№ას-548-521-2013 27 ივნისი, 2013 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ს-ო“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ. მ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. მ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ს-ოს“ მიმართ ხელშეკრულებიდან გასვლისა და თანხის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „ს-ოს“ გ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 18 460 აშშ დოლარისა და 330 ლარის გადახდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 აპრილის განჩინებით შპს „ს-ოს“ სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, განუხილველად დარჩა.
აღნიშნული განჩინება შპს „ს-ომ“ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა მიეცა მისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. შპს „ს-ომ“ მოითხოვა ვადა საჩივარში დაშვებული ხარვეზის გამოსასწორებლად, სააპელაციო სასამართლომ კი, მიიღო განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს-ოს“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს შპს „ს-ოს“ საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. იმავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 მარტის განჩინებით შპს „ს-ოს“ ხარვეზი დაუდგინდა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. განჩინება აპელანტს 2013 წლის 20 მარტს ჩაბარდა (ს.ფ. 129). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის ათვლა 2013 წლის 21 მარტიდან დაიწყო და 27 მარტს ამოიწურა. აპელანტს ხარვეზი ამ ვადაში არ გამოუსწორებია.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სასამართლოს ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა უნდა გაეგრძელებინა. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილი სპეციალური ნორმაა, რომელიც სააპელაციო ინსტანციისათვის საგანგებო ქცევის წესს ადგენს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ ვადას მხოლოდ მხარეთა თხოვნის საფუძველზე გააგრძელებს და არა საკუთარი ინიციატივით. საქმეში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ შპს „ს-ომ“ ხარვეზის განჩინების ჩაბარების შემდეგ სასამართლოს საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართა, ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
ვინაიდან აპელანტმა ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორა, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ს-ოს“ კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს-ოს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 აპრილის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე