Facebook Twitter

საქმე №ას-618-588-2013 25 ივნისი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ჭ-ა (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები: გ. დ-ე, აღსრულების ეროვნული ბიურო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ქონების ყადაღისგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ჭ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. დ-ის, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ ავტომანქანა „უაზ 3160“ სახელმწიფო №...-ის ყადაღისგან გათავისუფლების მოთხოვნით (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 იანვრისა და 2013 წლის 13 მარტის სასამართლო სხდომის ოქმები, ასევე, დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა).

გ. დ-ემ სარჩელი ცნო, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახური არ დაეთანხმა ნ.ჭ-ას მოთხოვნას და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ყადაღისაგან გათავისუფლდა გ. დ-ის სახელზე რიცხული ავტომანქანა „უაზ 3160“ სახელმწიფო №....

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მაისის საოქმო განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით:

პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ 2013 წლის 7 მაისს, 16:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ აპელანტ სსიპ შემოსავლების სამსახურს გაეგზავნა უწყება 2013 წლის 17 აპრილს და 2013 წლის 18 აპრილს ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელ ე.ხ-ას, რაც დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი შეტყობინებით სასამართლო წერილობითი კორესპონდენციის ჩაბარების თაობაზე, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, უწყების უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებად განიხილებოდა, შესაბამისად, საფუძვლიანად იქნა მიჩნეული მოწინააღმდეგე მხარის - ნ. ჭ-ას შუამდგომლობა სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მისი გაუქმება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევითაა მიღებული, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლით განსაზღვრულია სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგები, ნორმის პირველი ნაწილით განსაზღვრულია აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც უარი ეთქმევა სააპელაციო საჩივარს დაკმაყოფილებაზე, მე-2 ნაწილით ასევე შესაძლებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის პირობებში, ხოლო ამავე ნორმის მე-3 ნაწილი მიუთითებს მხარის გამოუცხადებლობის სხვა შემთხვევისათვის პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის მარეგულირებელი ნორმის გამოყენებაზე. კერძო საჩივრის ავტორმა ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 229-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს მხოლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას და ისიც იმ პირობებში, როდესაც აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე სწორედ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას მოითხოვს, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ განჩინება საპროცესო კანონმდებლობის იმპერატიული ნორმების დარღვევით მიიღო რაც მისი გაუქმების საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის განჩინებით „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ და „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახური სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. ამავე განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგინდა კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 აპრილის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2013 წლის 7 მაისს, 16:00 საათზე.

სასამართლო სხდომის თაობაზე შეტყობინება გაეგზავნათ მხარეებს, მათ შორის აპელანტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

საქმეში წარმოდგენილი კორესპოდენციის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებით ირკვევა, რომ სასამართლო სხდომის თაობაზე შეტყობინება სსიპ შემოსავლების სამსახურს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ჩაბარდა 2013 წლის 18 აპრილს, კერძოდ, კორესპოდენცია ჩაიბარა ორგანიზაციის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ე.ხ-ამ. აღნიშნული მტკიცებულების წინააღმდეგ სსიპ შემოსავლების სამსახურს პრეტენზია არ გამოუთქვამს.

უდავოა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 მაისის სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო სხდომის ელექტრონული ჩანაწერის შესწავლით დასტურდება, რომ სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ - ნ.ჭ-ამ, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 16:18:36).

განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ სასამართლომ დაარღვია კანონი, რაც გამოიხატა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებაში, სსიპ შემოსავლების სამსახურის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი და 229-ე მუხლის პირველი ნაწილი, მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის პირობებში მხოლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას ითვალისწინებს.

საკასაციო პალატა სავსებით უმართებულოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის ამ მოსაზრებას და თვლის, რომ ის კანონის სწორად განმარტებიდან არ გამომდინარეობს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები წარმოადგენს სააპელაციო წესით საქმის განხილვისას მხარის გამოუცხადებლობის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმებს, კერძოდ, პირველი ნაწილით რეგულირებულია აპელანტის, ხოლო მე-2 ნაწილით მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობა, თუმცა ნორმის ზემოაღნიშნული დანაწესები მოქმედებს კანონმდებლის იმ იმპერატიული ნების პირობებში, როდესაც გამოცხადებული მხარე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

აღნიშნული რეგულაცია შინაარსობრივად საკმაოდ ფართოა და კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრების საწინააღმდეგოდ, მოიაზრებს ასევე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სულ შესაძლებლობას, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწერებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავი, რომელსაც კანონმდებელი მთლიანად „დაუსწრებელ გადაწყვეტილებად“ მოიხსენიებს, 229-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი, განსაზღვრავს შემდეგი ქცევის წესს: თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. მოსარჩელის განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნორმის აღნიშნული დანაწესის გამოყენება, როგორც ზოგადად პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპისათვის განპირობებულია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუნდამენტური პრინციპით - დისპოზიციურობის პრინციპით, რომელიც თითოეული ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას თანაბრად მოქმედებს, შესაბამისად, სასამართლოსათვის მბოჭავ გარემოებას წარმოადგენს მხარის ნება, რომლის მართლზომიერების ფარგლებშიც მიიღება გადაწყვეტილება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ მართებულად დატოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი განუხილველად, ხოლო ამ უკანასკნელს არ წარმოუდგენია დასაშვები პრეტენზია, რაც განჩინების გაუქმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ და „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახური სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე