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ აპელანტს არასწორად მოთხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5000 ლარზე მეტი ოდენობით. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, მართალია ხარვეზის განჩინებით სასამართლომ აპელანტს მოთხოვა 3288 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, მაგრამ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებაში სასამართლომ დააზუსტა, რომ აპელანტს უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 5000 ლარისა. ამდენად, საბოლოოდ სასამართლომ აპელანტს სწორად განუსაზღვრა გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მისი სააპელაციო საჩივარი.
დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 და მე-9 მუხლებით აპელირება, ვინაიდან კანონი აწესებს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი არ იქნება შევსებული. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ კანონით გათვალიწინებული მოთხოვნის შესრულება არ შეიძლება განხილულ იქნეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე